Property Georgia
“ალიანს ჯგუფმა” დასვენების გაზიარების საერთაშორისო გიგანტ RCI-ისთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველოში ახალი ინოვაციური სტანდარტები დააწესა. დღეიდან წამყვანი ქართველი სამშენებლო-დეველოპერის აპარტამენტების მესაკუთრეებს მსოფლიოს საუკეთესო 4000-ზე მეტ რეზორტზე შეუძლიათ დასვენების გაზიარება 100-ზე მეტ ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფის” მიერ გავნითარებული ქონება “ოქროს გვირგვინის” სტატუსით სარგებლობს, რაც დამატებით 200 უმაღლესი კლასის ელიტარული დასასვენებელ ლოკაციას ნიშნავს. კომპანია აპარტამენტების მფლობელებს ახლადდაარსებული “ალიანსის დასვენების კლუბის” პრივილეგირებულ ბარათებს გადასცემს, რაც მათ მსოფლიოში სამოგზაუროდ გზას გაუხსნის.
“აპარტამენტების მესაკუთრეებს არჩევანის თავისუფლება აქვთ, მათ შეუძლიათ იცხოვრონ თავიანთ საკუთრებაში არსებულ აპარტამენტში, თავად გააქირავონ /გადასცენ საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიას გასაქირავებლად ან წელიწადში გარკვეული დროით, მაგალითად, ერთი კვირით დაუთმონ ის RCI-ის, თვითონ კი სანაცვლოდ აირჩიონ ჩვენი პარტნიორის გლობალური ქსელიდან ნებისმიერი ლოკაცია,” აკაკი სონგულია, “ალიანს ჯგუფის” დირექტორი და თანადამფუძნებელი დამფუძნებელი/“ალიანსის დასვენების კლუბის” თანადამფუძნებელი, აცხადებს Property Georgia-სთან საუბარში. მეორეს მხრივ, მისი სიტყვებით, ეს RCI-ის დასვენების გაზიარების მსოფლიო ქსელში ჩართულ ოთხ მილიონზე მეტ წევრ ოჯახს მოიზიდავს საქართველოში: “ეს დაახლოებით 10 მილიონი პოტენციური საერთაშორისო ვიზიტორია,” ამბობს ის. უპრეცედენტო და ინოვაციური სიახლის შესახებ “ალიანს ჯგუფის” და RCI-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად 28 თებრვალს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს.
ალიანს პალასი
“RCI-ის დასვენების გაზიარება მსოფლიოში 40 წელზე მეტია უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, საკუთრებასთან ერთად ამ პროდუქტის გადაცემა მფობელისთვის “ალიანს ჯგუფის” მიერ დანერგილი კიდევ ერთი ინოვაციაა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ გამუდმებით ვფიქრობთ რა სიახლე შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მიერ განვითარებული ქონების მყიდველებს. ადამიანები, როდესაც ინვესტიციას აკეთებენ მათ გარკვეული მოლოდინები აქვთ და ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სარგებლიანი ბენეფიტებით გადავუხადოთ მათ მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეს “ალიანს ჯგუფი”, ამბობს სონგულია. მისი თქმით, ამ ეტაპზე RCI-ის ქსელში ჩართულია მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს პალასი” 1000-ზე მეტი აპარარტამენტით ბათუმში და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამას დაემატება ასევე მულტიფუნქციური კომპლექსის “ალიანს ჰაილაინის” 700-ზე მეტი აპარტამენტი თბილისში.
“როდესაც “ალიანს ჯგუფის” დირექტორს პირველად შევხვდი, მან მითხრა, რომ უნდოდა აეშენებია ისეთი რამ, რაც პირველ რიგში მყიდველის ინტერესში იქნებოდა. მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ “ალიანს ჯგუფის” საქმიანობის ცენტრი მომხმარებელია. ბიზნესის კეთებისას ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი. RCI-ის და “ალიანს ჯგუფის” ხედვა დაემთხვა, ჩვენ ვიპოვეთ ერთმანეთი,” აღნიშნავს დიმიტრის მანიკისი, RCI-ის ბიზნესის განვითარების ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. როგორც მანიკისი აღნიშნავს, საქართველოს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე დიდი პოტენციალი აქვს: “თქვენ გაქვთ უძველესი ისტორია, ულამაზესი ბუნება, ზღვა, მთა, არაჩვეულებრივი კლიმატი, რა თქმა უნდა სამზარეულო და ღვინო და რაც მთავარია სტუმართმოყვარე ხალხი,” ამბობს ის და პირად მაგალითზე განმარტავს თუ რას მოუტანს საქართველოს RCI-ის ქსელში ჩართვა. “12 წლის წინ შევიძინე დროებითი მფლობელობა საბერძნეთში. გამომდინარე იქიდან, რომ ერთხელ უკვე გადახდილი მაქვს ქვეყანაში გაჩერების თანხა, მთელი ჩემი ბიუჯეტი მრჩება იმისთვის, რომ დავხარჯო ადგილობრივ რესტორნებში და სხვადასხვა ტიპის გართობაში. RCI-ის ქსელით ჩამოსული ვიზიტორი არის ვიზიტორი, რომელიც ბრუნდება და რომელიც ხარჯავს მეტს,” აღნიშნავს მანიკისი.
ალიანს ჰაილაინი
“ალიანს ჯგუფი” მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროების ქსელებთან ერთად ოთხ მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: “ალიანს პალასი” ბათუმში, სადაც სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” იქნება წარმოდგენილი, “ალიანს ფრივილიჯი” ბათუმში, სადაც სასტუმრო “მარიოტი” განთავსდება, “ალიანს რეზორტი” გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც სასტუმრო “რამადას” წარმოგვიდგენს და “ალიანს ჰაილაინი” თბილისში “ვინდემ გარდენ ჰოტელთან” ერთად. სწორედ მსოფლიოს ლიდერი სასტუმროების ქსელის “ვინდემ ვორლვაიდის” ნაწილია მსოფლიოს ასევე ლიდერი დასვენების გაზიარების ქსელი RCI.
ბოლო 12 წლის მანძილზე, “ალიანს ჯგუფს” პრემიუმ კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ოთხ ინოვაციურ პროექტებში კი კომპანია ჯამში $210 მილიონს აბანდებს.