#propertymedia ჯანსაღი კორპორაციული კულტურა Vs. COVID 19 | Property Georgia

#propertymedia ჯანსაღი კორპორაციული კულტურა Vs. COVID 19

COVID-19 პანდემიის დროს მიღებულმა შეზღუდვებმა მრავალ კომპანიაში გააჩინა რესტრუქტურიზაციის, ადამიანური რესურსების გადახარისხების და სტრატეგიული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. 

სწრაფი და ფორს-მაჟორული ცვლილებები განსაკუთრებით დიდი რისკის შემცველია, რადგან  გამოწვეული სტრესი საფრთხეს უქმნის ორგანიზაციების მდგრად განვითარებას. თუმცა მათი ეფექტური მართვის შემთხვევაში, შესაძლებელია კომპანიის საქმიანობის ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ამაღლება. 

„ფროფერთი ჯორჯია“-სთან თანამშრომლობით, კომპანიებმა EVA და MentalHub-მა, პროექტის ფარგლებში „ჯანსაღი კორპორაციული კულტურა" განახორციელეს კვლევა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორში. კვლევის მიზანი პანდემიის ზეგავლენის გარკვევას თანამშრომელზე და აღნიშნულის გაანალიზებას ორგანიზაციაში HR მართვის ფუნქციის მიხედვით წარმოადგენდა. 


propertygeorgia.ge

„კორპორაციული კულტურის სიჯანსაღეზე მიუთითებენ ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: თანამშრომლების დადებითი განწყობა, მყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გუნდურობისა და მზრუნველობის განცდა, ასევე ორგანიზაციის მზაობა და მოქნილობა ცვლილებების მიმართ“ აღნიშნა Mental Hub-ის დამფუძნებელმა აკაკი ბურკაძემ. 

პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, დიდი გავლენა იქონიეს ორგანიზაციის მოწყობაზე და თანამშრომელთა ყოველდღიურ საქმიანობაზე. მსგავსი ცვლილებების მართვა უპირველეს ყოვლისა HR მართვის ფუნქციაში შედის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ვერ დაიწყებოდა პანდემიასთან ერთად, არამედ ეფექტური მართვის მუდმივი ნაწილი უნდა იყოს. 

 

propertygeorgia.ge

„ჯანსაღი კორპორაციული კულტურა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესის შედეგია. მისი მიღწევა შესაძლებელია ერთდროულად ორგანიზაციაში ინდივიდუალურ თანამშრომელთან მუშაობისა და ორგანიზაციის რეგულაციების გაუმჯობესებით. დადებითად განწყობილი, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომელი ვერ იქნება იმ ორგანიზაციის ნაწილი, სადაც არ არის ჩამოყალიბებული ხედვა და სტრატეგია, თანამშრომელთან სწავლების, განვითარებისა და მოტივაციის გეგმა, რაც დიდ წილად სწორედ HR ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.“ აღნიშნა EVA-ს დამფუძნებელმა სალომე არღვლიანმა

განხორციელებული კვლევის შედეგების ანალიზმა მნიშნელოვანი საკითხები წამოწია წინ, კერძოდ:

1.    HR მართვის ფუნქციის არასწორი გადანაწილება ორგანიზაციაში. HR მართვის კომპლექსურობა და ფორმა განისაზღვრება ორგანიზაციის საქმიანობისა და მოცულობის მიხედვით. მონაცემებით კი გამოჩნდა, რომ ეს ფუნქცია საკმაოდ არეულია და არ მიყვება სტრატეგიას. 

2.    ორგანიზაციის მწირი მზაობა ფორს-მაჟორით გამოწვეული ცვლილებებისადმი. ანალიზმა აჩვენა, რომ კომპანიებმა დროულად ვერ / არ მოახერხეს სამუშაო ფორმის/გრაფიკის შეცვლა (სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, დისტანციური მოდელი შესაძლებელია გამოყენებულიყო მეტწილად ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის) ასევე არ განხორციელდა თანამშრომელთა სწავლება და მომზადება (მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რეგულაციების მოთხოვნებისა). ამ ნაწილში იკვეთება HR ფუნქციის სისუსტე, როგორც გავლენის ისე ჩართულობის კუთხით. 

3.    უმნიშვნელოვანეს საკითხს თანამშრომლებზე ზრუნვა წარმოადგენს, რაც გამოიხატება თანამშრომელთა მოტივაციაზე, სტრესის დონეზე. კომპანიებში სადაც მაღალია თანამშრომლებზე ზრუნვა ასევე გამოხატულად მაღალია თანამშრომლებს შორის დადებითი ურთიერთდამოკიდებულება. ყურადსაღებია, რომ უმრავლესობა ორგანიზაციებში არ მომხდარა პანდემიის პერიოდში რაიმე დამატებითი „ბენეფიტების“ გაცემა (დაზღვევა, ტესტის საფასური, ექიმის კონსულტაცია, ფსიქოლოგის კონსულტაცია, სამუშაო გრაფიკის შემცირება ა.შ.)
 

კითხვარის ფსიქოლოგიური ნაწილის ანალიზით აშკარად გამოიკვეთა ორგანიზაციების ჩაურთველობა თანამშრომლების სტრესის მართვის, მოტივაციისა და პროდუქტიულობის ნაწილში. გამოჩნდა თანამშრომელთა თვით-ორგანიზებულობა, როგორც  ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. გუნდურობის შენარჩუნების მიზნით, ასევე მწირი ჩართულობაა HR მართვის მხრიდან და თანამშრომლები ძირითადად არაფორმალური თვით-ორგანიზებული კომუნიკაციის ფორმებით ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას. 

თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების, მათი მოტივაციის, პროდუქტიულობის, სწავლებისა და განვითარების მიზნით საჭიროა შეიქმნას ორგანიზაციის გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული HR მართვის  სტრატეგია, დაინერგოს შეფასების, მოტივაციის სისტემა, ხოლო სწალებისა და განვითარების გეგმა უზრუნველყოფდეს თითოეული თანამშრომლის პიროვნულ და პროფესიულ ზრდას. 

თანამშრომელთა განწყობაზე და ფსიქიკაზე ზრუნვა მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით არის შესაძლებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და განვითარებაზე იქნება მორგებული. 

ჯანსაღი კორპორაციული კულტურის გარანტი ჯანსაღი და მოტივირებული თანამშრომელია. 

 

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ქვემოთ მიმაგრებულს პრეზენტაციას.
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: