უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები გამოქვეყნდა | Property Georgia

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები გამოქვეყნდა

უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ბაზრის რეგულარული კვლევები თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ტარდება.

კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27 495 ერთეული შეადგინა.

უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისის გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები 21.0%-ით არის გაზრდილი. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისათვის (წლიური ზრდის ტემპი 105.0%) , გურიისა (66.9%) და კახეთისათვის (31.7%).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამ­გო­რი დომინირებს. პირველ კვარ­ტალ­ში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გა­ყი­დვა საბურთალოზე (2,924 ერთეული) დაფიქსირ­და, მეორე და მესამე ად­გი­ლებს კი, შესაბამისად, ვაკე (1,978 ერთეული) და სამგორი (1,286 ერთეული) ინაწილე­ბენ.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონება მთაწმინდაზე მდებარეობს, ყველაზე დაბალფასიანი კი სამგორში.

„2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (5.1%),  ისე გაქირავების ფასის (1.4%) ინდექსი.  აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. საცხოვ­რე­ბელი უძ­რავი ქო­­ნების გაყიდვის საშუალო ფასი 860 აშშ დოლარსა და 906 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, გაქირავების საშუალო ფასი კი 6.7 აშშ დო­ლა­რსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო. მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყვე­ლა­ზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის სა­შუ­­ლო ფასის (1078 აშშ დოლარი), ისე გაქირავების საშუალო ფასის (8.71 აშშ დოლარი) მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში (529 აშშ დოლარი), გაქირავების კი გლდანში (4.4 აშშ დოლარი).“ - ნათქვამია კვლევის დოკუმენტში.

სამი კვარტლის განმავლობაში სტაბილური შემცირების შემდეგ, 2018 წლის პირველ კვარტალში, კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების ფასის ინდექსი გაიზარდა 12.2%-ით, წინა კვარტალთან შედარებით, გაქირავების ფასის ინდექსი კი ისევ კლებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. კომერციული უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1,099 აშშ დოლარსა და 1,182 აშშ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი 8.7 აშშ დო­ლარსა და 9.6 აშშ დოლარს შორის.

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც ბათუმში (-11.0%), ისე ქუთაისში (-6.1%). ტრანზაქციების აღნიშნული შემცირების ფონზე, ორივე ქალაქში გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასის ინდექსი. აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ბათუმში 772 აშშ დოლარს შეადგენს (1 კვ.მ.), ქუთაისში კი შესაბამისი მაჩვენებელი მხოლოდ 391 აშშ დოლარს უტოლდება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: