თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა

თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლოლიტა ციცხვაია

"დღეს, ჩვენ ქვეყანაში, ულტრათანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარე ინტენსიური აღმშენებლობის ეპოქაში, შეიძლება მეხსიერების მიღმა დაგვრჩეს ძალზე მნიშვნელოვანი, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომლითაც მდიდარია საქართველოს ქალაქები, და განსაკუთრებით დედაქალაქი. ამიტომ, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო  ჩვენ ერთგულ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურის და შესაბამისად, ისტორიის არცთუისე შორეული წარსული, რომელიც გარკვეულწილად განსაზღვრავს თანამედროვე ქართველი არქიტექტორების გემოვნებას, არქიტექტურულ-კონსტრუქციულ, მხატვრულ-დეკორეტიულ კონცეფციებს, ან უფრო მეტიც, ინსპირაციის წყაროა.   

Property Georgia

ვფიქრობ, არავინ მიწყენს, თუ ჩვენ მოკლე იტორიულ-ურბანულ ექსკურსს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობით დავიწყებთ, არა იმიტომ, რომ აკადემია კავკასიის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, არამედ იმ მიზეზით, რომ 2015 წლიდან აკადემიის შენობაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (დასრულდება 2018 წ.), რაც არის ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ სხვა ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებსაც ეშველებათ.

Property Georgia

თავდაპირველად აკადემია  წარმოადგენდა სასახლეს, რომელიც არქიტექტორ გრიგორი ივანოვის მიერ 1856 წელს შედგენილი პროექტის  ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით აშენდა დღევანდელი ალ. გრიბოედოვის ქუჩაზე (№22).  სასახლეს საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ერთი უბრალო „პიროვნულად არაფრით საინტერესო“ სომეხი ვაჭრის, ვახტანგ არშაკუნის აკვიატებული ოცნების ხორცშესხმას უკავშირდება. თევზის სარეწების მოურავი „მოხსენიების ღირსიც არ გახდებოდა“, რომ არა ერთი გენიალური ჩანაფიქრი, რომლის სისრულეში მოყვანა წლების განმავლობაში დაგროვილი ქონებით მოახერხა (ვკითხულობთ კავკასიის მთავარმმართებლის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრის ა. ფადეევის „მოგონებებში“/1891წ./). არშაკუნმა გადაწყვიტა აეშენებინა ოცნების სახლი, ზღაპრული სასახლე, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ორი დარბაზი - ბროლის და სარკის /ბროლის კედლები, სარკეებიანი ჭერი, მარგალიტის შადრევნები/. მშენებლობის დასრულების აღნიშვნას უჩვეულოდ პომპეზური მეჯლისით აპირებდა /სამწუხაროდ, არ დასცალდა. მეჯლისამდე რამდენიმე დღით ადრე ყელის კიბოთი გარდაიცვალა/

Property Georgia

წარმოუდგენლად დიდი თანხა დახარჯა საოცნებო სახლის ასაშენებლად არშაკუნმა. მშენებლობა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. ყოველი მხრიდან, სპარსეთიდანაც კი იწვევდნენ ოსტატებს, მხატვრებს, მეჩუქურთმეებს, მომვარაყებლებს.

Property Georgia

Property Georgia

აღნიშნულ  საქმეში უცნაური ის იყო, რომ არშაკუნი ამ წარმოუდგენლად მდიდრულ სასახლეში ცხოვრებას იმთავითვე არ აპირებდა, მიუჩვეველი იყო. უბრალო ვაჭარს, ერთი მხრივ, სურდა თავისი, სავარაუდოდ, ბავშვობის ოცნებისთვის ხორცი შეესხა, და მეორე მხრივ, დაფნის გვირგვინი დაედგა: სრულიად არისტოკრატიული საზოგადოება არნახული მეჯლისით გაეოცებინა. და დასასრული კიდევ უფრო მოულოდნელი...არშაკუნი ამ საოცარი ქმნილების გაჩუქებას აპირებდა...

Property Georgia

ვ. არშაკუნის გარდაცვალების შემდეგ, 1869-1889 წლებში ამ  სასახლეში  თბილისის საარტისტო საზოგადოება იყო მოთავსებული, ე.წ. საარტისტო წრე თავისი სასტუმროთი, თეატრით, საცეკვაო დარბაზებით, საბილიარდოებითა და ბიბლიოთეკით.. ერთხანს უპატრონოდ მიტოვებული სახლი თურმე ინგრეოდა, მაგრამ გადარჩა...შენობამ გააგრძელა არსებობა... 1902 წელს შენობის მარცხენა ნაწილი ქობულაშვილებმა შეიძინეს და სვიმონ კლდიაშვილის პროექტით გადაკეთდა - სამსართულიანი მკაცრი ფასადი ბაროკული ელემენტებით შეიმკო, ულამაზესი თბილისური ხის დახურული შეკიდული აივნებით დამშვენდა.

Property Georgia

აკადემიის შენობა  უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მის საერთო კომპოზიციურ გადაწყვეტაში თანაარსებობს ევროპული (კლასიცისტურ-ბაროკული) და აღმოსავლური (ისლამური) არქიტექტურის ელემენტები. განსაკუთრებულ ინტერესს და აღფრთოვანებას იწვევს სარკეებიანი დარბაზები, რომლებიც მკაცრი კლასიცისტური ფასადების მიღმა იმალება. სარკეებიანი დარბაზები ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერაა შესრულებული და გვიანირანული სასახლეების ინტერიერების გაფორმებისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა დამუშავებული - სტუკოს ორნამენტები სარკეების ფონზე, მოხატულობა აღმოსავლეთში გავრცელებული ყვავილოვანი მოტივებით, სპარსულ წარწერებიანი მედალიონები , სტალაქტიტური ფრიზები, ყაჯარული სტილის ვიტრაჟიანი სარკმლები...

Property Georgia

1922 წლიდან ამ ძალზე ორიგინალურ, ზღაპრულ სასახლეში საქართველოს სამხატვრო აკადემიამ დაიდო ბინა და დღემდე ფუნქციონირებს - ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი კავკასიაში, რომელმაც არაერთი, გამორჩეულად ნიჭიერი თაობა აღზარდა და დღესაც ზრდის."

Property Georgia

 

Recent: