#propertyleaders: სტუმარმასპინძლობის ამერიკელი გურუ საქართველოში დიდ ცვლილებებს ხედავს | Property Georgia

#propertyleaders: სტუმარმასპინძლობის ამერიკელი გურუ საქართველოში დიდ ცვლილებებს ხედავს

მთელი ქვეყანა იცვლება უკეთესობისკენ“ჯოზეფ მაკინერნი „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

Property Georgia / ქეთი ტაბატაძე

სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალი “განახორციელებს თბილისში სასტუმრო „ვინდემ გრანდის“ მართვას. ამერიკულმა კომპანიამ აღნიშნული დავალება ჩაიბარა მას შემდეგ, რაც„ვინდემ გრანდმა“ სასტუმროს ოპერატორი ბრენდის როლში „რიქსოსი“ ჩაანაცვლა. Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი ქეთი ტაბატაძე გაესაუბრა კომპანია „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჯოზეფ მაკინერნის, რომელიც დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოს მასპინძლობის სექტორში. 

Property Georgia

- კომპანია „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალ ჯორჯია“ განახორციელებს სასტუმრო „ვინდემ გრანდის“ მართვას, რომელიც 2019 წლის იანვარში თბილისში გაიხსნება. რა მოლოდინი გაგაჩნიათ ამ პროექტთან დაკავშირებით? რამდენად პერსპექტიულია ადგილობრივი ბაზარი „ვინდემ გრანდის“ ბრენდისთვის?

- ახლახანს დავათვალიერე სამშენებლო მოედანი და ვფიქრობ, რომ „ვინდემ გრანდს“ ქართული, და კერძოდ თბილისური ხასიათი გააჩნია. ეს არ უნდა იყოს ისეთი ადგილი, როგორსაც პარიზში ან სხვა ქალაქში ნახავ. ყველაფერი ის, რასაც სტუმარი ამ სასტუმროსა და მის რესტორანში შეიგრძნობს, უნდა ერწყმებოდეს ადგილობრივ გარემოს. „ვინდემ გრანდი“ ადგილობრივი ხასიათის მქონე სასტუმრო იქნება - თქვენ ამაში სულ მალე დარწმუნდებით, მას შემდეგ, რაც ის 2019 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება. სასტუმროს მშენებლობის პროცესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ლოკაციის შერჩევა წარმოადგენს, ხოლო „ვინდემ გრანდს“ საუკეთესო ადგილმდებარეობა გააჩნია - ქალაქის ცენტრში, სავაჭრო ცენტრებსა და მუზეუმებთან ახლოს. სასტუმროს ასევე ჩინებული ხედები ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ „ვინდემ გრანდი“ წარმატებული პროექტი იქნება, რადგან ეს გახლავთ ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, მის მართვას განახორციელებს გამოცდილი მენეჯმენტის გუნდი და მას ჰყავს ა სფეროთი დაინტერესებული მფლობელები. 

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სასტუმროს ბრენდის შერჩევა კონკრეტულ პროექტზე მუშაობის დაწყებისას?

- ჩვენ ვმუშაობთ სასტუმროს მფლობელისთვის. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა მაღალია როგორც მფლობელის, ასევე  ბრენდის წინაშე. ჩვენ ხშირად ვეხმარებით მფლობელებს სწორი ბრენდის შერჩევაში. მაგალითად, ჩვენ დახმარება გავუწიეთ „ალიანს ჯგუფს“ „მარიოტის“ ფრენჩაიზების შემოყვანის პროცესში - ბათუმში. ამჟამად მრავალფუნქციურ კომპლექს „ალიანს პალასში“ განთავსებულ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩვენ კონსულტანტის  როლს ვასრულებთ, ხოლო ასევე ბათუმში სასტუმრო „მარიოტის“ მართვას უშუალოდ ჩვენი კომპანია განახორციელებს. ორივე პროექტი „ალიანს ჯგუფის“ პროექტებია. რაც შეეხება „სითი ემს“, მათ თვითონ შემოიყვანეს „ვინდემის“ ბრენდი მას შემდეგ, რაც „რიქსოსმა“ ქართული ბაზარი დატოვა. ობიექტის წარმატების მისაღწევად აუცილებელია ბრენდის ფართოდ გამოყენება.

Property Georgia

- „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალ ჯორჯია“ასევე განახორციელებს ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „მარიოტის“ მართვას, რომელიც მულტიფუნქციურ კომპლექს „ალიანს ფრივილიჯში“ იქნება განთავსებული. თქვენი აზრით რა არის განსაკუთრებული ბათუმის, და ზოგადად საქართველოს შესახებ? რატომ სურთ თქვენს კომპანიასა და განთქმული საერთაშორისო სასტუმროების სხვა ბრენდებს, წარმოდგენილი იყვნენ საქართველოში?

- ბათუმის ბაზარი თბილისისგან განსხვავდება. დედაქალაქს გააჩნია როგორც დასასვენებელი, ისე ბიზნესის ბაზარი, ხოლო ბათუმში სწორედ დასვენებაა ყურადღების ცენტრში.თბილისის მსგავსად ბათუმიც ვითარდება. აქ ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ვხედავთ. მთელი ქვეყანა იცვლება უკეთესობისკენ. მასპინძლობის სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია, რამეთუ ამით ქვეყანა მეტ ბიზნესსა და მეტ ადამიანს იზიდავს. მე მიმაჩნია, რომ ბათუმსა და თბილისისთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, შემდეგი 10-15 წლის პერიოდი მეტად წარმატებული იქნება

- ახორციელებს თუ არა „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალ ჯორჯია“ ადგილობრივი პერსონალის გადამზადებას? ზოგადად როგორ ხდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის პერსონალის მოძიება

- „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ პრეზიდენტ მაია წერეთელთან ერთად მე კახეთში ვატარებდი შესაძლებლობების განვითარების პროგრამას, რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით. ჩვენ მოვახერხეთ 444 ადამიანის გადამზადება, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ასაკის ქალბატონები იყვნენ.საქართველოში კადრების დიდი არჩევანია რომელთაც სწავლა და განვითარება სურთ, ეს კი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სასტუმროს წარმატებისთვის. მასპინძლობის სფეროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადამიანს სასტუმრო სფეროს უნარების გამოყენება მთელ მსოფლიოში შეუძლია, თუმცა, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კადრებისთვის დაწინაურების შესაძლებლობების შეთავაზება და მათი ქვეყნის შიგნით შენარჩუნება.

სასტუმრო „ვინდემ გრანდში“ 160-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ჩვენ ახალი წლის შემდეგ უკვე დავიწყებთ პერსონალის აყვანას. სასტუმროში მუშაობა შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი ადამიანებისთვის, რომელთაც კარიერის შეცვლა სურთ.

- თქვენს მიერ დაწერილი წიგნის სათაურია „ცვლილებები - ახალი სტატუს კვო“. რა სახის ცვლილებები შეამჩნიეთ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში?

- თავდაპირველად ეს მხოლოდ წიგნის სამუშაო სათაური იყო. თუმცა, მოგვიანებით ჩვენ მაინც ამ სათაურზე შევჩერდით, რამეთუ ცვლილება ძალზედ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თუ შენ არ იცვლები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკან დგავ ნაბიჯს. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ საჭიროა წინ ფიქრი და ცვლილებებისთვის მზადყოფნა. ცვლილება ზოგჯერ რთულია, მაგრამ ის წარმატებისთვის აუცილებელია. საქართველო საგრძნობლად იცვლება და ქვეყანაში ბევრი ახალი სასტუმრო შემოდის. 2014 წელს, როდესაც მე პირველად ჩამოვედი საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე უკვე მოქმედებდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა „მარიოტი“, „ქორთიარდი“, „ჰოლიდეი ინი“ და „რადისონი“. ცოტა ხნის წინ გაიხსნა „ბილტმორი“, შენდება „ჰაიატი“, ასევე უკვე საკმაო ხანია მოქმედებს „რუმსი“, „ვინდემი“ და ბევრი შედარებით პატარა სასტუმრო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყანას პოპულარიზაციას უწევს საზღვარგარეთ. საქართველოს შესახებ ხშირად იწერება აშშ-ის სხვადასხვა გაზეთის მოგზაურობის ნაწილში. ეს ეხება არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმს, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებსაც. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ასევე საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე ვრცელდება

- თქვენ გაგაჩნიათ 50-წლიანი გამოცდილება მასპინძლობის სფეროში. რომელ სხვა ქვეყანას შეადარებდით საქართველოს?

- 1970-იან წლებში აზიის ბევრ ქვეყანაში მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა, როგორც ამჟამად აღმოსავლეთ ევროპაში. 1960-იანი წლების ბოლოს აზიაში ბევრი ახალი სასტუმრო იხსნებოდა და ახალი ავიაკომპანიები შემოდიოდა. იმ პერიოდში მე ტაილანდში ვცხოვრობდი, რაც ჩემთვის ისეთივე სიამოვნებას წარმოადგენდა, როგორც ახლა საქართველოში ცხოვრება. როგორც მე იმ დროს ტაილანდში დავინახე განვითარების პერსპექტივა, იგივეს ახლა ვხედავ აქ. არსებობს ბევრი სხვა მსგავსებაც. მაგალითად, ეს ეხება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობას, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ მთავრობის მხარდაჭერის გარეშე არაფერი კეთდება. ტაილანდში ტურიზმი ასევე ადგილობრივი ტურისტული ადმინისტრაციის ძალისხმევით განვითარდა, და ეს ამჟამად საქართველოშიც ხდება. ასე რომ, 1970-იანი წლების ტაილანდსა და დღევანდელ საქართველოს შორის არაერთი პარალელი არსებობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია ბევრად გაუსწროს ტაილანდს. თქვენ გაგაჩნიათ ბევრი ახალი იდეა და სწრაფი ზრდის პოტენციალი

- რამდენად ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში, და რამდენად ჩართული ბრძანდებით „მაკინერნი ჰოსპიტალიტის“ აქაურ ბიზნეს-საქმიანობაში?

- „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაია წერეთელი კომპანიის ძირითად საქმიანობას ეწევა, ხოლო მე აქ ყოველ ოთხ ან ხუთ თვეში ერთხელ ჩამოვდივარ. ასეთი ძლიერი საქმიანი პარტნიორის გარეშე მე აქ ვერ შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას. საკუთარ ცხოვრებაში მე ბევრ წარმატებას მივაღწიე, ეხლა კი მაიას ვეხმარები კომპანიის განვითარებაში

Property Georgiaგაესაუბრა „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ პრეზიდენტსა და „KMS Georgia“-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაია წერეთელს.

„სასტუმრო „ვინდემ გრანდი“ თბილისის მუზეუმების კვარტალში მდებარეობს“ - მაია წერეთელი.

Property Georgia

- პირველად როდის დაიწყეთ მასპინძლობის ბიზნესში მოღვაწეობა?

- ყველაფერი ცხრა წლის წინ დაიწყო, როდესაც მე სასტუმროში სამსახურიდან წამოვედი და საკუთარი კომპანია „KMS Georgia“ დავაფუძნე, რომელიც კლიენტებს კადრების მოძიების, ტრენინგისა და კონსულტაციის მომსახურებებს სთავაზობდა. კადრების მოძიება ხდებოდა როგორც აქ, ასევე საზღვარგარეთ - მაგალითად, დოჰას, დუბაისა და აბუ დაბის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებისათვის. რაც შეეხება კონსულტაციის სერვისს, ჩვენ ამ მიმართულებით ისეთი წარმატებული ვიყავით, რომ მე გადავწყვიტე, კომპანიის საქმიანობა ორ ნაწილად გამეყო: ერთი ნაწილი ადამიანურ რესურსებზე აკეთებდა აქცენტს, ხოლო მეორე - მასპინძლობის სფეროში ოპერაციებსა და მენეჯმენტზე

ამავდროულად, როგორც ბატონმა ჯოზეფ მაკინერნიმ უკვე ახსენა, ჩვენ ვმუშაობდით მსოფლიო ბანკის პროექტზე. შესაბამისად, ჩვენ უშუალოდ ჩართული ვიყავით მასპინძლობასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო და ოპერაციულ საკითხებში, და ნათლად ვხედავდით იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველოს მასპინძლობის სექტორი იდგა. „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალთან“ ჩემი თანამშრომლობა მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ მსოფლიო ბანკმა ადგილობრივ კომპანიას კონტრაქტი არ შესთავაზა. ჯოზეფ მაკინერნი ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია ტელეფონის ყურმილი აიღოს და მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმროების ნებისმიერი ქსელის აღმასრულებელ დირექტორს დაურეკოს. ის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია მასპინძლობის სფეროში. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ საკუთარ ექსპერტიზას - მე კარგად ვიცნობ ადგილობრივ ბაზარს, ხოლო ბატონ ჯოზეფს ძალიან დიდი მასშტაბის საერთაშორისო გამოცდილება გააჩნია

- თქვენ ახსენეთ კახეთი. მართავთ თუ არა ამ რეგიონში რომელიმე სასტუმროს?

- კონსულტაციას ვუწევთ ჩვენს პარტნიორს თელავში, რომელიც სასტუმრო „ალაზანი ველის“ მფლობელია. გასულ წლებში ჩვენ ამ რეგიონში საქმიან ურთიერთობებს ვაწარმოებდით სხვა სასტუმროებთანაც, როგორიცაა „კაბადონი“, „ლოპოტა“ და „შატო მერე“. მსოფლიო ბანკის ზემოაღნიშნული პროექტის შედეგად, კახეთს გააჩნია საქართველოში ყველაზე კვალიფიცირებული კადრები მასპინძლობის სექტორში.

- რას გვეტყოდით სხვა რეგიონების შესახებ? საქართველო ხომ საკმაოდ მრავალფეროვანი ქვეყანაა ტურიზმის მხრივ?

- ასეთი პატარა ქვეყნისთვის ჩვენ მართლაც მიმართულეების ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი გაგვაჩნია. ერთმანეთისგან სულ რამდენიმე საათის დაშორებით განლაგებულია ისეთი განსხვავებული ადგილები, როგორიცაა მაღალმთიან რეგიონში მდებარე ყაზბეგი, ბორჯომი და მისი ტყე-პარკი, საირმის კურორტი და საზღვაო კურორტი ბათუმი. ამის მიუხედავად, სეზონურობა ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება. „მაკინერნი ჰოსპიტალიტი ჯორჯია“ შეეცდება სამთო და საზღვაო საკურორტო მომსახურებების გაერთიანებას და ადგილობრივ ბაზარზე სპეციალური პროდუქტების შემოთავაზებას

- როგორ ხედავთ ცენტრალურ თბილისში „ვინდემ გრანდის“ ბრენდის პოზიციონირებას?

- ვფიქრობ, რომ „ვინდემ გრანდი“ თბილისში გამორჩეული ბრენდი იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქში საუკეთესო ლოკაციები უკვე დაკავებული ჰქონდათ სხვა საერთაშორისო ბრენდებს, ჩვენ მართლაც იდეალური ადგილი შეგვხვდა თავისუფლების მოედანზე, ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, ასევე საუკეთესო კაფეებსა და სავაჭრო ცენტრებთან ახლოს. „ვინდემ გრანდის“ მიმდებარე ტერიტორია თბილისის მუზეუმების კვარტალია. სასტუმროს გააჩნია შესანიშნავი ბრენდი, ულამაზესი შენობა და საუკეთესო ნომრები. მეცხრე სართულზე განთავსებული იქნება უმაღლესი დონის რესტორანი

- საქართველოში სასტუმროების მართვის მხრივ რა წარმოადგენს თქვენთვის მთავარ გამოწვევას?

- ჩვენი მთავარი გამოწვევაა განათლების დაბალი დონე. ჩვენ გვესაჭიროება კარგი მასპინძლობის კოლეჯები. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ადამიანური რესურსები, რომლებსაც ესაჭიროება განათლების მიღება. ბატონი ჯოზეფ მაკინერნის წყალობით ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის სასტუმროების და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტთან და ვახდენთ მათი კურსების სწავლებას სასტუმრო ბიზნესში. 

გარდა 5 ვარსკვლავიანი ბრენდებისა, ჩვენ ასევე გვჭირდება საშუალო კატეგორიის სასტუმროების განვითარება ქვეყნის მასშტაბით.  როგორც ხედავთ ამჟამად ვიმყოფებით სასტუმრო „ბესტ ვესტერნ სითი სენთერის“ ტერიტორიაზე. ეს არ არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თუმცა, ის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, აქვს მომსახურების მაღალი დონე  და მდებარეობს ქალაქის ცენტრში.საქართველოში ასევე მოქმედებს ბუტიკის სტილის რამდენიმე ადგილობრივი ბრენდი, რომელიც ისეთივე სტანდარტითაა გახსნილი, როგორც საერთაშორისო ბრენდები. ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ არსებული ასეთი სასატუმროებიდან გამოვარჩევდი სასტუმრო „მეფე გორგასალს“ ორთაჭალაში და „პორტა კავკასიას“ ყაზბეგში. 

Property Georgia

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: