Property Georgia EXCLUSIVE
“მარიოტის” მერვე სასტუმროს საქართველოში “ალიანს ჯგუფი” აშენებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია Property Georgia-სთან საუბარში აცხადებს, სასტუმრო “მარიოტი” “ალიანს ფრივილიჯის” 54-სართულიანი ცათამბჯენის პირველ 12 სართულს დაიკავებს, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება.
"მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, “ალიანს ჯგუფისთვის” დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული," ამბობს სონგულია. წამყვან ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია “ალიანს ჯგუფსა” და სასტუმროების მსოფლიო ლიდერ ქსელ “მარიოტ ინთერნეშენელს” შორის შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 8 თებერვალს ციურიხში მოეწერა. “ალიანს ჯგუფისთვის” ეს “მარიოტ ინთერნეშენელთან” გაფორმებული მეორე ფრანშიზული შეთანხმებაა.
“მარიოტ ინთერნეშენელთან” თანამშრომლობას კიდევ უფრო დიდი შემართებით განვაგრძობთ. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი “ქორთიარდ მარიოტი” “ალიანს პალასის” მულტიფუნქციურ კომპლექსში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა,” აღნიშნავს “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი. მისი თქმით, “ალიანს პალასში” აპარტამენტების 95% უკვე გაყიდულია. კომპანია “ალიანს პალასის” მშენებლობას ბათუმში 2018 წელს ასრულებს, 2019 წლის აპრილში კი მულტიფუნქციურ კომპლექსში სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” გაიხსნება.
“მარიოტისთვის” რომ საქართველო ბრენდის განვითარების წარმატებული ბაზარია, ამას სასტუმროების წამყვანი საერთაშორისო ქსელის სახელით ქვეყანაში წარმოდგენილი პროექტების ჩამონათვალი ადასტურებს: “თბილისი მარიოტი”, “ქორთიარდ მარიოტი” თბილისში, “ავტოგრაფ ქოლექშენის” ქვეშ გაერთიანებული "პანორამა თბილისის" ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმრო - "სოლოლაკის სასტუმრო" და "სასტუმრო თავისუფლების მოედანზე” და “პარაგრაფის” სახელით დამკვიდრებული უმაღლესი სტანდარტის რეზორტის ტიპის “მარიოტი” შეკვეთილში, ასევე “მოქსი” თბილისში და სუპერთანამედროვე “ქორთიარდ მარიოტი” ბათუმში. მსოფლიო მასშტაბით “მარიოტ ინთერნეშენელი” 6000-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი 120-ზე მეტ ქვეყანაში.
“ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარში ზღვის სანაპიროსთან მდებარე ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მულტიფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”, სადაც საქართველოში რიგით მერვე “მარიოტი” განთავსდება, წარმატებული პროექტი იქნება როგორც კომპანიისთვის და აპარტამენტების მესაკუთრეებისთვის, ასევე ბათუმისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. “ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ შენობებს, ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს. ეს არის ჩვენი კომპანიის ბიზნესი, ეს არის ინდივიდუალური ინვესტორების - აპარტამენტების მესაკუთრეების ბიზნესი, რომლებიც თავიანთ მფლობელობაში არსებულ ქონებას საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიის მეშვეობით აქირავებენ და იღებენ მუდმივი შემოსავლის წყაროს, ეს არის ტურიზმის ბიზნესი, ჩვენ ვქმნით ტურისტების გასაჩერებელ პრემიუმ კლასის ქონებას, ისინი კი ჩამოდიან უფრო და უფრო მეტნი და ფულს საქართველოში ხარჯავენ, ეს არის ბიზნესი ჩვენი ქვეყნისთვის,” განმარტავს აკაკი.
“ალიანს ფრივილიჯის” მშენებლობა ბათუმში 2020 წელს დასრულდება. 160-ნომრიანი სასტუმრო “მარიოტი”ექსკლუზიურ მულტიფუნქციურ კომპლექსში 2021 წელს გაიხსნება. ბათუმის ახალი “მარიოტის” მმართველი კომპანია ამერიკული “მაქინერი ჰოსფითალითი ინთერნეშენელი” იქნება. “ალიანს ჯგუფი“ პროექტში $80 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს.
“ალიანს ჯგუფი” მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმროების ქსელებთან ერთად ოთხ მიმდინარე სამშენებლო პროექტზე მუშაობს: “ალიანს პალასი” ბათუმში, სადაც სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” იქნება წარმოდგენილი, “ალიანს ფრივილიჯი” ბათუმში, სადაც სასტუმრო “მარიოტი” განთავსდება, “ალიანს რეზორტი” გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც სასტუმრო “რამადას” წარმოგვიდგენს და “ალიანს ჰაილაინი” თბილისში “ვინდემ გარდენ ჰოტელთან” ერთად.
ბოლო 12 წლის მანძილზე, ქართველ სამშენებლო-დეველოპერს პრემიუმ-კლასის მშენებლობებში $200-მილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმდინარე ოთხ ინოვაციურ პროექტებში კი “ალიანს ჯგუფი” ჯამში $210 მილიონს აბანდებს.