Wyndham Hotels & Resorts ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი დესტინაციის პოზიციონირებას | Property Georgia

Wyndham Hotels & Resorts ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი დესტინაციის პოზიციონირებას


„საქართველო ჩვენთვის ბევრის მიღწევის საფუძველს იძლევა“ – დიმიტრის მანიკისი, Wyndham Hotels & Resorts EMEA-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი

ქეთი ტაბატაძე

www.propertygeorgia.ge

Wyndham Hotels & Resorts-მა - მასპინძლობის სექტორის გიგანტმა, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში 9,200-მდე ობიექტით არის წარმოდგენილი, თბილისში ცოტა ხნის წინ სასტუმრო Wyndham Grand გახსნა. სასტუმროებისა და კურორტების უმსხვილესმა ამერიკულმა საერთაშორისო ქსელმა თურქული „რიქსოსი“ ჩაანაცვლა ობიექტის მმართველი კომპანიის როლში. ქალაქის ცენტრში განთავსებული სასტუმრო ჯგუფის პრემიუმ კლასის ბრენდის, Wyndham Grand-ის სახელით მიიღებს სტუმრებს. Wyndham Hotels & Resorts EMEA-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი დიმიტრის მანიკისი საქართველოში საერთაშორისო ტურისტულ დესტინაციას ხედავს. ჩვენ მას Wyndham Grand-ის გახსნის ცერემონიის წინ გავესაუბრეთ. სასტუმროს ვესტიბიულში ყოფნისას თვალები გარდაუვლად იმ გრანდიოზული ჭაღისკენ გაგირბის, რომელიც პირველიდან მერვე სართულამდე იჭიმება. მისი სილამაზე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს პანორამული ლიფტიდან, რომლითაც მე მოგვიანებით ვიმგზავრე. ობიექტის არქიტექტურა და დიზაინი საოცარ გარემოსა და გამოცდილებას ჰქმნიან. ადგილობრივი ისტორია და საერთაშორისო ელფერი - ეს არის Wyndham Group-ის გლობალური წარმატების ისტორია. დიმიტრის მანიკისი წარმოშობით ბერძენია. მან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ისტორია და როგორ შეიძლება ისტორიის მეშვეობით წარმატებული საქმის წამოწყება. მისი აზრით, საქართველოს გააჩნია ყველა ის უპირატესობა, რომელიც საჭიროა მსოფლიო სამოგზაურო რუკაზე მისი პოზიციონირებისთვის.


- სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi გაიხსნა ქალაქის ცენტრში, სადაც უკვე წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ბრენდი. რითი გამოირჩევა Wyndham Grand Tbilisi და რა განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას?
- Wyndham Grand-ის უნიკალური მახასიათებლები არის მისი ხარისხი, ადგილმდებარეობა და თვითონ ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში თქვენ აღმოაჩენთ ძველი სამყაროს ხიბლს. ობიექტი მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ადგილთან, რუსთაველის გამზირთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის საუკეთესო მაღაზიები, რესტორნები და ღამის კლუბები, ისევე როგორც ადგილობრივი მუზეუმები და გალერეები ადვილი ხელმისაწვდომია. Wyndham Grand-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ბრენდებს შორის, რამეთუ ის პრემიუმ კლასის ბრენდია. „ვინდემი“ უნიკალური კომპანიაა, რომელიც ოც სხვადასხვა ბრენდს აერთიანებს. თითოეული კლიენტისთვის ჩვენ გაგვაჩნია მასზე სრულად მორგებული ბრენდი. ჩვენ ავაშენეთ Wyndham Grand Tbilisi, რამეთუ გვჯერა, რომ ჩვენ აქ შესაბამისი კლიენტურა გაგვაჩნია - ხალხი, რომელიც მზად არის, ასეთი ხარისხის სასტუმროში დასარჩენად ცოტა მეტი გადაიხადოს. აქ ჩვენ ერთდროულად შეგვხვდება როგორც ბიზნესზე, ისე დასვენებაზე ორიენტირებული მომხმარებელი. ბიზნესისა და დასვენების ასეთ კომბინაციას „B-leisure“ ეწოდება. მასპინძლობის სფეროში ჩვენ ადრე მომხმარებლებს კატეგორიებად ვყოფდით, თუმცა, დღეს ეს ასე აღარ ხდება. ადამიანმა, რომელიც დღეს ბიზნეს-კლასით მიემგზავრება ნიუ იორკში, რამდენიმე თვეში შეიძლება დაბალფასიანი ბილეთი შეიძინოს ბარსელონაში შაბათ-კვირის გასატარებლად. ხალხის კატეგორიებად დაყოფა ნიშნავს ბაზრის დიდი ნაწილის დაკარგვას. ჩვენ არ უნდა ვაშენებდეთ მომხმარებელთა მხოლოდ ერთ ჯგუფზე მორგებულ ობიექტებს.

Wyndham Grand-ის ბრენდით ჩვენ ქართულ ბაზარზე მაღალხარისხიან სეგმენტში დავიმკვიდრებთ ადგილს. ჩვენ აქ კიდევ არაერთი მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი გაგვაჩნია. თითოეულ პროექტს თავისი კლიენტურა ეყოლება. რაც მთავარია, თავიდან უნდა ავიცილოთ ჩვენი ბრენდების კანიბალიზაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბრენდები ერთმანეთს ავსებენ. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვაწყობთ ჩვენს ბიზნესს.

- რომელი გამორჩეული კონცეფციები შემოაქვს საქართველოში Wyndham Hotels & Resorts-ს?
- მხოლოდ ბრენდი არაფერს ნიშნავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხი, ღირებულებები, დნკ და სულისკვეთება. ჩვენი სტუმრები ამას გრძნობენ. ის, რაც ჩვენ საქართველოში შემოგვაქვს, არის მარტივი, ამავდროულად კი მნიშვნელოვანი. 75 მილიონზე მეტი წევრით, ჩვენი ლოიალობის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. ჩვენი ქსელი 9,000 ობიექტს მოიცავს. ჩვენ ასევე სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერი კომპანია ვართ. ჩვენ შემოგვაქვს ცნობადობა და მასშტაბი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორებია მასპინძლობის სფეროში. ჩვენ ასევე თან გვახლავს შესანიშნავი გუნდი. საქართველოში ბევრი განათლებული ადამიანია, რომელიც უცხო ენებს ფლობს. ეს ჩვენთვის ბევრის მიღწევის საფუძველს იძლევა. საქართველოში მასპინძლობა ხანგრძლივ კარიერას წარმოადგენს. ეს ყველგან ასე არ არის. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ხალხი დიდ ხანს არ რჩება მასპინძლობის სექტორში. თუმცა, საქართველოშიც ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ხალხს იმის შესახებ, რომ მასპინძლობა სრულყოფილ სფეროს წარმოადგენს, და არა ნაწილობრივ დასაქმებას.

- სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი არქიტექტორები, როგორიცაა ქართველი პაატა ჯღარკავა და იური პუჩინსკი ისრაელიდან. რა არის Wyndham Grand-ის ობიექტთა დიზაინის მთავარი მახასიათებლები, და რამდენად კმაყოფილი ხართ აღნიშნული არქიტექტორების მიერ გაწეული სამუშაოთი?

- რაც შეეხება არქიტექტურასა და დიზაინს, ჩვენს ბრენდს, მასპინძლობის სექტორში ყველა მოთამაშის მსგავსად, გააჩნია გარკვეული სტანდარტები. მაგალითად, ჩინელი ტურისტი საბერძნეთში, თურქეთსა თუ საქართველოში მდებარე „რამადას“ სასტუმროებში იგივე სტანდარტებს ელოდება, როგორც პეკინის ან შანხაის ობიექტებში. ჩვენ ვართ ძალიან მოქნილი და ადვილად ვერგებით ადგილობრივ გარემოს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ამ კონკრეტულ პროექტზე უმაღლესი დონის არქიტექტორები მუშაობდნენ. Wyndham Grand Tbilisi-ს უნიკალური დიზაინი გააჩნია. ეს მართლაც ულამაზესი ადგილია. ჩვენ არ ვზღუდავთ ჩვენს არქიტექტორებს. ჩვენ მათ ვაწვდით ბრენდის ძირითად მახასიათებლებს, შემდეგ კი ისინი ადგილობრივ არქიტექტურასა და სტილს ერგებიან. როდესაც არქიტექტორები ზედმეტი წნეხის ქვეშ არიან, იკარგება ინოვაციის ფაქტორი.

- რა გეგმები გააჩნია Wyndham Hotels & Resorts-ს საქართველოში გაფართოების მიმართულებით?

- ბოლო სამი წლის მანძილზე ჩვენ მაღალი ტემპებით განვახორციელეთ ჩვენი საქმიანობა საქართველოში. ჩვენმა გუნდმა ფენომენალურად იმუშავა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია ჩვენი ბრენდებისთვის. Wyndham Hotels & Resorts-მა აქ უკვე შეასრულა რამდენიმე პროექტი, და ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. სულ მალე ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს პირველ სათხილამურო ობიექტს გოდერძის კურორტში, რომელიც პოპულარულ დესტინაციად იქცევა. ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყანა წარმოვადგინოთ მიმზიდველ დესტინაციად. საქართველოში მასპინძლობის სფერო არ უნდა შემოიფარგლებოდეს ისტორიული ადგილებით და ზღვის კურორტებით. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის პოტენციალი, როგორც სამთო-სათხილამურო დესტინაცია. საქართველო ამ სამივე კატეგორიას ერთდროულად სთავაზობს თავის სტუმრებს, რამეთუ აქ ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს არის. Wyndham Hotels & Resorts-ი არა მხოლოდ პრინციპულ ქალაქებზეა ორიენტირებული, არამედ ისეთ ადგილებზეც, როგორიცაა ქუთაისი. ბევრ ადამიანს მოუნდება თბილისში 2-3 დღის გატარება, შემდეგ კი სადმე სხვაგან წასვლა. ამავდროულად, მგზავრობის დროისა და ფრენების შედარებითი სიმწირის გამო თბილისი არ წარმოადგენს პოპულარულ დესტინაციას ერთი უიქ-ენდისთვის. ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით ჩამოდის. ჩვენ გვსურს, მათ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა პრინციპულ ადგილებშიც დარჩენის მიზეზი მივცეთ. მასპინძლობის სფერო ნებისმიერი დესტინაციისთვის მეტად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუკი ყველაფერი სწორად გაკეთდება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყოველივე იმით, რასაც ჩვენ საქართველოში მივაღწიეთ.

დამატებით უნდა გამოვყო ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო. ეს ორი კომპონენტი ძალზედ ამარტივებს მასპინძლობას. საბერძნეთის მსგავსად, საქართველოსაც უმდიდრესი ისტორია გააჩნია. წარსულიდან მოპოვებული გამოცდილებები და ღირებულებები ჩვენ იმას გვასწავლის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. საქართველო, როგორც ტურისტული დესტინაცია, თავისი ზრდის ტემპით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. მისი მთავრობა ყოველთვის მზად არის ბიზნესის სფეროსთან დიალოგისთვის. აქაური სავიზო რეჟიმი ხალხს უადვილებს მოგზაურობას, და ვიმეორებ - საქართველოს გააჩნია საუცხოო კულინარია, ღვინო, კულტურა და ისტორია. ტურიზმი ადამიანებს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ მე პირველად ვეწვიე ბათუმს, და სასტუმროს ვესტიბიულში ჯდომისას ვხედავდი, როგორ იკრიბებოდა ერთად სხვადასხვა ეროვნების ხალხი, როგორ თამაშობდნენ ბავშვები, როგორ ლაპარაკობდნენ და სადილობდნენ ერთად ადამიანები. ჩემთვის სწორედ ეს არის ტურიზმის მთავარი გზავნილი: ის ჩვენ ერთმანეთთან გვაახლოვებს.

- თქვენ 2018 წელს გახდით Wyndham Hotels & Resorts-ის პრეზიდენტი და მმართველი დირექტორი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ევრაზიასა და აფრიკაში, და მას შემდეგ ზედამხედველობთ კომპანიის ყველა ბრენდის განვითარებას აღნიშნულ რეგიონებში. საქართველოსთვის ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო მისაბაძ მაგალითებად?

- ერთ-ერთი ასეთი მაგალითი არის ჰელსინკი. ადრე ფინეთი ცნობილი იყო მხოლოდ სანტა კლაუსით, ხოლო ტურიზმი ქვეყანაში ნაკლებად იყო განვითარებული. დღეს ჰელსინკი უკვე წარმოადგენს აზიური და ევროპული ავიარეისების უმსხვილეს დამაკავშირებელ ჰაბს. აშენდა ჩინებული აეროპორტი და სხვა ინფრასტრუქტურა. ქვეყანამ აღმოაჩინა ტურიზმი. თუმცა, საქართველოსთვის კიდევ ბევრი სხვა მისაბაძი მაგალითიც არსებობს. აეროპორტები, ინფრასტრუქტურა, გზები და ხელმისაწვდომობა - ეს არის ყველაზე მთავარი. მე ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას, და არა გამოწვევას. დღევანდელი გამოწვევა ხვალ უკვე შესაძლებლობად შეიძლება იქცეს. ხალხი ფეხით ვერ ჩამოვა საქართველოში. ავიღოთ საბერძნეთის მაგალითიც - მას შემდეგ, რაც განახლდა ათენის საერთაშორისო აეროპორტი, ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და დატვირთულ აეროპორტად იქცა.

- როგორ ხედავთ თქვენ მასპინძლობის გლობალური ბაზრის მომავალს? რა გამოწვევები და ტენდენციები არსებობს ამ სექტორში?

- მდგრადობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ტურიზმის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა პლანეტაზე ზრუნვა. ბოლო ერთი წლის მანძილზე მე ვცხოვრობდი ლონდონში, სადაც აღნიშნული თემა ბოლო პერიოდში ხშირად განიხილებოდა. სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ათასობით ადამიანმა შეგვახსენა, რომ ჩვენს პლანეტას მიხედვა სჭირდება. მსოფლიოს მასშტაბით 1.8 მილიარდმა ტურისტმა, ფრენებმა და ჰაერის დაბინძურებამ მდგრადობა მთავარ თემად აქციეს გლობალური ტურიზმის სექტორში. შეხედეთ რა ხდება ბარსელონაში - ისინი უარს ამბობენ ტურისტებზე. იგივე ხდება კუნძულ სანტორინიზე, სადაც აუცილებელია ტურისტების ნაკადის გაკონტროლება, რათა არ დაზიანდეს გარემო. უნდა გვახსოვდეს, რომ ტურიზმი არის ხელის შემწყობი სფერო - ის არ უნდა ანგრევდეს დესტინაციებს. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ რესურსებს, რომლებიც დედამიწამ ჩვენ გვიბოძა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: