13 უცნაური და გასაკვირი ფაქტი არქიტექტურის შესახებ, რომელიც თქვენ ალბათ არ იცოდით | Property Georgia

13 უცნაური და გასაკვირი ფაქტი არქიტექტურის შესახებ, რომელიც თქვენ ალბათ არ იცოდით

ადამიანები უკვე 10,000 წელია აშენებენ თავშესაფრებს. შენების საჭიროებიდან განვითარდა არქიტექტურის პროფესია, რომელიც სხვადასხვა ექსცენტრიულ, შორსმჭვრეტ და თავნება ადამიანს იზიდავს. გამომდინარე იქიდან, რომ არქიტექტურას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და ამ სფეროში მრავალი „ჭრელი“ პიროვნება არის ჩართული, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ის უცნაური და დაუჯერებელი მოვლენებით არის სავსე. წარმოგიდგენთ არქიტექტურასთან დაკავშირებულ 13 ფაქტს, რომელიც თქვენთვის სავარაუდოდ აქამდე არ იყო ცნობილი.

 

1. არქიტექტურა ერთ დროს ოლიმპიური სპორტი იყო

 

propertygeorgia.ge

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პროგრამის ნაწილს პირველი ოთხი ათწლეულის მანძილზე მუსიკა, მხატვრობა, სკულპტურა, ლიტერატურა და არქიტექტურაც წარმოადგენდნენ. აღნიშნულ კატეგორიებში მთლიანობაში გათამაშდა 151 მედალი. თანამედროვე ოლიმპიადისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამაარსებელი, ბარონ პიერ დე კუბერტენი ხელოვნებას შეჯიბრის პრინციპულ ნაწილად მიიჩნევდა. ერთადერთი პირობა ის იყო, რომ ყველა ნამუშევარი სპორტის თემასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

 

2. ფრენკ ლოიდ რაიტის შვილმა „ლინკოლნ ლოგსი“ გამოიგონა

ლოიდ რაიტების ოჯახში ყველა განთქმული დიზაინი მხოლოდ ფრენკს არ ეკუთვნის. „ლინკოლნ ლოგსი“ ლეგენდალური არქიტექტორის შვილის, ჯონ ლოიდ რაიტის იდეა იყო. ჯონი თავად არქიტექტორი იყო, ხოლო  ურთიერთდაკავშირებული მორების კონცეფცია მას მამამისის მიერ აშენებული, ტოკიოს „იმპერიალ ჰოტელის“ საძირკველის დიზაინმა შთააგონა.

 

3. ისლამურ არქიტექტურაში საუკუნეების მანძილზე გამოყენებული „გირიხის ფილები“ მათემატიკურად შეესაბამება 1970-იან წლებში აღმოჩენილ „პენროუზის მოზაიკას“

 

propertygeorgia.ge

„პენროუზის მოზაიკა“ ინგლისელი მათემატიკოსისა და ფიზიკოსის, სერ როჯერ პენროუზის სახელს ატარებს. 1970-იან წლებში პენროუზმა ხუთი სხვადასხვა ფორმის ფილებით ცდები ჩაატარა და განსაკუთრებული გეომეტრიული თვისებების მქონე ნიმუშები წარმოქმნა. ისლამურ არქიტექტურაში „გირიხის ფილები“ ჯერ კიდევ ხუთი საუკუნის წინ გამოიყენებოდა, თუმცა, ფიზიკოსებმა პიტერ ლუმ და პოლ შტაინჰარტმა მხოლოდ 2007 წელს გამოავლინეს პენროუზისა და გირიხის ფილების ბევრი მათემატიკური თვისების ერთმანეთთან შესაბამისობა.

 

4. „ლეგო“ არქიტექტორებისთვის სპეციალურ ნაწილებს ამზადებდა

როდესაც „ლეგოს“ დამფუძნებლის შვილი, გოტფრედ კირკ კრისტიანსენი მის მიერ დაპროექტებული სახლის მოდელის აწყობას ცდილობდა, მან აღმოაჩინა, რომ მაკეტი შენობის მასშტაბში ვერ ჯდებოდა, რამეთუ „ლეგოს“ ნაწილების სიგანე-სიმაღლის შეფარდება 5:6 იყო. ამის შედეგად, კომპანიამ 1963 წელს „მოდულექსი“ შექმნა - ბევრად მცირე ზომის ნაწილი, რომელიც იდეალურ კუბზე იყო დაფუძნებული. სამწუხაროდ, „მოდულექსის“ წარმოება 1970-იან წლებში შეწყდა.

 

5. მაია ლინი თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი არქიტექტორის დისშვილია

 

propertygeorgia.ge

ლინ ჰუინი თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში პირველ ქალ არქიტექტორად ითვლება. მეუღლე ლიანგ სიჩენგთან ერთად მან ქალაქ შენიანგში მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტი დააფუძნა. მისი დისშვილია მაია ლინი, რომელმაც ვაშინგტონში ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალი დააპროექტა.

 

6. თანამედროვე ლიფტის გამოგონებამდე, ნიუ იორკში „კუპერ იუნიონის“ შენობა უკვე მოიცავდა ლიფტის შახტს

ელიშა ოტისმა უსაფრთხოების ლიფტის პირველი მოდელი 1852 წელს ლონდონში წარადგინა, ხოლო მისი პირველი მოქმედი სამგზავრო ლიფტი 1857 წელს „ჰოგვაუტის“ ხუთსართულიან შენობაში დამონტაჟდა. თუმცა, აღნიშნული პროექტები არ მოიცავდა თანამედროვე შახტებს - ხარვეზების გამოვლენის შემთხვევისთვის ისინი ღია დატოვეს. პიტერ კუპერი კი ლიფტების ტექნოლოგიის განვითარებას ენდო და 1859 წელს „კუპერ იუნიონის“ შენობის პროექტში ცილინდრული შახტი შეიყვანა, სადაც ელიშა ოტისმა მოგვიანებით სპეციალურად დამზადებული ლიფტი დაამონტაჟა.

 

7. ფრანგი ფოსტალიონი მუშაობის დროს შეგროვილი ქვებით 33 წლის მანძილზე აშენებდა „იდეალურ სასახლეს“

 

propertygeorgia.ge

ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალი თავისი ყოველდღიური მარშრუტის შემოვლისას 33 წლის მანძილზე აგროვებდა ქვებს. ეს იყო არა უბრალო ქვები, არამედ განსაკუთრებული ტიპის ქვიშაქვა, რომელსაც დრომ და წყალმა საოცარი ფორმები შესძინეს. ამ ქვებით შევალმა სოფელ ოტრივში თავისი ფანტასტიური „პალე იდეალი“ (იდეალური სასახლე) ააშენა. ეს შენობა წარმოადგენს პრიმიტივიზმის გამორჩეულ მაგალითს. ის 1969 წელს კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა შეყვანილი.

 

8. „სიმსი“ თავდაპირველი დიზაინით არქიტექტურის სიმულატორი უნდა ყოფილიყო

„სიმსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო თამაშია. თუმცა, სანამ ის ცხოვრების სიმულატორად იქცეოდა, მისი თავდაპირველი კონცეფცია „სიმ სიტის“ მსგავსი იყო: მოთამაშეები აპროექტებდნენ სახლს, ხოლო დამოუკიდებელი პერსონაჟები ამოწმებდნენ დიზაინის წარმატებულობას.

 

9. „ემპაირ სტეიტ ბილდინგის“ ხედის პლატფორმა უფრო შემოსავლიანია, ვიდრე მისი 85-სართულიანი საოფისე სივრცე

 

propertygeorgia.ge

102-სართულიანი „ემპაირ სტეიტ ბილდინგი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საოფისე შენობაა. თუმცა, შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენენ მისი პანორამული ხედები. მას შემდეგ, რაც შენობის მფლობელი, „ემპაირ სტეიტ რიალტი ტრასტი“ საზოგადოებრივი სააქციო კომპანია გახდა, მისი კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშები გასაჯაროვდა. 2014 წელს შენობის ორმა ხედის პლატფორმამ 111 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 40 პროცენტს შეადგენდა, ხოლო საოფისე სივრცის გაქირავებიდან მხოლოდ 104 მილიონი დოლარი (მთლიანი შემოსავლის 37%) შემოვიდა.

 

10. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე შეტევის ერთ-ერთი ორგანიზატორი არქიტექტორი იყო

მოჰამედ ატამ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს თვითმფრინავი დააჯახა. მას არქიტექტორისა და ურბანული დამგეგმავის ხარისხები გააჩნდა. მისი აზრით, კაიროსა და შუა აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში ცათამბჯენების მშენებლობა დასავლური კულტურის მიღების უსირცხვილო საქციელს წარმოადგენდა, რომელიც ამ ქალაქების იერსახეს ანადგურებდა.

 

11. ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის გააჩნია მიტოვებული მეტროს სისტემა, რომელიც არასდროს იქნა გამოყენებული

 

propertygeorgia.ge

ქალაქ ცინცინატის ქუჩების ქვემოთ განლაგებულია აშშ-ში მიტოვებული გვირაბებისა და სადგურების უმსხვილესი ქსელი. 1910-იან წლებში წამოწყებული პროექტი, რომელსაც ქალაქის სატრანსპორტო სისტემა უნდა გაეუმჯობესებინა, პირველი მსოფლიო ომის გამო შეჩერდა, ხოლო შემდგომ ინფლაციისა და პოლიტიკური უთანხმოებების შედეგად იქნა მიტოვებული.

 

12. უიჯას დაფების მწარმოებელი კომპანიის ზედამხედველი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დაფის ბრძანებით აშენებული ქარხნის სახურავიდან გადმოვარდა

მე-19 საუკუნეში გამოჩნდა უიჯას დაფების ბევრი ვარიაცია. დაფის ყველაზე პოპულარული დიზაინის, ისევე როგორც სახელი „უიჯას“ პატენტები კომპანია „კენარდ ნოველთის“ ეკუთვნოდა. კომპანიის ზედამხედველი ვილიამ ფალდი დაფების გაყიდვით გამდიდრდა და რამდენიმე ახალი ქარხანა გახსნა. ფალდის თქმით, მან ერთ-ერთი ქარხანა უიჯას დაფის ბრძანებით ააშენა. 1927 წელს ის სწორედ ამ ქარხნის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.   

 

13. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების შორის მეტი დრო გავიდა, ვიდრე ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე

 

propertygeorgia.ge

მტრის შემოსევებისგან ჩინეთის დამცავი ერთიანი კედლის მშენებლობის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც ჩინეთის პირველმა იმპერატორმა ჩინ ში ჰუანგმა ძვ.წ. VIII – ძვ.წ. III საუკუნეებში აშენებული სხვადასხვა ფორტიფიკაცია ერთმანეთს შეუერთა. მშენებლობის პროცესი 1878 წელს დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ფორტიფიკაციების ჩათვლით, კედელი 2600 წლის მანძილზე შენდებოდა..

 

წყარო: www.archdaily.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: