როგორ უმკლავდებიან პრემიუმ-კლასის სასტუმროები კორონავირუსის პანდემიას? | Property Georgia

როგორ უმკლავდებიან პრემიუმ-კლასის სასტუმროები კორონავირუსის პანდემიას?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი სასტუმროები ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას უწევენ, ხოლო სახლში ჩაკეტილ ადამიანებს ვირტუალურ მოგზაურობას სთავაზობენ

ბრუკლინის ნახევრად სავსე სასტუმრო Wythe ერთ კვირაში სრულად დაცარიელდა. „სასტუმროს რესტორანს ჩვენ ორი დღის მანძილზე ნახევარი დატვირთვით ვამუშავებდით, შემდეგ კიდევ ორი დღე სტუმრებს გატანის მომსახურებას ვთავაზობდით, ბოლოს კი კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად თავიდან უნდა აგვეცილებინა ხალხის ერთმანეთთან კონტაქტში შესვლა. რესტორანი დაიხურა, ხოლო სასტუმროს პერსონალის რაოდენობა მინიმუმადე შემცირდა, სანამ გავერკვეოდით სიტუაციაში“, ამბობს სასტუმროს თანამესაკუთრე და გენერალური მენეჯერი პიტერ ლოურენსი.

მსოფლიოში უამრავი სასტუმროს მსგავსად, ლოურენსის ობიექტშიც გაუქმდა ჯავშნები, მფლობელებმა დაკარგეს შემოსავალი და არ იციან, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიით გამოწვეული ქაოსი. ასეთ დროს ადვილია პანიკაში ჩავარდნა, თუმცა ლოურენსმა და მისმა პარტნიორებმა სწორედ ახლა გადაწყვიტეს, გამოეჩინათ ინიციატივა და დახმარებოდნენ იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. როდესაც შეიტყეს, რომ ექიმებს და ექთნებს 18-საათიანი ცვლის შემდეგ მანქანებში უწევდათ ძილი, ვინაიდან სახლიდან შორს იმყოფებოდნენ ან ეშინოდათ ოჯახში ვირუსის მიტანის, Wythe-ის მესაკუთრეებმა მათ უფასო ნომრები შესთავაზეს. ამჟამად ვუდჰოლის საავადმყოფოს 30-მდე ექიმი და ექთანი იმყოფება სასტუმროში, სადაც მათ თვითიზოლაციისთვის უსაფრთხო გარემო გააჩნიათ. შეფ-მზარეულ ეიდენ ო’ნილის პატარა გუნდი ჰოსპიტალის პერსონალს ყოველ დღე 40 სადილს უმზადებს.   propertygeorgia.ge

Wythe Hotel ერთადერთი სასტუმრო არ არის, რომელიც ინიციატივას იჩენს და საზოგადოებას ეხმარება. ნიუ იორკის Four Seasons და ლონდონის Claridge’s ასევე უზრუნველყოფენ უფასო ნომრებს სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში ავანგარდს წარმოადგენს. ბუტიკის ტიპის სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის, Brown Hotels-ის ფლაგმანმა სასტუმრომ Brown TLV თელ-ავივში თავისი 30-ივე ნომერი კარანტინში მყოფ ექიმებს დაუთმო. ბერლინის Adlon Kempinski, რომელიც Leading Hotels of the World-ის წევრია და განთქმულ ბრანდენბურგის კარიბჭესთან მდებარეობს, კრიზისის შემდეგ ქალაქის სამედიცინო პერსონალს 1000-ზე მეტ უფასო ღამეს გამოუყოფს და ფუფუნებაში დასვენების საშუალებას მისცემს.

აღნიშნულ კამპანიაში სასტუმროს დიდი ბრენდებიც ჩაერთნენ. „მარიოტი“ ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებს 10 მილიონი დოლარის ღირებულების ნომრებს გამოუყოფს პანდემიისგან ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი, ახალი ორლეანი, ჩიკაგო, დეტროიტი, ლოს ანჯელესი, ლას ვეგასი, ვაშინგტონი და ნიუარკი. „ჰილტონი“ American Express-თან პარტნიორობით მაისის თვეში 1 მილიონამდე ნომერს გამოუყოფს ექიმებს, ექთნებსა და სხვა სამედიცინო პერსონალს.

იტალიაში ამალფის სანაპიროს ოთხი განთქმული სასტუმრო - ქალაქ პოზიტანოს Le Sirenuse და Il San Pietro, რაველოს Palazzo Avino და ამალფის Santa Caterina, მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორან Don Alfonso 1890-თან ერთად Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო და 200,000 ევროს ჯამური ღირებულების ვაუჩერებს სთავაზობს იმ პირებს, რომლებიც ფონდ Melanoma Onlus-ში შესაბამისი ოდენობის შეწირულობას გადარიცხავენ. აღნიშნულ სასტუმროებში დარჩენასთან ერთად, ვაუჩერების საფასურში შედის პრემიუმ-კლასის სადილი, სპა-პროცედურები, ღვინის დეგუსტაცია და მარტინის დამზადების გაკვეთილები. „ამ იდეამ დიდი წარმატება მოიპოვა. ვფიქრობ, რომ ხალხს სურდა კარგ საქმეში მიზანმიმართულად ფულის ჩადება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოგვიანებით ჩვენთან გატარებული დროით ისიამოვნებენ“, ამბობს Le Sirenuse-ს მფლობელი ანტონიო სერსალე. მისივე თქმით, სასტუმროს ყველა ვაუჩერი ორ დღეში გაიყიდა.

აგრეთვე დიდია იმ სასტუმროთა რიცხვი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას კვების პროდუქტებით ამარაგებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრემიუმ-კლასის სასტუმროები თავიანთი საცავებიდან ექიმებს, ექთნებსა და უსახლკაროებს ურიგებენ პროდუქტებს. ისინი ასევე ეხმარებიან საკუთარ პერსონალს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება ან იძულებით შვებულებაში გაშვება მოუწიათ. მაგალითად, Riggs Washington-ის გენერალურმა მენეჯერმა მორგან სტანამ ადგილობრივი ბარების მენეჯერებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია Friends & Family Meal შექმნა, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში მასპინძლობის სექტორის მოწყვლად თანამშრომლებს კვების პროდუქტებს აწვდის. სასტუმრო ასევე თანამშრომლობს შეფ-მზარეულ ხოსე ანდრეს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან World Central Kitchen, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 100,000-მდე უფასო სადილს ამზადებს.

ბერლინში ბუტიკის ტიპის სასტუმრო „ორანიამ“ თავისი კვების პროდუქტების მარაგი დაუყოვნებლივ გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაციებს უსახლკარო ადამიანებისთვის დასარიგებლად. სასტუმრომ ასევე მსგავს ინიციატივებში ჩართვისკენ მოუწოდა თავის უმსხვილეს მიმწოდებლებს. თვითონ „ორანიას“ გუნდი კი ბერლინის უსახლკაროთა დახმარების ორგანიზაციას Berliner Obdachlosenhilfe კვირაში 800-მდე სადილს უმზადებს. ლონდონში კი სასტუმრო Berkeley-იმ, რომელიც Claridge’s-ისა და Connaught-ის მსგავსად Maybourne Hotel Group-ს მიეკუთვნება, ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ავტოკაფე (ე.წ. „დრაივ-თრუს“ მომსახურება) გააკეთა, სადაც მათ დილის 10 საათიდან ჩაისა და ყავის, ხოლო 11:30-იდან სადილის გატანა შეეძლებათ.

propertygeorgia.ge

შვეიცარული სასტუმროების ჯგუფი Tschuggen, რომელშიც სასტუმროები Tschuggen Grand Hotel, Carlton St. Moritz, Eden Roc Ascona და Valsana შედიან, რისკის ქვეშ მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას კვების პროდუქტებითა და მედიკამენტებით ამარაგებს. კალიფორნიაში კი Rosewood’s-ის ბრენდის ორი ობიექტი - ქალაქ მონტესიტოს Rosewood Miramar Beach და სან ფრანცისკოს Rosewood CordeValle - ადგილობრივი მოსახლოების მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის იძულებით შვებულებაში გაშვებულ საკუთარ პერსონალს, საკვებს აწვდის. კომპანიის ინიციატივა სახელად Rosewood Raise მხარს უჭერს პანდემიისგან დაზარალებულ თემებსა და კომპანიის თანამშრომლებს. Miraval Austin იძულებით შვებულებაში გაშვებულ პერსონალს საკუთარი ფერმიდან ხილ-ბოსტნეულის გატანის საშუალებას აძლევს. ბრაზილიის ქალაქ ტრანკოზოს სასტუმრო UXUA Casa Hotel ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჯანსაღ კერძებს (მაგ. თევზს, სალათებსა და ქოქოსის ვინეგრეტს) უმზადებს. ინდური ბრენდი Oberoi ჯანსაღი საკვებით ამარაგებს სამედიცინო პერსონალსა და სხვა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს, რომლებსაც უჭირთ სახლში საკვების მიტანა.

propertygeorgia.ge

სხვა ობიექტები სასაჩუქრე ბარათების გაყიდვით ეხმარებიან საქველმოქმედო ორგანიზაციებს. როუდ აილენდის შტატის ქალაქ ნიუპორტში სასტუმრო Gurney’s Resorts თითოეული გაყიდული ბარათიდან მიღებული თანხის 25%-ს ნიუ იორკის „საკვების ბანკს“ მიახმარს. Bunkhouse Group-მა, რომელსაც ქალაქ ოსტინში პოპულარული სასტუმროები Saint Cecilia და Marfa’s El Cosmico ეკუთვნის, სპეციალური სასაჩუქრე კოლექცია გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხასაც ის თავისი თანამშრომლების დასახმარებლად შექმნილ ფონდში ჩარიცხავს.

„არსებულ კატასტროფულ სიტუაციაში ჩვენ მაინც გვხვდება ადამიანების მიერ სიკეთისა და გულუხვობის გამოჩენის საოცარი შემთხვევები“, ამბობს კომპანია Indagare-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მელისა ბრედლი. „მასპინძლობის სექტორი იზიდავს ბუნებრივად კეთილგანწყობილ და გულუხვ ადამიანებს. შესაბამისად მე არ მიკვირს, რომ ისინი სხვებს უწევენ დახმარებას მაშინ, როდესაც თვითონ არ აკლიათ პრობლემები“.

ბრედლის თქმით ივეთება ტენდენცია, რომლის მიხედვითაც სასტუმროები „იყიდე დღეს, დარჩი მოგვიანებით“ პროგრამის ფარგლებში ობლიგაციებს ყიდიან. მაგალითად, ქალაქ სენტ ბარტსის სასტუმრო Le Barthelemy და ნანტაკეტის სასტუმრო Greydon House მომხმარებელს 100 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებს სთავაზობენ, რომეთა ღირებულება 60 დღის შემდეგ 150 დოლარამდე გაიზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ამჟამად 27 სასტუმრო მონაწილეობს, და ეს რიცხვი სამომავლოდ გაიზრდება.propertygeorgia.ge

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული მოგზაურობის შეჩერების პირობებში, ბევრი სასტუმრო სოციალურ ქსელებში მომხმარებელს სთავაზობს ვირტუალური მოგზაურობის გამოცდილებას, რათა ხალხმა იოცნებოს თავის შემდეგ მოგზაურობაზე. მაგალითად, აფრიკაში ველური ბუნების დაცვის წამყვანი ორგანიზაცია Singita თავისი Instagram-ის გვერდზე დღეში ორ ვირტუალურ საფარი-ტურს ატარებს. აღნიშნულ გვერდზე ხალხის ჩართულობის დონე რამდენიმე დღეში 400%-ით გაიზარდა. საფარი-ტურების ოპერატორმა კომპანიამ andBeyond საკუთარ ვებ-გვერდზე ახალი კამპანიები სახელად „აფრიკა სახლში“ და „სამხრეთ ამერიკა სახლში“ შექმნა, რომლებიც მოიცავს ვიდეორგოლების სიებს, რეცეპტებს, წიგნებისა და ფილმების რეკომენდაციებს, ლაივ-სტრიმებსა და იდეებს ბავშვებისთვის. ტაილანდური ბრენდი Anantara, რომელსაც აზიაში, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში ეკუთვნის სასტუმროები, პოპულარიზაციას უწევს #AnantaraEscapism-ის ჰეშთეგს, რომლის ფარგლებშიც ის ველნესთან დაკავშირებულ რჩევებს, რეცეპტებს, ასევე ქალაქ ჩიანგრაის სასტუმრო Anantara Golden Triangle Elephant Camp & Resort-ის ტერიტორიაზე მცხოვრები სპილოების ლაივ-სტრიმებს აქვეყნებს.

Rocco Forte Hotels ჯგუფს, რომელსაც ისეთი პოპულარული სასტუმროები ეკუთვნის, როგორიცაა Hotel de Russie რომში, Brown’s Hotel ლონდონში და ელეგანტური ახალი ობიექტი Masseria Torre Maizza პულიაში, თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენში კომპანიის წამყვანი თანამშრომლების ინტერვიუებს აქვეყნებს, სადაც განთქმული შეფ-მზარეული ფულვიო პიერანჯელინი თავის კულინარულ თავგადასავლებზე ყვება, ხოლო ველნესის მიმართულების დირექტორი აირინ ფორტე, რომელსაც კანის მოვლის საკუთარი ხაზი გააჩნია, სილამაზის რჩევებს აზიარებს.

propertygeorgia.ge

ცოლ-ქმარი კერი და ალექს ვიკები, რომლებიც ურუგვაიში, ჩილესა და მილანში ხელოვნებაზე ორიენტირებულ სასტუმროებს Vik Retreats მართავენ, მათ ახალ ობიექტ Galleria Vik Milano-ში წარმოდგენილ ნამუშევართა ავტორების ვიდეორგოლებს აქვეყნებენ სასტუმროს Instagram-ის გვერდზე. ისინი მომხმარებელს ასევე სთავაზობენ იოგის უფასო გაკვეთილებს, რომლებსაც მათთვის კომპანია Shack Yoga ატარებს. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ ვიკების კიდევ ერთ ობიექტ Bahia Vik Jose Ignacio-ში თავისი ფილიალი გახსნა. ხოლო მათ, ვინც „ჯადოსნურ ქალაქ“ მაიამიში წასვლაზე ოცნებობს, EAST Miami Zoom-ის ჩამოტვირთვად ფონებს სთავაზობს, რომელთა მეშვეობითაც თქვენ ვირტუალურად აღმოჩნდებით სასტუმროს შიგნით. მართალია, არის ისეთი სასტუმროებიც (მაგალითად, Resort at Paws Up მონტანას შტატში), რომლებიც ახლაც ჩვეულებრივ მუშაობენ. თუმცა, ამ მომენტისთვის სჯობს მაინც შემოიფარგლოთ ვირტუალური მოგზაურობით.

 

ავტორი: Laura Itzkowitz

წყარო: www.architecturaldigest.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: