პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა | Property Georgia

პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაციის, პროექტის მართვის ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები, PMI საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებლები და წევრები, ასევე პროექტის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები დაესწრნენ.

Property Georgia

პროექტის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მიზანი პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობაა. PMI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებელი და კომუნიკაციების დირექტორი თამარ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პროექტის მართვის სფერო საქართველოში არც ისე კარგადაა განვითარებული, ამიტომ საქართველოს წარმომადგენლობა აქტიურად იმუშავებს ამ პროფესიაზე ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიონალების ხელშეწყობაზე.

“პროექტის მართვის ინსტიტუტთან ერთად ამ წარმომადგენლობის გახსნაზე დაახლოებით 4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს იყო აქტიური, ნაყოფიერი და დატვირთული პერიოდი. ვფიქრობ, ამ წარმომადგენლობის არსებობას საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პროექტების მართვა საქართველოში არ არის საუკეთესოდ განვითარებული. ამიტომ, ჩვენი წარმომადგენლობის მიზანია, ამ პროფესიის შესახებ ავამაღლოთ ცნობიერება, ხელი შევუწყოთ საქართველოში რაც შეიძლება მეტი სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერის არსებობას, რაც, თავის მხრივ, დრამატულად გააუმჯობესებს სახელმწიფო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე,” – აცხადებს თამარ მაჭავარიანი.

პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წელს დაფუძნდა და 92 მოქმედ წევრს აერთიანებს. მათ შორის, პროექტის მართვის პროფესიონალის სერტიფიკატის (PMP) მფლობელებსაც, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებში. ასევე, წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს პროექტის მართვის ინსტიტუტის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებთან.

PMI-ს პრეზიდენტი და დამფუძნებელი ლელა მაჩაიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პროექტის მართვის სტანდარტების და მეთოდოლოგიის გავრცელებას საქართველოში.

“ეს იქნება ადგილი, სადაც შეგვეძლება, გავაზიაროთ ცოდნა, გამოცდილება. გვქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა დარგის, სექტორის, პროექტის მენეჯერებთან. ვისაუბრებთ, რა გამოწვევები და საჭიროებებია პროექტის მართვის მიმართულებებით და სად არის ის ხარვეზები, რომლის გამოსწორებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ ერთად,” – აცხადებს ლელა მაჩაიძე.

პროექტის მართვის ინსტიტუტი 1969 წელს დაფუძნდა და დღემდე ყველაზე დიდი, არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციაა. ინსტიტუტი მსოფლიოს მასშტაბით 700,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ქმნის ღირებულებას ადვოკატირების, თანამშრომლობის, განათლებისა და კვლევის მეშვეობით 2.9 მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. პროექტის მართვის ინსტიტუტი ხელს უწყობს პროფესიონალებს კარიერულ ზრდაში, ხოლო ორგანიზაციებს წარმატების მიღწევაში. ინსტიტუტი აძლიერებს პროექტის მართვის პროფესიას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების, სერტიფიცირების, რესურსებისა და ინსტრუმენტების შექმნით, აკადემიური კვლევების, პუბლიკაციების, პროფესიული განვითარების კურსების და პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირების გზით.

Property Georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: