პროექტის მენეჯერი – გიყვართ თუ გძულთ, გჭირდებათ! | Property Georgia

პროექტის მენეჯერი – გიყვართ თუ გძულთ, გჭირდებათ!

რა არის პროექტი? ან პროგრამა? რომელ პროექტზე შეიძლება ვთქვათ, რომ ის წარმატებულია ან რა უნდა იცოდეს თუ შეეძლოს ადამიანს, ვინც ამ პროექტს წარმატებამდე მიიყვანს? რა თვისებები უნდა ქონდეს ან რა სირთულეებისთვის უნდა იყოს მზად პროექტის მენეჯერი ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი? მახსოვს ეს კითხვები, რომლებსაც დაახლოებით 20 წლის წინ საკუთარ თავს ვუსვავდი. ამ კითხვებს დღეს ბევრი სხვა კითხვაც დაემატა, რამდენი მსხვილმასშტაბიანი (3 წელზე და $5 მილიონზე მეტი) პროექტი გვაქვს საქართველოში? რომელი სექტორი უფრო აქტიურად იყენებს პროექტის მართვის სტანდარტებს და მეთოლოგიებს? რა ხდება დღეს დეველოპერულ და სამშენებლო პროექტებში ამ მიმართულებით? სად ხედავენ პროექტის მენეჯერები, დამკევეთები და სპონსორები მთავარ სირთულეს? რატომაა ასე რთული „კარგი“ პროექტის მენეჯერის პოვნა?

წლების წინ დასმული ეს კითხვები ჩემთვის, როგორც უკვე პროფესიონალი პროექტის მენეჯერისთვის, პროექტების მართვის ტოპ ათეულში მყოფ ორ საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. რადგან მათზე პასუხის გასაცემად გასათვალისწინებელი ცვლადი კიდევ უფრო მეტია, პასუხიც ბევრ “გააჩნია”-ზეა დამოკიდებული, სადაც ზუსტი ფორმულა თუ რეცეპტი არ არსებობს. რატომ? იმოტომ, რომ პროექტის მართვაშიც, ისევე როგორც ყველგან ადამიანური, გლობალური და სექტორული ფაქტორია გასათვალისწინებელი და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.

დღევანდღელ ქართულ ბაზარზე მიმდინარე პროექტების რიცხვით განსაკუთრებით გამოირჩევიან სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები. საქართველოშიც, ისევე როგორც გლობალურად, პროექტების რიცხვი იზრდება და კვლევები აჩვენებს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება. სამწუხაროდ, არ არსებობს კვლევა, რომელიც მოგვაწოდებს ინფორმაციას ქართულ ბაზარზე წარმატებული თუ წარუმატებელი პროექტების რაოდენობის შესახებ, ან მათ გამომწვევ მიზეზებზე და მთავარ სირთულეებზე. თუმცა, შეგვიძლია გადავხედოთ, რა ხდება გლობალურ ბაზარზე ამ მიმართულებით. როგორც პროექტის მართვის ინსტიტუტის 2017 წლის კვლევა, რომელშიც 3,234 პროფესიონალი მსოფლიოს მასშტაბით მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ ორგანიზაციები ყოველ ინვესტირებულ $1 მილიარდზე წლიურად კარგავენ საშუალოდ $97 მილიონს. რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20% იანი გაუარესებაა და ამის მთავარ მიზეზად სწორედ პროექტების არასწორი მართვა სახელდება. თუ გლობალურ ბაზარზე ასეთი მდგომარეობაა, სადაც პროექტის მართვა სტანდარტიზებულია და მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება, ადვილი წარმოსადგენია, როგორი სავალალო შედეგები გვექნება საქართველოში, სადაც „კიდევ სცადეთ“ მეთოდით მუშაობს პროექტის მენეჯერების უმრავლესობა და დანაკარგიც ალბათ 2-5-ჯერ მეტი იქნება. თუმცა, ფაქტია, რომ როგორღაც პროექტები სრულდება და წარმატებითაც და ამაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველი პმ-ების გამჭრიახობასა და ალღოზეა დამოკიდებული.

“მართვის აკადემია”-ში ორიოდე თვის წინ 50-მდე პრაქტიკოსი პროექტის მენეჯერის გამოკითხვის ანალიზის შემდეგ, ქართული ბაზრის რამდენიმე მთავარი სირთულე გამოიკვეთა. პროექტის დაგეგმვის ნაკლებობა, ცვლილებების კონტროლის სისტემის არარსებობა, არაეფექტური კომუნიკაცია და პროექტის მენეჯერის (პმ–ის) როლის და პასუხისმგებლობების აღქმა ქართულ ბაზარზე – პმ–ები თვლიდნენ, რომ სწორედ ეს სირთულეებია დღევანდელ ბაზარზე პროექტების წარუმატებლობის, გადაჭარბებული ბიუჯეტის, განსაზღვრულ ვადებში ვერ ჩატევის ან თუნდაც იმ საბოლოო მიზნის თუ სარგებლის ვერ მიღწევის გამომწვევი მიზეზები.

მგონია, რომ დღეს საქართველოში პმ–ის მნიშვნელობა უმრავლესობამ დანამდვილებით არც იცის და ბოლომდე ვერ აცნობიერებს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის მის აუცილებლობას. ამას მაფიქრებინებს დასაქმების საიტებზე გამოქვეყნებული პმ–ის პოზიციაზე მოთხოვნები, როცა საკმაოდ ბუნდოვანია რა უფლება–მოვალეობები ექნება დაქირავებულს, ან ხშირ შემთხვევაში პმ–ი კი არა, პროექტის კოორდინატორი სჭირდებათ, ან კი უბრალოდ ადმინისტრატორი ან საუკეთესო შემთხევაში კონსულტანტი. რა განსხვავება პმ–სა და პროექტის კოორდინატორს შორის? მიუხედავად იმისა, რომ პროექტის კოორდინატორს, შეუძლია გააკეთოს პროექტის მენეჯერის საქმე,  მხოლოდ პროექტის მენეჯერია მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და ძირითადი პასუხისმგებელი პროექტის წარმატებაზე. მაშინ, როცა კოორიდნატორი პროექტში ჩართული დაინტერესებული მხარეების მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლია.

დამკვეთები, სპონსორები სურლყოფილად ვერ აცნობიერებენ თუ რა მნიშვნელობა აქვს მათი ორგანიზაციის მომგებიანობის ზრდისთვის და წარმატებისთვის პმ–ის ზედა და ქვედა რგოლის მენეჯმენტთან, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობას, კომუნიკაციის და მხარდაჭერის აუცილებლობას.  ამ დროს სულ მახსენდება ძველი ანეგდოტი, პატარა ჭიჭიკიას რომ კითხეს, რა გინდა რომ გამოხვიდეო და იმან, დირიჟორიო, მასე მეც შემიძლია ჯოხის ქნევაო. ჰოდა, პმ–ობაზეც ფიქრობენ, რომ ყველას გამოუვა და ხშირ შემთხვევაში ვერ აღიქვავენ როგორც განსაკუთრებული განათლების საჭიროების მქონე პროფესიას. ორგანიზაციები ვერ ან არ ხედავენ პმ–ის განვითარების, განათლების, მხარდაჭერის და მის წარმატებაზე ზრუნავის აუცილებლობას, მაგრამ არიან მოწინავეები, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულები. ერთ–ერთია მათგანია დეველოპერული კომპანია "m2 უძრავი ქონება", რომლის მენეჯმენტის ფოკუსი სწორედ კადრების ზრდაზე, განსაკუთრებით კი პმ–ების განვითარებაზე, განათლებაზე და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

ალბათ დასაფიქრებელია ყველა დეველოპერისთვის, სამშენებლო ორგანიზაციისთვის, რამდენად უწყობენ ხელს თავიანთ პმ–ებს, რომ განვითარდნენ, გაეცნონ სხვა ქვეყნის პმ–ების პრაქტიკას და გამოცდილებას, რამდენად აძლევენ პმ-ებს ინოვაციურობის უფლებას, რამდენად აძლევენ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას.  იცით, რომ დღეს საქართველოში მხოლოდ 43 სერტიფიცირებული პროფესიონალი პროექტის მენეჯერია? მაშინ, როცა დასაქმების საიტებზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია სწორედ პმ-ია და რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც დამსაქმებლები, როგორც ადამიანები, რომლებსაც გვინდა, რომ ჩვენი ორგანიზაცია განვითარდეს და იყოს მომგებიანი და კონკურენტუნარიანი ბაზარზე? პროექტის პროფესიონალი მენეჯერების გუნდის ინიციატივით, ყალიბდება პროექტის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში ხელი შეუწყობს პროექტის მართვის სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ცნობადობის გაზრდას, პროექტის მენეჯერების განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის პროფესიული გამოცდილების და მიღებული პრაქტიკების გაზიარება. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, პროექტის მენეჯერების განვითარების დონის ასამაღლებლად ქვეყანაში და პმ-ის როლის და პასუხისმგებლობების სწორად დანახვასა და გაგებაში.

ავტორი : ლელა მაჩაიძე

საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: