როგორ შეხვდა ქართული უძრავი ქონების ბაზარი რუსულ შეზღუდვებს? | Property Georgia

როგორ შეხვდა ქართული უძრავი ქონების ბაზარი რუსულ შეზღუდვებს?

მეგი კავთუაშვილი

რუსულმა ტურისტულმა ემბარგომ, ავიარეისებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და ქართულ პროდუქციაზე გამკაცრებულმა კონტროლმა, საქართველოს მთავრობას და ბიზნეს სექტორს ახალი ბაზრების მოძიების ბიძგი მისცა. ტურიზმის დარგის სხვადასხვა პროფილის აქტორები ერთიანი ძალებით ეფეტიანად ცდილობენ საქართველოს კურორტების საერთაშორისო სივრცეში რეკლამირებას. სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლები კიდევ უფრო აქტიურად პოზიციონირებენ უმსხვილეს საერთაშორისო ბაზრებზე.

თუმცა კრიზისის ნეგატიური გავლენის შემსუბუქებისთვის მნიშვნელოვანია, ტურიზმთან და სოფლის მეურნეობასთან ერთად ეკონომიკის სხვა მიმართულებების, მათ შორის, უძრავი ქონების სექტორის მდგრადობის შენარჩუნება.  მით უფრო, ბოლო დროინდელი ტენდენციის პირობებში, როცა დედაქალაქში თუ საქართველოს კურორტებზე მიმდინარე სამშენებლო ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი.  სტატისტიკა მოწმობს, რომ რუსეთის ათი ათასობით მოქალაქეს საქართველოში უძრავი ქონება უკვე შეძენილი აქვს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2012-2016 წლებში საქართველოში სულ  2 691 313  უძრავი ქონება გაიყიდა, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 34 024 ერთეული უძრავი ქონება შეიძინეს. მათ შორის, 53% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.

უკანასკნელი 2,5 წლის მონაცემებს საგანგებოდ Property Georgia-სთვის ანალიტოკოსები ამუშავებენ. განახლებულ ინფორმაციას მკითხველს ანალიზის დასრულებისთანავე შევთავაზებთ, მანამდე Property Georgia ქართული უძრავი ქონების ბაზრის უმსხვილეს დეველოპერებს დაუკავშირდა.

თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მულტიფუნქციურ სახლში King David , ბოლო წლებში უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა ადგილობრივ მომხმარებლებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ჰქონდათ.  კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ცნობით,  King David-ში მყიდველთა 83% ეროვნებით ქართველია. დანარჩენ 17%-ს უცხოელები წარმოადგენენ. მათ შორის არის რუსეთის, გერმანიის, პოლონეთის, ამერიკის, ისრაელის,  ყაზახეთის, მექსიკის და იაპონიის მოქალაქეები. უძრავი ქონების მფლობელებს შორის რუსეთის მოქალაქეების წილი  ჯამში  4%-ს წარმოადგენს.

„საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან ერთად, საკმაოდ მზარდია სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესაბამისად ვთვლით რომ ალტერნატიული ბაზრების მოძიების პროცესი უკვე დაწყებულია და საკმაოდ შედეგიანადაც.რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ქართული უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ძირითადად მიმართულია საკურორტო ზონებზე. შესაბამისად ვთვლით, რომ შესაძლებელია მოკლე პერიოდში შეზღუდვები აისახოს საკურორტო ზონებზე, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც უყვართ საქართველო და საქართველოში დასვენება, მოძებნიან სხვა გზებს საქართველოში ჩამოსასვლელად და შესაბამისად უძრავი ქონების შესაძენად;“ - King David-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ნინი მარიამიძე.

კომპანიაში „დირსი“ რომელიც, ასევე, მულტიფუნქციურ სივრცეს ფლობს თბილისში, აცხადებენ, რომ ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააკეთეს. როგორც კომპანიის PR მენეჯერი აცხადებს „დირსის“ გაყიდვების მაჩვენებლებში რუსეთის მოქალაქეები არ ფიგურირებენ.

ვფიქრობთ, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ქართული უძრავი ქონების ბაზრის  იჯარით გაცემის სტატისტიკას უფრო დაეტყობა. ჩვენი კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლებში არ არიან რუსეთის მოქალაქეები. 2017 წლის ბოლოს ჩვენი კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალურად ათვისება გადაწყდა. შესაბამისად, შევიმუშავეთ და 2018 წლის დასაწყისიდან აქტიურად ჩავუშვით პროდუქტები, რომლის მიზნობრივი სეგმენტი საქართველოს მოქალაქეები და ემიგრანტები არიან. მათთვის ხშირად გვაქვს მომხმარებლის ინტერესებს მორგებული სხვადასხვა ტიპის ფასდაკლების აქციები.“ - აცხადებს AS GEORGIA "დირსის" PR მენეჯერი, ქეთი ფაჩულია.

Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ლიკა ქარდავას აზრით, კრიზისების ნეგატიური გავლენის შესამსუბუქებლად და მეტი მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს უძრავი ქონების სექტორის ჭრილში გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკა. კომპანიაში საგანგებოდ რამდენიმე ქმედითი ნაბიჯიც შემუშავდა: 

პირველი: საქართველოში ივნისში ოფიციალურად დაფუძნდა უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI  ადგილობრივი წამომადგენლობა FIABCI Georgia. უძრავი ქონების სექტორის ერთიანი გლობალური გაერთიანების ქართული ოფისის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განვითარდეს ჯანსაღი დიალოგი საჯარო და კერძო სექტორებს შორის და საქართველო მსოფლიო უძრავი ქონების და ტურიზმის რუკაზე კიდევ უფრო მასშტაბურად და ეფექტიანად დაპოზიციონირდეს. ამ მიზნით,  FIABCI Georgia სახელმწიფო სტუქტურებთან მემორანდუმების გაფორმების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს.  მეორე: სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ინვესტორებისთვის ვგეგმავთ ე.წ ფროფერთი ტურებს, რომელიც ახალი ბაზრების მოძიების შედეგად  ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და მხარჯველი, ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.  მესამე და უპრეცედენტო: ოქტომბერში საერთაშორისო მედია პარტნიორების და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით ვაორგანიზებთ მაშტაბურ უძრავი ქონების და ტურიზმის ღონისძიებას, რომელის მიზანია აქციოს საქართველო  უძრავი ქონებისა და ტურიზმის ინდუსტრიის ცენტრად რეგიონში და გლობალურ რუკაზე .

რუსული ემბარგოს ფონზე, უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები ახალი ბაზრების ათვისებაზე და არსებულ ბაზრებზე მეტად გაფართოვებაზე აკეთებენ არჩევანს.  დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უნდა მიეცეთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. მათ შორის, უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა იპოთეკურ დაკრედიტებაზე.  

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: