არქიტექტურა პანდემიის შემდეგ | Property Georgia

არქიტექტურა პანდემიის შემდეგ

მსოფლიოს თანდათანობითი გახსნისა და საკარანტინო ზომების შემსუბუქების პარალელურად, ადამიანები ერგებიან ახალ რეალობას. კორონავირუსმა ჩვენს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შემოიტანა, ახალი „ნორმალობა“ დაამკვიდრა და ჩვენი პრიორიტეტები შეცვალა. ჩვენ გვიწევს მუდმივი რეაგირება და უცნობი მომავლის მოლოდინში ყოფნა.

წინამდებარე სტატია შედგა ArchDaily-ის ორი რედაქტორის, კრისტელ ჰარუკისა და ერიკ ბოლდვინის საუბრის შედეგად. მისი მიზანია მიმდინარე ტენდენციების გამოკვლევა, სამომავლო პროგნოზების ჩამოყალიბება და არქიტექტურის სფეროსთან დაკავშირებული ყველა ასპექტის განმარტება. სტატიაში განხილულია არქიტექტურის პროფესიის განვითარებასთან, კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებთან, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები. მაშ ასე, შევხედოთ, რა ხდება არქიტექტურის სფეროში.

 

არქიტექტურის პროფესია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, არსებულ სიტუაციასა და პირველ რეაქციებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ლოგიკური ანალოგიები. არქიტექტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაერთნენ კორონავირუსთან ბრძოლაში და შექმნეს ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლითაც ჩვენ ალბათ კიდევ დიდ ხანს ვისარგებლებთ. ზოგიერთი მათგანი ცალკეულ ობიექტებს ჰქმნის, ხოლო სხვები ქალაქის დაგეგმვის კონცეფციას ცვლიან. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ არქიტექტურის პროფესიის განვითარების თემას და ყურადღებას გავამახვილებთ როგორც სამომავლო პროექტებზე, ისე ჩვენს ადაპტირებად ქალაქებზე.

propertygeorgia.ge

 

დისციპლინათშორისი მიდგომები: პანდემიამ დაგვანახა, რომ არქიტექტურა მსოფლიოს მარტო ვერ გადაარჩენს. იმ დროისთვის, როდესაც არქიტექტურის სფერო განაახლებს თავის საქმიანობას, განაშენიანებული გარემოსადმი ჩვენი მიდგომა უკვე სხვანაირი იქნება. დისციპლინათშორისი მიდგომების ჩამოყალიბება უკვე მიმდინარეობს. არსებულ გლობალურ პრობლემებთან უფრო ეფექტურად გამკლავება ხდება ახალი ხედვებისა და ექსპერტიზის მეშვეობით. „საერთო გლობალური გამოწვევების“ გადაჭრაზე მიმართულ ერთობლივ ზომებში ინტეგრირებული იქნება ჯანდაცვის, მობილურობის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის ფსიქოლოგიის, ბიოფილიის, სოფლის მეურნეობისა და სხვა ასპექტები.

სამომავლო პროექტები: გლობალური ცვლილებების ფონზე ყურადღების ცენტრში მოექცევა კრიზისული არქიტექტურა. თუკი ეს კატეგორია ადრე ორიენტირებული იყო საომარი მდგომარეობით გამოწვეულ გადაადგილებაზე, ახლო მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა დაავადებებისა და სტიქიების ეფექტების შერბილებას. მდგრადობის ფაქტორი ნებისმიერი მიდგომის მყარი შემადგენელი ნაწილი იქნება, ხოლო პროექტები ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდება. მეორეს მხრივ, სწრაფად რეაგირებადი სტრუქტურების შექმნის პროცესში ჩვენ ვაწარმოებთ არასრულად ათვისებული სივრცეების გარდაქმნას. კრიზისულ სიტუაციებში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი უკავია ადაპტირებულ ხელახალ გამოყენებას, რომელიც სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა და გლობალური ეკონომიკური პრობლემების ფონზე მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

სახლის კონცეფციის გადახედვა: პანდემიის სხვადასხვა ეტაპზე ჩვენი ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცევა ჩვენი პირადი სივრცე. უკვე გამოჩნდა ახალი კონფიგურაციები და ახალი გეგმები. ჩვენი სახლის ხარისხი და კომფორტი ჩვენი პრიორიტეტების სიის თავში მოექცა. სახლში იზოლაციის პერიოდში ხდება ჩვენი საჭიროებებისა და „ახალი ნორმალობის“ ხელახლა გააზრება. ეს ეხება მწვანე სივრცეებსა და ბაღებს, სახურავებს, ბუნებრივ შუქს, ვენტილაციას, აივნებსა და ტერასებს, მინიმალისტურ და სრულყოფილ შიდა გარემოს, ტრანზიციულ შესასვლელებს და ა.შ.  

ახალი პარამეტრები: ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომები დაამკვიდრებენ ახალ სტანდარტებს. დიზაინისა და მასალების ხელახლა გააზრება მოხდება არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რის შედეგადაც შეიქმნება ცხოვრების ახალი ფორმები. კვლავ გაგრძელდება ისეთი კონცეფციების განვითარება, როგორიცაა მოდულარული დიზაინი, ქარხნული წესით დამზადებული ნაწილები, მოქნილი ტიხრები და მსუბუქი სტრუქტურები. ამავდროულად, არქიტექტორები სოციალური დისტანცირების ზომების გათვალისწინებით დაიწყებენ ახალი კონფიგურაციების შემუშავებას. ზედაპირების დასამუშავებლად გამოყენებული იქნება დაავადებათა გავრცელების შემაკავებელი მასალები, ხოლო დიზაინი ორიენტირებული იქნება დაავადების გადაცემის რისკის აღმოფხვრაზე.

propertygeorgia.ge

 

ადაპტირებადი ქალაქი

ქალაქები წარმოადგენენ დაავადებათა გავრცელების ეპიცენტრებს, რომლებმაც ყველაზე მეტად იზარალეს კორონავირუსის ეპიდემიისგან. საჭირო გახდა მათი სისტემების გადახედვა. მათ უწევთ ახალ რეალობასთან შეგუება, ინოვაციების დანერგვა, სიახლეების შექმნა და ექსპერიმენტირება.

საჯარო სივრცეები: მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული საჯარო სივრცეები ტრადიციულად ხალხმრავალ ადგილებს წარმოადგენენ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან აქტიურად ურთიერთობენ, პანდემიამ ჩვენ დაგვანახა, რომ ურთიერთობა მკაცრი სოციალური დისტანცირების პირობებშიც არის შესაძლებელი. პირადი სივრცის ნორმები ყოველდღიურად ვითარდება, რის შედეგადაც საჯარო სივრცეები ფიზიკური ურთიერთობის კუთხით უფრო მოქნილი გახდება. პროექტებში უკვე გათვალისწინებულია ხალხის უფრო ფართო სივრცეებში განაწილება და მოძრაობის მარშრუტების შეცვლა. ბუნებრივი ელემენტები ჰქმნიან ბუფერულ ზონებს, განსაზღვრავენ უსაფრთხო ადგილებს და გამოყოფენ მიუწვდომელ პირად სივრცეებს. მაგალითად, სტუდია „პრეხტის“ მიერ ვენაში დაპროექტებული ღია სივრცე Parc de la Distance ხელს უწყობს სოციალურ დისტანცირებასა და დროებით მარტოობას. აღნიშნული პროექტისთვის შთაგონებას ფრანგული ბაროკული ბაღები და იაპონური ზენ-ბაღები წარმოადგენენ.

სიმჭიდროვე: ურბანული დიზაინერები და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები უკვე საკმაო ხანია ემხრობიან მოსახლეობის სიმჭიდროვის გაზრდას, რაც მათი აზრით ქალაქების გაფართოების უფრო მდგრად პროცესს წარმოადგენს, ვიდრე გამანადგურებელი ურბანული ცოცვა. თუმცა, პანდემიამ სწორედ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებს მიაყენა ყველაზე ძლიერი დარტყმა, რამაც გამოიწვია აღნიშნული სტრატეგიების გადახედვა. რიჩარდ სენეტის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების კონცენტრაცია ინფრასტრუქტურული რესურსების დაზოგვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს, სამომავლოდ პანდემიების თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით შესაძლოა საჭირო გახდეს სიმჭიდროვის სხვა ფიზიკური ფორმების პოვნა, სადაც ადამიანებს დროებითი დისტანცირების პირობებშიც კი შეეძლებათ ერთმანეთთან ურთიერთობა, მეზობლების მონახულება და ქუჩის ცხოვრებაში მონაწილეობა“. 

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

ტრანსპორტი/მობილურობა: პანდემიის პირობებში ტრანსპორტის საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებული დატვირთული ქსელები არ აკმაყოფილებენ სოციალური დისტანცირების ახალ ნორმებს. მსოფლიოს ბევრ ქალაქში უკვე იგეგმება ალტერნატიული მომავალი, სადაც მანქანების ზოლები საფეხმავლო ბილიკებით ნაცვლდება, დაცულია სოციალური დისტანცირების მოთხოვნები, მცირდება ხალხის როგორც ავტომობილებზე, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამოკიდებულება და მიმდინარეობს ფეხით და ველოსიპედით მოძრაობის წახალისება. ჰაერის დაბინძურების შემცირება და მეტი ფიზიკური აქტიურობა მოსახლეობაში ამკვიდრებს ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესს, რაც მეტად მნიშვნელოვანია დაავადებებთან ბრძოლისთვის. პარიზის მერმა ანა იდალგომ გააჟღერა ჰაერის დაბინძურებისა და მოძრაობის გადატვირთვის საწინააღმდეგო ზომები, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებამდე მოეწყობა სრულიად დაცული საველოსიპედო ბილიკები. მილანში კი ამ ზაფხულს განხორციელდება „ღია ქუჩების“ გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება 35 კმ ჯამური სიგრძის გზების საფეხმავლო ქუჩებად გარდაქმნა.

ეკონომიკა: ადამიანებისთვის ქუჩების გახსნა მათი ბიზნესების ხელმისაწვდომობის გაზრდასაც ნიშნავს. პანდემიისგან მძიმედ დაზარალებული ეკონომიკის ფონზე, ქალაქები ახდენენ თავისი კრეატიულობის მობილიზებას, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ზიანი და დაეხმარონ ბიზნესის მესაკუთრეებს. მაგალითად, ვილნიუსში გასტრონომიულ ბიზნესებს ღია საზოგადოებრივ სივრცეებში მაგიდების უფასოდ დადგმის უფლება მიეცათ, რაც რესტორნებისა და ბარების მფლობელებს მნიშვნელოვნად ეხმარება, ამავდროულად კი ფიზიკური დისტანცირებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას უზრუნველყოფს. ჩეხეთში კომპანია HUA HUA Architects-მა შეიმუშავა „უსაფრთხო გასტრონომიული ზონების“ პროგრამა, რომლის მიზანია გარეთ ჭამის რეგულირებით და სოციალური დისტანცირების ზომების დაცვით გასტრონომიული ბიზნესების გამოცოცხლება. და ბოლოს, MASS Design Group-მა პანდემიის საპასუხოდ რესტორნებისთვის გამოაქვეყნა გაიდლაინები, რომლებიც ამ ბიზნესებს თავისი საქმიანობის უსაფრთხოდ და ეფექტურად განახლებაში დაეხმარება.

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

კომპანიები

ბიზნესების საქმიანობის განახლების პარალელურად, არქიტექტურული ფირმები ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მართონ თავიანთი ოფისები, ხოლო სტუდენტები და ახალი კურსდამთავრებულები ცდილობენ ახალ სამუშაო ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადადგმას. ოფისები ცდილობენ საკუთარი დატვირთულობის პროგნოზირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული ოფისებისა და სხვა კატეგორიების, ასევე ბაზრის გარკვეული სექტორების შემცირების ფონზე. კომპანიებს, რომლებიც განიხილავენ ბიზნესის უწყვეტობის, ახალი საოფისე სტრუქტურებისა და სამუშაო მოდელების საკითხებს, შეუძლიათ ისარგებლონ და იხელმძღვანელონ ქვემოთ აღწერილი რესურსებით.

propertygeorgia.ge

ბიზნესის უწყვეტობა: ამერიკელ არქიტექტორთა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ბიზნესის უწყვეტობის გზამკვლევი, რომელიც არქიტექტურულ კომპანიებს ბიზნესის მართვაში დაეხმარება. გზამკვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ოფისებს, რათა მომავალშიც შეძლონ სერვისების მიწოდება და შემოსავლების გენერირება. კერძოდ, გზამკვლევი კომპანიების ხელმძღვანელობას პერსონალის, ობიექტების, ტექნოლოგიის, ინფორმაციის, მიწოდების ჯაჭვის, დაინტერესებული მხარეებისა და რეპუტაციის მართვის ინსაითებს სთავაზობს. ის ეყრდნობა საუკეთესო პრაქტიკას და მოიცავს წარსულში მსგავსი მოვლენებისგან დაზარალებული კომპანიების მაგალითებს.

ოფისის სტრუქტურა: მათი არსებული სერვისების გადახედვის პარალელურად, ოფისები ასევე უნდა დააკვირდნენ თავის სამუშაო სტრუქტურას, დაწყებული მენეჯმენტიდან და დამთავრებული პერსონალის აყვანის პროცესით. BuildTech-ის, 3D ბეჭდვის, მონტაჟისა და გენერაციული დიზაინის გაუმჯობესების ფონზე, კომპანიებისთვის სწორედ ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ დანერგონ სიახლეები და შექმნან დამატებითი ღირებულება. ამით ისინი შეინარჩუნებენ შემოსავლებს და შეამცირებენ რისკებს, ასევე განსაზღვრავენ მოწყვლადობის შემცირების, შეფერხებათა თავიდან აცილების და პოტენციური ახალი შემოსავლების გენერირების გზებს. ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია პერსონალის დაკომპლექტებასთან, რასაც ახალი უნარების მოძიების ან არსებული გუნდის მართვის და ინდივიდუალური ნიჭის გამოვლენის ფორმა შეიძლება გააჩნდეს.

სამუშაო მოდელები: მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებმა ფაქტიურად ერთ დღეში დანერგეს დისტანციური და ციფრული სამუშაო მეთოდები. იმ ფირმებში, სადაც ამგვარი მეთოდები ჯერ არ იყო დამკვიდრებული, აღნიშნულმა ნაბიჯმა სამუშაოს შესრულების არსებული ნორმატიული მოდელი გამოწვევის წინაშე დააყენა. რაც შეეხება გრძელვადიან ეფექტს, პირველი ცვლილებები მიუთითებენ უფრო მცირე ზომის სამუშაო ადგილებზე, სადაც თითოეულ თანამშრომელზე ნაკლები სივრცე და მაგიდა არის გათვლილი. ამასთანავე, ე.წ. „გიგ-ეკონომიკა“ (შრომის ბაზარი, რომელსაც ახასიათებს მოკლევადიანი ხელშეკრულებები და შტატგარეშე თანამშრომლები) უფრო ფართოდ შეიძლება იქნეს მიღებული დიზაინის სფეროში, რასაც პირდაპირი ეფექტი ექნება პერსონალთან კომუნიკაციაზე, პოტენციურ თანამშრომელთა კლასიფიკაციაზე, ისევე როგორც კონკრეტული სამუშაო ადგილების უპირატესობებსა და კონკურსებზე. აღნიშნული ეფექტები ასევე ახალ ფორმას მისცემენ ობიექტების მართვას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსებს.

 

propertygeorgia.ge

 

ინდივიდუალური პირები

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ეფექტი ჯერ კიდევ ცვალებადია, უკვე ცხადია, რომ ახალ კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შეცვლილი შრომის ბაზარი დახვდებათ. ახალი სამუშაო ადგილები ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, კომპანიების მიერ ხარჯების შემცირება და არსებული რეზერვების მაქსიმალურად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შრომის ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტული გახდა, რაც წინა რეცესიას გვაგონებს. კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს შეუძლიათ ამ ახალ რეალობასთან ადაპტირება, თუკი ისინი გაითვალისწინებენ, რომ არქიტექტურის სფეროში ჩამოყალიბებული კრიტიკული აზროვნების უნარი სხვა სფეროებზეც ვრცელდება. მათ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ თავისი ინტერესები და უნარები და მოიძიონ ყველა არსებული ვარიანტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ ჯდება ტრადიციულ ჩარჩოებში.

 

propertygeorgia.ge

სტუდენტები და ახალი კურსდამთავრებულები: პანდემიის ეფექტი სტუდენტებზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სწავლის რომელ ეტაპზე იმყოფებიან ისინი. ახალმა სტუდენტებმა უნდა იაზროვნონ გრძელვადიან პერსპექტივაში, რამეთუ ეკონომიკური აღდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგი 4-5 წლის პერიოდში. სულ უფრო მეტი სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, რის შედეგადაც სტუდენტებს სავარაუდოდ მოუწევთ სწავლის ახალ მოდალობებზე მორგება. რაც შეეხება ახალ კურსდამთავრებულებს, მათ უნდა გააჩნდეთ ძლიერი პორტფელი, რომელიც ასახავს მათი უნარების მრავალფეროვნებას. აღნიშნული უნარები შეიძლება არა მხოლოდ არქიტექტურაზე, არამედ სხვა სფეროებზეც ვრცელდებოდეს. პორტფელის გასაუმჯობესებლად რეკომენდირებულია 

 

კარიერის მრჩეველებისა და დირექტორების, თავისუფალი რესურსებისა და გზამკვლევების გამოყენება. ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტმა ასევე გამოაქვეყნა 1-ლი და მე-2 კურსების სტუდენტებსა და მე-3 კურსის კანდიდატებზე გათვლილი რესურსები. აღნიშნული იდეები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სტუდენტებზეც ვრცელდება. სტუდენტებმა დრო უნდა დაუთმონ სტიპენდიებისა და კონკურსების მოძიებას, უნივერსიტეტში რეგულარულად უნდა შეამოწმონ სამუშაო ადგილების დაფები და უნდა გაითვალისწინონ ალტერნატიულ სფეროებში სამუშაო გამოცდილების მიღება. ფედერალური სტუდენტური სესხების მქონე სტუდენტებს პანდემიის პერიოდში ასევე შეიძლება ეკუთვნოდეთ სტუდენტური დახმარება.

 

ახალგაზრდა პროფესიონალები: არქიტექტურის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა პროფესიონალებს შრომის ბაზარზე ამჟამად კონკრეტული გამოწვევები ელით. მათ დასახმარებლად ამერიკელ არქიტექტორთა ინსტიტუტმა COVID-19-ის პორტალი შექმნა, რომელიც მოიცავს რიგ საკითხებს, დაწყებული კარიერული რესურსებიდან და დამთავრებული ჯანმრთელობის დაზღვევით. პორტალის მიზანია, ჩვენს წევრებს მიაწოდოს შესაბამისი გაიდლაინები, პოლიტიკა და ინსტრუმენტები. ახალი რესურსების ხელმისაწვდომობისთანავე მოხდება პორტალის განახლება. ახალგაზრდა პროფესიონალებმა უნდა აწარმოონ ღია კომუნიკაცია კომპანიების მენეჯერებთან, მოიპოვონ ლიცენზიები (იმ ქვეყნებში, სადაც ეს საჭიროა) და გამოიყენონ საკუთარი ინტერესები როგორც მათი არსებული სამუშაო ადგილის სასარგებლოდ, ისე მათი პროფესიული პოტენციალის გასაფართოებლად. რაც შეეხება დახმარებას, აშშ-ში CARES Act დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, თანამშრომლებს სტუდენტური სესხის დაფარვაში დაეხმაროს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა გზა როგორც არქიტექტურის სფეროში, ისე მის გარეთ.

 

წყარო: www.archdaily.com

ავტორი: Christele Harrouk

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: