ონლაინ კონფერენცია: COVID19- ის გავლენა უძრავი ქონების სექტორზე | Property Georgia

ონლაინ კონფერენცია: COVID19- ის გავლენა უძრავი ქონების სექტორზე

COVID19- ის გავლენა უძრავი ქონების სექტორზე

ვალიდ მოუსა - მსოფლიო პრეზიდენტი, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI

დავიწყებ იმით, რომ კორონავირუსის ეპიდემია ყველასთვის მოულოდნელი იყო. ამ კონკრეტული სიტუაციისთვის არავინ იყო მზად - არც ჯანდაცვის სისტემა, არც ეკონომიკა და არც პოლიტიკური სფერო. ჩვენ დღესაც კი არ ვიცით, სინამდვილეში რა ხდება. ყოველ დღე გვესმის სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ სიტუაციას, მაგრამ არავინ იცის, რითი დამთავრდება ყველაფერი.

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რამ შეიცვლება. კრიზისს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება ეკონომიკაზე. დადებითი არის ის, რომ ჩემი აზრით უძრავი ქონების სფერო სხვებთან შედარებით ნაკლებად იზარალებს. მართალია, გარკვეული ეფექტი აქაც იქნება: ფასები შემცირდება, ხოლო ბაზარზე მოხდება ცვლილებები. თუმცა, იმასთან შედარებით, რაც კაპიტალის ბაზარსა და საფონდო ბირჟებზე ხდება - აშშ-ში ბაზარი 50%-ზე მეტით შემცირდა - უძრავი ქონების სექტორი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რამეთუ ეს სფერო ეხება იმას, რაც რეალურია. ინვესტიციები მიბმულია არა ფიქტიურ აქტივებზე, არამედ ნამდვილ ქონებაზე. ყველა ადამიანი ტოვებს ამ სამყაროს, ხოლო მიწები და უძრავი ქონება რჩება. ასე რომ, უძრავი ქონების სფერო კვლავ დაამტკიცებს, რომ მას ყველაზე დიდი წარმატებით შეუძლია არსებული სიტუაციის გადალახვა.  

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ კრიზისი ჩვენს სფეროსაც შეეხება და ფასების შემცირებას გამოიწვევს. მთავარი არის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი. კორონავირუსს განსხვავებული ეფექტი ექნება იმის და მიხედვით, თუ როდის გადაივლის ეპიდემია - ორ თვეში, ოთხ თვეში, ექვს თვეში თუ ერთ წელიწადში. ამ მოცემულობაში, ოთხთვიან პერიოდს ორ თვესთან შედარებით ექნება არა ორმაგი ეფექტი, არამედ შესაძლოა ოთხმაგიც კი. ვირუსის ეფექტი ექსპონენციურად იზრდება. შესაბამისად, თუკი ეს სიტუაცია ოთხ თვეს ან მეტს გასტანს, მისი ექსპონენციური ეფექტი ძალზედ სახიფათო იქნება. 

უძრავი ქონების სფერო რამდენიმე კატეგორიად იყოფა. დავიწყოთ მასპინძლობის სექტორით. არსებული კრიზისი პირველ რიგში სწორედ ამ სფეროს შეეხო - გაუქმდა ღონისძიებები, იხურება სასტუმროები. მოქმედი სასტუმროები კარგავენ შემოსავლის 80 პროცენტს, რამეთუ მათი დატვირთვა ძალზედ დაბალია. ბევრ სასტუმროს სურს მუშაობის გაგრძელება, მაგრამ არ გააჩნია შესაბამისი პერსონალი. მათ ესაჭიროებათ ადმინისტრაციული პერსონალი და სხვა მუშახელი, მაგრამ ამჟამად მათ არ გააჩნიათ ეს ხალხი. 

ხანგრძლივ პერსპექტივაში, ჩემი აზრით, მასპინძლობის სექტორმა უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობა. ფრენები მალე არ აღდგება და ხალხი მალე არ განაახლებს მოგზაურობას. რომც დავუშვათ, რომ ეს კრიზისი ერთ თვეში გადაივლის, ხალხი უახლოეს მომავალში არ იმოგზაურებს. საავიაციო სფეროში ჩვეულებრივი მდგომარეობა არ აღდგება და ადამიანები თავიანთ ჩვევებს არ შეინარჩუნებენ. ასე რომ, დღეიდან მასპინძლობის სექტორმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს შიდა ტურიზმი და შეიმუშავოს შესაბამისი ღონისძიებები სანამ სიტუაცია შეიცვლება და მსოფლიო კვლავ გაიხსნება. ჩვენ მოვუწოდებთ მასპინძლობის სექტორს, შიდა ტურიზმის მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ.

ახლავისაუბროთ საცალო ვაჭრობის ბაზარზე, კერძოდ კი - რესტორნების კატეგორიაზე. თუმცა, თავდაპირველად მინდა Airbnb-ის საკითხს შევეხო. ეს კომპანია დიდი პრობლემების წინაშე დგას. Airbnb ამჟამად არსებული სიტუაციიდან გამოსვლის ბევრ სტრატეგიას განიხილავს. კლიენტები ჯავშნების ნაკლებობაზე ჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს Airbnb-ის ბრალი არ არის. ამასთანავე, ბევრი ადამიანის ინვესტიცია დამოკიდებულია Airbnb-ისა და მსგავსი პლატფორმებიდან მიღებულ შემოსავალზე. Airbnb თავდაპირველად ფიქრობდა თავისი მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევასა და კომპენსაციის გადახდაზე. თუმცა, ჩემი აზრით ეს ხანგრძლივი კრიზისია და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა შეუძლებელი იქნება. ამის შედეგად, ის ბინები, რომლებიც აქამდე დღიურად ქირავდებოდა, მომავალში კვლავ ტრადიციული გრძელვადიანი გაქირავებისთვის იქნება გამოყენებული. მოკლედ, არსებულ კრიზისს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება როგორც Airbnb-ზე, ისე მსგავს პლატფორმებზე. სანამ ეს კრიზისი გადაივლის, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბინების გრძელვადიან გაქირავებას.

რაც შეეხება საცალო ვაჭრობის ბაზარს, კრიზისი შეეხება ყველაფერს, გარდა პირველადი საჭიროების ნივთებისა. არსებულ პირობებში ჩვენ არ შევიძენთ ფუფუნების საგნებს. ჩვენი ყურადღება მიმართული იქნება პირველადი საჭიროების ნივთებზე, როგორიცაა საჭმელი და მედიკამენტები, ნაცვლად „შანელის“ ჩანთებისა და მამაკაცის ფუფუნების საგნების. მხოლოდ საჭმელი და პირველადი საჭიროების ნივთები, სანამ კრიზისი არ გადაივლის.  ფუფუნების საგნების ბაზარი ძლიერ დარტყმას განიცდის. ყველაფერი, რაც ბრენდულ პროდუქტებს ეხება, პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.

როგორ მოვიქცეთ? ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რამეთუ ერთის მხრივ, გამქირავებლებს სურთ შემოსავლის მიღება. ზოგიერთ მათგანს არ გააჩნია წვდომა დაფინანსებაზე. ამის მიუხედავად, გამქირავებლებს დიდი როლი აქვთ არსებულ კრიზისში თავიანთი მოიჯარეებისთვის დახმარების გაწევის კუთხით. არ შეიძლება, რომ მთავრობას მოვთხოვოთ ყველაფერი.

მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სპეციალური კანონმდებლობა. თუმცა, ეს არის გლობალური კრიზისი და მეტად საფრთხილო მომენტი მსოფლიო ისტორიაში. ერთი კვირის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ასეთი ღრმა კრიზისის წინაშე თავისი არსებობის ისტორიაში, ანუ 1940-იანი წლების შემდეგ არ მდგარა. არ მსურს, რომ პესიმისტი ვიყო, მაგრამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ჩვენ, როგორც ადამიანებს, მნიშვნელოვანი როლი გვაქვს, რათა ერთმანეთს დავეხმაროთ და ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. გამქირავებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ თვითონაც ვალდებული არიან, შეასრულონ თავისი როლი, ნაცვლად მთავრობისგან კომპენსაციის ლოდინისა. ჩემი აზრით, მთავრობას არ გააჩნია საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ ყველას გამოუყოს კომპენსაცია. ჩემი დიდი შიში არის ის, რომ ამ კრიზისის შედეგად ბევრი ქვეყანა გაკოტრდება. დღეს მთავრობები გვპირდებიან, რომ ფულს ჩადებენ ბიზნეს-სფეროსა და სასესხო პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რითი შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. ავიღოთ იტალიის მაგალითი - ყველამ იცის იმ უზარმაზარი ვალების შესახებ, რომლებიც ქვეყანას მსოფლიო ბანკისა და სხვების წინაშე გააჩნია. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა იტალია კრიზისის შემდეგ სესხების დაფარვას?

ასე რომ, ჯანდაცვის კრიზისს უფრო მძიმე, ეკონომიკური კრიზისი მოყვება. თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს ერთი ჯაჭვის რგოლს, და თუკი ჩვენ არ შევასრულებთ ჩვენს როლებს, მაშინ ყველა ვიზარალებთ. სწორედ ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას გამქირავებლებისა და მფლობელების როლზე, დაეხმარონ თავიანთ მოიჯარეებს. 

ვინ ისარგებლებს არსებული სიტუაციით საცალო ვაჭრობის სექტორში? მოგეხსენებათ, ონლაინ-გაყიდვები გაიზრდება. აშშ-ში ონლაინ-ვაჭრობის ბაზარი აქამდეც საკმაოდ ძლიერი იყო. ბოლო წლებში ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „ვოლმარტი“, ონლაინ-ვაჭრობის ზრდის კვალობაზე მოუწიათ მაღაზიების დახურვა. დღეს კი ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ჩემი მშობლიური ლიბანი, ჩემი სახლის კარზე დღეში ორჯერ ან სამჯერ აკაკუნებენ და მაწვდიან ინტერნეტით შეკვეთილ სათამაშოებს, ინტერნეტით შეკვეთილ საჭმელს და ინტერნეტით შეკვეთილ სხვა ნივთებს. ჩვენ ვეჩვევით ონლაინ-ცხოვრებას. როდესაც ეს კრიზისი გადაივლის, ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ახლად შეძენილ ჩვევებს. რატომ უნდა შევწყვიტო მე ონლაინ-შეკვეთების განთავსება, თუკი ვიცი, რომ ეს სწრაფად და იოლად ხდება? ასე რომ, ონლაინ-ვაჭრობა იზრდება და სარგებლობს არსებული სიტუაციით. ეს ტენდენცია კრიზისის შემდეგაც გაგრძელდება.

ახლა კი განვიხილოთ ლოჯისტიკის ბაზარი. ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები მზადყოფნაში უნდა იყვნენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ „ადაპტაცია“ ჯადოსნური სიტყვაა. ვინც გაივლის ადაპტაციას, ის შეძლებს თავის გადარჩენას, ხოლო ვინც ერთ ადგილზე გაჩერდება, ის ვერ გადარჩება - ეს ზოგადი წესია. ჩვენ, როგორც პროფესიონალებს, უნდა შეგვეძლოს ადაპტაციის გავლა. ლოგიკურად, ლოჯისტიკის ბაზარი განვითარებადია, რამეთუ ხალხმა სადმე უნდა განათავსოს საქონელი, სანამ ის სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში იქნება განაწილებული. ჩვენ უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ ეს ბაზარი და შევეცადოთ მისი განვითარება, რათა მზად ვიყოთ კრიზისის შემდგომი პერიოდისთვის.

ახლა რაც შეეხება საოფისე უძრავ ქონებას, ჩემი აზრით ის საინტერესოა, რამეთუ ჩვენ აქამდე მიჩვეული ვიყავით ერთ სივრცეში მუშაობას. ბოლო წლებში განვითარდა ღია სივრცეში ხალხის ერთად მუშაობის ტენდენცია, რომელიც მე დიდად არ მომწონს. რა მოხდება ამ სფეროში? მოკლევადიანი იჯარის საკითხი პრობლემური იქნება, ვინაიდან ყველა ასეთი იჯარა გაუქმდება. რაც შეეხება გრძელვადიან იჯარებს, კომპანიებს მოუწევთ ბიუჯეტის შემცირება, რათა შეძლონ ეკონომიკური კრიზისის გადალახვა. მოიჯარეები შეეცდებიან უფრო მცირე საოფისე სივრცეში გადასვლას ან იჯარის გადახედვას. საოფისე ფართების ფასები დაეცემა.

როგორც ონლაინ-ბაზრის განხილვისას უკვე აღვნიშნეთ, ხალხი მიეჩვევა სახლიდან მუშაობას. კომპანიებს გაუჩნდებათ კითხვა: არის თუ არა აუცილებელი, რომ 100 თანამშრომელი იჯდეს ოფისში? ისინი შეიმუშავებენ ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც 40 თანამშრომელი იჯდება ოფისში, ხოლო 60 იმუშავებს სახლიდან. რატომ უნდა მუშაობდეს მარკეტინგის მთელი გუნდი ოფისიდან? ეს არ არის აუცილებელი. ნახეთ, როგორ შესანიშნავად ფუნქციონირებს ეს მოდელი. თქვენ ყველა კარგად გამოიყურებით, მე თქვენ გხედავთ და ჩვენ ერთმანეთს ვუსმენთ და ვუზიარებთ იდეებს. ეს ისევე კარგად ფუნქციონირებს, როგორც ოფისში. მოკლედ, საოფისე სექტორის მომავალი ასეთია: ბიუჯეტები შემცირდება და ხალხი მიხვდება, რომ შესაძლებელია სახლიდან მუშაობა. ხალხი მოინდომებს იჯარის გადახედვას და უფრო მცირე ოფისებში გადასვლას. 

საინტერესო იქნება, როგორ შეიცვლება საერთო სამუშაო სივრცის კონცეფცია, რომელიც ბოლო წლებში განვითარდა. თქვენ შედიოდით საერთო სამუშაო სივრცეში, სადაც ერთ კუთხეში თავის ლეპტოპზე მუშაობდა ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, ხოლო მეორე კუთხეში ვინმე სხვა იყო წამოგორებული. ასე იყოფდა ხალხი სასიამოვნო სამუშაო გარემოს. უახლოეს მომავალში ეს შეწყდება. დიდ კომპანიებს კვლავ მოუწევთ ადაპტირება - მე ამ სიტყვას კიდევ ხშირად ვახსენებ - რათა გააგრძელონ ფუნქციონირება. ჩემი აზრით, ადაპტაცია გამოიხატება აღნიშნულ საერთო სამუშაო სივრცეებში ადამიანებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებაში. დარჩება რამდენიმე საერთო ადგილი, რომლის გამოყენებაც ხალხს შეეძლება საკუთარი სურვილითა და რისკით. თუმცა, მომავალში ეს უკვე აღარ იქნება ერთადერთი ვარიანტი - ყველას მიეცემა საკუთარი კუთხის ქონისა და დაცვის საშუალება. რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო რეალური გახდება ეს მოდელი. მაგალითად, თუკი კრიზისი სექტემბრამდე გაგრძელდა, ჩვენ იმ დროისთვის უკვე ქვეცნობიერად შეცვლილი ვიქნებით. ჩვენ ერთმანეთის გვეშინია და მალევე არ დავუბრუნდებით ნორმალობას. 

ეს მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენს ისტორიაში, რამეთუ ჩვენ ვუბრუნდებით რელობას. ბოლო დროს ჩვენ ვფიქრობდით, რომ ადამიანი თავისი უახლესი ტექნოლოგიებითა და კომუნიკაციის სწრაფი მეთოდებით აკონტროლებს დედამიწას. ახლა კი შეხედეთ ნიუ იორკს - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქს, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. ამ ქალაქში ახლა საშინელი სიტუაციაა და არავის უნდა იქ წასვლა. ჩემი აზრით, თუ ეს კრიზისი კიდევ დიდ ხანს გასტანს, შეიცვლება ურბანიზმის კონცეფცია, ანუ ჩვენ სხვანაირად დავიწყებთ ქალაქების დაგეგვას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი - მაისამდე, ივლისამდე, აგვისტომდე, სექტემბრამდე თუ მომავალი წლის აპრილამდე. დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია ამ სიტუაციაში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი მალე გადაივლის. სხვა შემთხვევაში, შეგვექმნება დიდი პრობლემა. 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ოფისებზე, ახლა კი გადავიდეთ საცხოვრებელი ფართების ბაზარზე. ჩემი აზრით, პირველადი საცხოვრებელი ფართების კატეგორია უძრავი ქონების სხვა კატეგორიებთან შედარებით ნაკლებად იზარალებს. ჩვენ სწორედ ახლა ვხვდებით, რომ დედამიწაზე ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ჩვენი სახლი. ჩვენ ყველას გვინდა სახლში ყოფნა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახლის მესაკუთრეები ვიყოთ. ასე რომ, საცხოვრებელი ფართების ბაზარი - ლაპარაკია ადამიანის მთავარ საცხოვრებელ ადგილზე, და არა აგარაკებზე - მომავალშიც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა, გაითვალისწინეთ შემდეგი: მე მინდა მყავდეს თვითმფრინავი, მაგრამ არ მაქვს ამისი საშუალება. კრიზისის შემდეგ ხალხს ენდომება სახლის ყიდვა, მაგრამ ექნებათ თუ არა მათ ამისი საშუალება. სწორედ ამ სიტუაციაში მოხდება ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართების კატეგორიის განვითარება. ჩემი აზრით - და ჩვენ ამ თემას აიცილებლად დავუბრუნდებით კრიზისის შემდეგ - სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართების კონცეფციებზე და დააწესოს შესაბამისი რეგულაციები: ყველა იმ დეველოპერს, რომელიც ამ მიმართულებით დაიწყებს საქმიანობას, შეუმციროს გადასახადები სამშენებლო მასალებზე და შეუმციროს ზონალური ტარიფები. ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ფართში არ იგულისხმება 10-პროცენტიანი ფასდაკლებები და მსგავსი მარკეტინგული ქმედებები. ლაპარაკია რეალურად ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ადგილზე, რომლის შეძენის საშუალებაც ადამიანს მომავალში ექნება. ეს განვითარებადი ბაზარია და მე ვურჩევდი უძრავი ქონების სფეროშე მოღვაწე პროფესიონალებს, მზად იყვნენ ამ განვითარებისთვის - შეისწავლეთ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართის კონცეფცია და მისი განვითარების მეთოდები. 

თუ მკითხავთ, რა უნდა გავაკეთოთ კრიზისის შემდეგ, მე უკვე მოგიყვანეთ ის ორი კატეგორია, რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება - ლოჯისტიკა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართები. რაც შეეხება ძვირადღირებული საცხოვრებელი ფართების კატეგორიას, კრიზისის შემდეგაც ყველა ქვეყანაში იქნება ფულიანი ხალხი, რომელიც დაელოდება ხელსაყრელ მომენტს ინვესტიციის განსახორციელებლად. ავიღოთ ჩემი უბანი: მე მიჩვეული ვიყავი, რომ ერთი კვადრატული მეტრის ფასი აქ 3000 დოლარი იყო. თუმცა, ბოლო წლებში ეს ფასი 5000 დოლარამდე გაიზარდა. რომც გამაჩნდეს ამ ფასში ბინის ყიდვის საშუალება, მე ამის სურვილი არ მექნება, რამეთუ განსხვავებულ ფასს ვიყავი მიჩვეული. ასე რომ, ფასების შემცირების პარალელურად გაიზრდება ადგილობრივ ინვესტორთა რაოდენობა. მომზადეთ იმისთვის, რომ მიიზიდოთ ეს ინვესტორები ხელსაყრელი შემოთავაზებებით. ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის იქნებიან მყიდველები, რომლებიც ელოდებიან ხელსაყრელ მომენტს და იტყვიან: „როგორც იქნა, დაეცა ფასები, მადლობა კორონავირუსს“! ამჟამად მიზეზი კორონავირუსია, სხვა დროს კი სხვა ფაქტორებია თამაშში. ყველა ციკლი სხვანაირია, მაგრამ ხალხი, რომელიც ხელსაყრელ მომენტს ელოდება, ყოველთვის იქნება. 

ვახსენოთ სხვა კატეგორიებიც, როგორიცაა სტუდენტური საცხოვრებლები. ჩემი აზრით, ეს კატეგორია იზარალებს და ნაკლებად შემოსავლიანი იქნება. ჩვენთვის არაფერია ჩვენს შვილებზე ძვირფასი. გაუშვებს თუ არა ხალხი თავის შვილებს აგვისტოში ოთხ სხვა ადამიანთან ერთად ერთ ბინაში საცხოვრებლად? ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით. ამ კატეგორიასაც მოუწევს ადაპტირება და სისტემის შეცვლა, რაც მათ შემოსავალზე იმოქმედებს. როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტური საცხოვრებლები სხვებთან შედარებით მაღალშემოსავლიან კატეგორიას წარმოადგენდნენ. 

ეს იყო ბაზრის სხვადასხვა კატეგორიების სწრაფი და მოკლე მიმოხილვა. მე ვახსენე ძვირადღირებული საცხოვრებელი ფართების კატეგორია, სადაც საჭირო იქნება ადგილობრივი ინვესტორების მიზიდვა. მე ვახსენე ლოჯისტიკის ბიზნესი ონლაინ-ვაჭრობისთვის, ისევე როგორც ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართები იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარ სახლში სურს უსაფრთხოდ ყოფნა. ამ მომენტისთვის მე გირჩევდით ამ სამ კატეგორიაზე ყურადღების გამახვილებას. ჩემი ჯადოსნური სიტყვაა ადაპტაცია. ჩვენ გვესაჭიროება ადაპტაცია, მათ შორის მენტალურად - მე მზად ვარ, თვეები გავატარო სახლში. ამისთვის აუცილებელია მორალის ამაღლება. ამ დროს მე ვაწარმოებ ბრეინსტორმინგს, გელაპარაკებით თქვენ, ვფიქრობ მომავალზე. რას უნდა ველოდოთ? როგორია ჩვენი გეგმა „ბ“ და გეგმა „გ“?

თქვენც გირჩევდით, პირველ რიგში იფიქროთ თქვენს საქმესა და მომავალზე. მაგალითად, იმ პროფესიონალებს, რომლებსაც აქამდე არ გააჩნდათ თავისი მარკეტინგული ინსტრუმენტებისა თუ ვებ-გვერდების განახლების დრო, ახლა მიეცემათ ამისი საშუალება. აგენტები, რომლებსაც არ გააჩნდათ თავისი სიების განახლების დრო, ახლა შეძლებენ ამის გაკეთებას. გადახედეთ თქვენი გასაქირავებელი და გასაყიდი ფართების სიებს და განაახლეთ ისინი. იფიქრეთ ინოვაციურ იდეებზე და ახალ ტექნოლოგიებზე. 

იზრუნეთ თქვენი მორალის ამაღლებაზე.  კარგად იფიქრეთ ჩვენს მომავალზე - თქვენ სხვა ალტერნატივა არ გაგაჩნიათ. 

აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არ არის ადგილობრივი საკითხი. ასე რომ, ნუ ადანაშაულებთ საკუთარ თავს ან თქვენს მთავრობას. ეს პანდემია არის გლობალური კრიზისი, სადაც ჩვენ ყველა მსგავს სიტუაციაში ვიმყოფებით. გვესაჭიროება ეფექტიანი გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და საჯარო სექტორისგან.

 

TV

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: