თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა მიიღო. შესაბამისად, 2030 წლამდე დედაქალაქის განვითარების საკითხებს სწორედ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ შემუშავებული გეგმა განსაზღვრავს.
ახალი გენგეგმის მიღების ვადა რამდენიმეჯერ შეიცვალა, ვინაიდან თბილისის ხელმძღვანელობამ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისგან, გეგმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კონკრეტული მექანიზმების დაზუსტება მოითხოვა, რომლებიც განსაკუთრებით მისი აღსრულების ეტაპზე საყურადღებო იქნება. რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად ამჟამად თბილისს უკვე გააჩნია განახლებული გენერალური გეგმა, რომელიც ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მომავალში ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს დაარეგულირებს.
“სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი, მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ გეგნგეგმის ჯგუფი მზაყოფნას გამოხატავს, დედაქალაქის მერიას კონსულტაციები გაუწიოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს განახლებული გენგეგმით განსაზღვრული სამომავლო ქმედებების განხორციელებაში.
„დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ახალ გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. თავად დუკუმენტი კი დედაქალაქის ბიუჯეტს 2.8 მილიონი ლარი დაუჯდა.