საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიცია

ბრუნო ბალვანერა,  EBRD

 

ირაკლი კილაურიძე, ქოლიერს ჯორჯია

 

თეა გიგიბერია | საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენელი საქართველოში

Property Georgia

თეა გიგიბერია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენელი საქართველოში: “IFC-ის დაფინანსება ქვეყანაში ენერგოეფექტიანი მშენებლობის სტანდარტების დანერგვას და ბინათმშენებლობის სექტორში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.”

IFC-მ საქართველოს ფინანსურ სექტორში 2008 წლის კრიზისის შემდეგ დღემდე $500 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ახლაც აქტიურად განაგრძობს მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას სხვავდასხვა სფეროში, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში.

"ჩვენ საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ საქართველოში, რაც აისახა კიდეც მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ მომზადებულ კვლევაში “ბიზნესის წარმოება” (Doing Business). ამ კვლევის თანახმად, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა იმ სფეროებში, რომლებსაც ეს კვლევა აფასებს. ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 66%-ით გაიზარდა, ბიზნესის სიმჭიდროვე (ფირმების რაოდენობა 1000 მოსახლეზე) კი გასამმაგდა. ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებას და ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი კომპანიებისთვის საქმიანობის გაადვილებაა.

საქართველო ინვესტორებს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ მდებარეობით იზიდავს. ქვეყანა გამოირჩევა მნიშვნელოვანი განახლებადი ჰიდროენერგო რესურსებით, მრავალფეროვანი კლიმატური პირობებით და ლანდშაფტით, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის კარგი პოტენციალი აქვს. საქართველოს მიერ ევროკავშირთან 2014 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება კიდევ უფრო აუმჯობესებს ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივას და ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის მეტ შესაძლებლობებს ქმნის.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ინვესტიციებით და საკონსულტაციო მომსახურებით საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

სხვა სფეროებთან ერთად, IFC-მ ინვესტიცია განახორციელა უძრავი ქონების სექტორის განვითარებაშიც. სასტუმროების მშენებლობა და ტურიზმი საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგებია და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითად წყაროს წარმოადგენს. და მაინც, საშუალო სიდიდის სასტუმროების სეგმენტი საკმარისად განვითარებული არ არის, რაც მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მნიშვნელოვან შეუსაბამობას განაპირობებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2015 წელს  IFC-მ  7 მლნ. აშშ დოლარის სესხი გამოუყო სს „m2 უძრავი ქონების“ შვილობილ კომპანიას  სამვარსკვლავიანი „რამადას“ (Ramada Encore) ბრენდის სასტუმროს მშენებლობისა და ოპერირებისთვის.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ასეთი მცირებიუჯეტიანი და საშუალო სიდიდის სასტუმროების მსგავსი ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რადგან აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბიზნესის და ტურიზმის განვითარების წინაპირობაა. სასტუმროების სექტორი ასევე ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, რადგანაც მშენებლობის და ოპერირების პერიოდში ხშირად მცირე ზომის კომპანიების საქონელსა და მომსახურებას იყენებს, და  საბოლოო ჯამში ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, 2008–2009 წლებში, IFC-მ საქართველოს ბიზნეს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დედაქალაქში პირველი ფართომასშტაბიანი სავაჭრო ცენტრის „თბილისი მოლის“ მშენებლობა დააფინანსა, რაც სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი საცალო ვაჭრობის დარგის განვითარებას ისახავდა მიზნად.

კიდევ ერთი სფერო, რომელსაც მხარს ვუჭერთ ბინათმშენებლობაა. ეს სწრაფად განვითარებადი სექტორი, საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. ეს დარგი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანია. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ყოველ აშენებულ სახლზე, სულ მცირე, სამი სამუშაო ადგილი იქმნება, როგორც უშუალოდ მშენებლობის სექტორში, ისე არაპირდაპირი გზით -  წარმოების და მომსახურების სფეროებში.

საცხოვრებელი ბინების ბაზარი საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი მოთხოვნით ხასიათდება. საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლები  თბილისის საცხოვრებელი ბინების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად (კომერციული ბანკებისგან იპოთეკური დაკრედიტების განვითარების ჩათვლით), გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს ამ სექტორში მოთხოვნის ზრდას. საცხოვრებელი სახლები ასევე მიმზიდველი ინვესტიციაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომაც მოთხოვნა ახლადაშენებულ ბინებზე, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში აშენებული ბინების თანდათან შეცვლის პარალელურად.

ამჟამად, მოთხოვნა მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ბინებზე მნიშვნელოვანწილად დაუკმაყოფილებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2015 წელს IFC-მ გამოყო 23 მლნ. აშშ დოლარის  სესხი შპს  m2 Residential-ისთვის. ეს დაფინანსება ასევე მოიცავს  11.5 მილიონ აშშ დოლარს, რომელიც მოზიდულ იქნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული ფონდისგან „Green for Growth Fund“. ამ პროექტის მიზანი დაახლოებით 1,800 ბინის მშენებლობის დაფინანსებაა. ენერგია, წყალი  და მასალები ამ ბინებისთვის ეფექტიანად იქნება გამოყენებული, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.

2013 წელს IFC-მ ამავე კომპანიას 14 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო საქართველოში პირველი ენერგოეფექტიანი და ხელმისაწვდომი ბინების პროექტის განსახორციელებლად. აქედან 4 მლნ. აშშ დოლარი IFC-კანადის კლიმატის ცვლილების პროგრამიდან იქნა მოზიდული.

IFC-ის დაფინანსება ქვეყანაში ენერგოეფექტიანი მშენებლობის სტანდარტების დანერგვას და ბინათმშენებლობის სექტორში ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასთან ერთად, პროექტი შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივი შესყიდვების საშუალებით და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 მსოფლიო მასშტაბით, IFC-ი მუშაობს საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა იპოთეკური სესხების და უძრავი ქონების მშენებლობისთვის ფინანსებზე წვდომას შეუწყოს ხელი. განვითარებულ ქვეყნებში იპოთეკური დაფინანსება იოლად ხელმისაწვდომია. ჩვეულებრივ ის მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტზე მეტს აღწევს. მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ის ხშირად მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტზე ნაკლებია. საქართველოში ეს მაჩვენებლია კიდევ უფრო ნაკლებია.

2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში იპოთეკური დაკრედიტების დანერგვისა და კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით,   IFC-მ კონსულტაცია გაუწია და ინვესტიციები გამოუყო  ქვეყნის ორ უდიდეს ბანკს, „საქართველოს ბანკს“ და „თი-ბი-სი ბანკს“, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსესხებლებისთვის პირობების გაუმჯობესებას.

გლობალურმა საფინანსო კრიზისმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინვესტორები, მათ შორის, საბანკო სექტორშიც. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, IFC-მ კრიზისის შემდგომ პერიოდში დაახლოებით  $450 მლნ. აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო საქართველოს საფინანსო სექტორისთვის.

ეს IFC-ის მიერ ერთი ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და სისტემური მხარდაჭერა იყო, რამაც ბინათმფლობელებისთვის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის  უწყვეტი დაფინანსება განაპირობა.

უკანასკნელ წლებში იპოთეკური სესხების მოცულობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი 2010 წლიდან მოყოლებული საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა. თუმცა, საშუალო საპროცენტო განაკვეთი საქართველოში საერთაშორისო მაჩვენებლებთან შედარებით მაინც მაღალია.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ბაზარი კიდევ უფრო განვითარდება და ქვეყნის რეიტინგი გაუმჯობესდება, რაც საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე დაფინანსება მოიზიდონ. ვფიქრობთ, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც შესაბამისად შეიცვლება."

 

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: