Colliers International Georgia საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას აქვეყნებს | Property Georgia

Colliers International Georgia საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევას აქვეყნებს

უძრავი ქონების სერვისების კომპანია Colliers International Georgia განახლებულ, 2015 წლის უძრავი ქონების  ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს.   კვლევა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მომზადდა.

Colliers International Georgia-ს პუბლიკაცია სასტუმროების, კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი და სასაწყობე უძრავი ქონებებისა და ასევე ქვეყენაში გართობის ინდუსტრიის მიმოხილვას მოიცავს. კვლევამ, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ძირითადი ქალაქები (თბილისი, ბათუმი,  ქუთაისი, ფოთი)  და საქართველოს თითქმის ყველა კურორტი მოიცვა, უძრავი ქონების სექტორში ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა.

სასტუმროების სექტორში პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. გაცხადებული სამომავლო პროექტების საფუძველზე თბილისში პროგნოზირებულია მიწოდების 53%-იანი ზრდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც დედაქალაქში არსებულ სასტუმროს ნომრებს 9 112-მდე გაზრდის.  ბათუმში აღნიშნული მაჩნებელი 49%-ით გაიზრდება და 5 983-ს გაუტოლდება. თბილისსა და ბათუმში დაგაგმილი სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ტურისტული პოტენციალიზ ზრდაზე პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს.

მიწოდების ზრდასთან ერთად აღსანიშნავია ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებისა და ტურისტების ნაკადის მატებაც, რომელმაც 2015 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია (5.9 მილიონი ვიზიტორი და 2.2 მილიონი 24 საათზე მეტი ხნით შემოსული ვიზიტორი). ამ მხრივ 2016 წელს საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა - პირველი 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, 24 საათზე მეტი ხნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი - 18%-ით.

კომერციული უძრავი ქონების სექტორში მიწოდება 11%-ით გაიზარდა და 1 230 000 2 შეადგინა (თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ჯამური მაჩვენებელი). ჯამში 2015 წლის მანძილზე 90 307 მ2 კომერციული ფართი გაქირავდა, რაც განპირობებულია როგორც ბაზარზე უკვე არსებული ბრენდების გაფართოვებით, ასევე ახალი საერთაშორისო მოთამაშეების შემოსვლით. მიწოდების ზრდის პარალელურად ვაკანტურობის კოეფიციენტი 22%-დან 17%-მდე შემცირდა თბილისის სავაჭრო ცენტრებში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დედაქალაქში ახლად დამატებული ფართების უდიდესი ნაწილი მალევე დაიტვირთა. ქუთაისსა და ბათუმში საპირისპირო ტენდენციაა - ახალგახსნილი სავაჭრო ცენტრების უდიდესი ნაწილი თავისუფალია, რაც მაღალ ვაკანტურობის კოეფიციენტზე აისახება.

2015 წლის მანძილზე საოფისე უძრავი ქონების სექტორში მიწოდების დონე მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 1 018 000 მ2შეადგინა (თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ჯამური მაჩვენებელი).  კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია და 7-8%-ის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნული ფაქტის გამო რიგ შემთხვევაში  ვხედავთ შედარებით დიდი ზომის საოფისე ფართების (500-600 მ2) ნაკლებობას. თბილისის გარდა ქვეყნის სხვა ძირითად ქალაქებში საოფისე უძრავი ქონების მიწოდება კვლავაც საკმაოდ დაბალია.

საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს მოიცავს.  2015 წლის ბოლოს მდგომარეობით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ჯამში 623 დეველოპერული პროექტი მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები  ჯამურად მოიცავს 47 217 საცხოვრებელ ბინას, რომელიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში შეემატება ბაზარს.  მიმდინარე მშენებლობებიდან ყველაზე დიდი წილი მოდის თბილისში - 60%, მას მოსდევს ბათუმი - 37%-ით, ქუთაისში კი მიმდინარე მშენებლობების მხოლოდ 3% მოდის. 2015 წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით შემცირდა და 18 286 ერთეულს გაუტოლდა. ბათუმში აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა - 3 730 ერთეულამდე, ქუთაისში კი თითქმის არ შეცვლილა და 1 687 ერთეულს შეადგენს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების საშალო ფასები 2015 განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა: მეოთხე კვარტლის მდგომარეობით დედაქალაქში ძველ აშენებულ კორპუსებში საშუალო ფასები 5%-ით არის შემცირებული (560 აშშ დოლარამდე 1 მ2-ზე), ხოლო ახალაშენებულ პროეტებში  - 10%-ით (596 აშშ დოლარამდე 1 მ2-ზე).

სასაწყობე უძრავი ქონების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა 2015 წლის განმავლობაში. ქვეყნის ოთხ ძირითად ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი) არსებული ჯამური მიწოდებიდან (1.8 მილიონი მ2) 65% მფლობელების მიერ არის დაკავებული, დანარჩენი ფართები კი, გაქირავებადია. თბილისზე მოდის ჯამური მიწოდების 53%, რასაც მოსდევს ბათუმი ქუთაისი და ფოთი, შესაბამისად 22%-ით, 13%-ით და 12%-ით. ჯამური მიწოდების 88% მშრალ საწყობებს უჭირავთ, 12% კი - მაცივრებს. სასაწყობე უძრავი ქონების მოთხოვნის ყველაზე დიდი წილი (41%) საკვებისა და სასმელის ინდუსტრიაზე მოდის.

2015 წლის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში ასეევ მოხვდა ქვეყნის მასშტაბით გართობის ინდუსტრიის მიმოხილვაც, რომელიც მოიცავდა არაერთ სექტორსა თუ ქვე სექტორს: გართობა (სამორინეები, კინო-თეატრები, პარკები), დასვენება (გატრონომია და ღვინო, ჯანსაღი ცხოვრება, აქტიური დასვენება), კულტურა (მუზეუმები, თეატრები, სტადიონები, არენებისაკონცერტო დარბაზები). აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოში შემოსული არარეზიდენტი ვიზიტორებიდან 64% დასვენება რეკრიაციის მიზნით სტუმრობდა ქვეყანას, რაც ხაზს უსვამს გართობის ინდუსტრიის მნიშვნელობას. აქვე ხაზგასასმელია სხვადასხვა სამთავრობო ინიციატივები აზარტული თამაშების, კინოინდუსტრიის, სპორტის, საკურორტო ზონებისა და შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით, რაც ასევე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გართობის ინდუსტრიის განვითარებას.

Colliers International-ის ექსპერტების გუნდის მიერ მომზადებულმა კვლევამ ჯამში 21 ქალაქი მოიცვა. ჩატარდა 2 000 ინტერვიუ, 3 ძირითად ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი) გაიმართა კომერციული ქუჩების, ხოლო  ქვეყნის მასშტაბით 800 ობიექტის ადგილზე  ვიზიტი. მომზადდა 1 800 იჯარისა და  24 000 ტრანზაქციის ანალიზი. მკვლევარებმა ასევე 12 ევროპული შესადარისი ქალაქის 1 500-მდე მონაცემის შეგროვება-ანალიზიც ჩაატარეს.

Colliers International-მა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით უკვე მეორედ მოამზადა. Colliers International-ის ქართველი და ბრიტანელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა აქამდე 2014 წლის უძრავი ქონების ბაზარის ტენდენციებიც გააანალიზეს.

2015 წლის სხვადასხვა სექტორის ბაზრის კვლევის დეტალური ანგარიშების ნახვა შესაძლებელია Colliers-ის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე : http://www.colliers.com/en-ge/georgia/insights/market-reports

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: