თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლოლიტა ციცხვაია

შენობა, რომელზეც დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, ინტერიერში შესვლის გარეშეც ხიბლავს მნახველს, ჩამვლელს, ადგილობრივსა თუ ჩამოსულს თავისი გამორჩეულად ცხოველხატული, კოლორიტული, უჩვეულო არქიტექტურული სტილით. ეს გახლავთ თბილისის არქიტექტურისა და კულტურული ცხოვრების კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.

Property Georgia

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-კულტურულ ძვრებს, რომელიც რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ გამოიკვეთა. განსაკუთრებული პატივით  უნდა მოვიხსენიოთ 1844 წელს საქართველოში დანიშნული კავკასიის მთავარმმართებელი, გრაფი მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც მრავალ კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი, და მათ შორისაა თბილისის ოპერის თეატრის დაარსებაც.

Property Georgia

1847 წლის 15 აპრილს სწორედ მ.ვორონცოვის ინიციატივით დაიწყო ოპერის თეატრის პირველი ნაგებობის მშენებლობა თბილისში დღევანდელი თავისუფლების (მაშინდელი ერევანსკის) მოედანზე. მშენებლობა, რომელსაც იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი ხელმძღვანელობდა, ოთხი წელი მიმდინარეობდა და 1851 წელს დასრულდა. ინტერიერი მოხატა რუსმა მხატვარმა გ.გაგარინმა. თეატრის მშენებლობა ძირითადად წარიმართა თბილისელი ვაჭრის ვინმე თამამშევის მატერიალური სახსრებით (მეფის ხაზინამ უარი განაცხადა დაფინანსებაზე), რომელსაც სანაცვლოდ ნება დართეს თეატრის შენობის უდიდეს ნაწილში პირად მფლობელობაში არსებული ქარვასლა და მაღაზიები განეთავსებინა.

Property Georgia

რენესანსულ სტილში გადაწყვეტილი თეატრის მონუმენტური შენობა, ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, მაშინვე ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა. საზოგადოების მაღალი ფენა „ოპერომანიამ“ მოიცვა. სამწუხაროდ, ეს შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა პრაქტიკულად მთლიანად გაანადგურა. მოხერხდა მხოლოდ ქარვასლის აღდგენა.

Property Georgia

ოპერის თეატრის ახალი ნაგებობა აშენდა არქიტექტორ შრეტერის პროექტით 1896 წლის 3 ნოემბერს, ამჯერად რუსთაველის (მაშინდელი გოლოვინის) გამზირზე. მიჩნეულია, რომ თეატრის გეგმის პროტოტიპს რიჰარდ ვაგნერის ბაიროთის თეატრი წარმოადგენს.

Property Georgia

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თეატრის ახალი შენობის არქიტექტურის ე.წ. მავრიტანული (ნეომავრიტანული) სტილი, რომელიც ჩამოყალიბდა X-XII საუკუნეების ევროპულ არქიტექტურაში პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. ამ სტილში წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობის (და არა მხოლოდ) მიმზიდველობას, მომხიბვლელობას, წამისმიერ ეფექტურობას განაპირობებს ქრისტიანული და ისლამური არქიტექტურისთვის სახასიათო დეკორატიული ელემენტების ერთობლიობა, და რაც მთავარია, პოლიქრომიული ეფექტების (ფერის) ინტენსიური გამოყენება (ეხება როგორც საფასადო კედლის სიბრტყეს, ისე ინტერიერს) - კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია შეფერილობის ჰორიზონტალური ზოლების ურთიერთმონაცვლეობა, სწორკუთხა მოხაზულობის ნიშებში ჩაწერილი შეისრული და მუზარადისებრი თაღები, სარკმლები, სტალაქტიტური ფრიზები, ორნამენტები, მუშარაბიანი სარკმლები, ვიტრაჟები, ინტერიერის ნაძერწი და სტუკოს ტექნიკით შესრულებული დეტალები, აჟურული კონსოლები, წვრილი მოხდენილი სვეტები, მარმარილოს კიბეები. აღნიშნული სტილისთვის დამახასიათებელი სიჭრელე, მდიდრულობა, სადღესასწაულო, საზეიმო იერი საოცარი ზომიერებითა და თავშეკავებულობითაა წარმოდგენილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

Property Georgia

1973 წელს ოპერის  თეატრის ახალ შენობასაც გაუჩნდა ხანძარი. თითქმის მთლიანად დაზიანდა ინტერიერი, მაგრამ საფუძვლიანად გადაკეთდა და შეუნარჩუნდა თავდაპირველი აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სახე.

Property Georgia

Property Georgia

და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ხანძრის შემდეგ შექმნილ ოპერის თეატრის მთავარი სივრცის ცენტრალურ ჭაღზე, რომელიც ბროლის გასაოცარ, მსოფლიო მნიშვნელობის ქმნილებას წარმოადგენს. მისი ავტორია ნოდარ ერგემლიძე, 1975წ. ის განსაზღვრავს სივრცის მხატვრულ მთლიანობას და ერთიანობას (შედგება 600 ნათურისგან; მისი დიამეტრია 4,5 მ, სიგრძე 7მ, წონა - 2,5 ტონა). ჭაღისთვის გამოყენებული 200 სახეობის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ბროლის დეტალი დამზადებულია ცნობილ ავსტრიულ კომპანია „ჰაუპტში"(აქ შექმნილი ჭაღები ამშვენებს ნიუ-იორკისა და ვენის საოპერო თეატრს, პარიზის გრანდ-ოპერას და სხვ.) ბროლის დეტალები გასაოცარ კომბინაციაშია მეტალის კონსტუქციებთან.

Property Georgia

XX საუკუნის დასაწისიდან მოყოლებული თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე არაერთი ადგილობრივი თუ მსოფლო  საოპერო და საბალეტო წარმოდგენა გამართულა და დღესაც გრძელდება, და ქვეყნის  კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სახეს განსაზღვრავს.

 

Recent: