10 წლის წინ დაფუძნებული "რედიქსი" ამჯერად თბილისში ძვირფას საცხოვრებელ აპარტამენტებს აშენებს. უძრავი ქონების განვითარების წამყვანი ქართული კომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი Property Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ “რედიქსს” სასტუმრო ბიზნესშიც არაერთი სიახლე აქვს, როგორც მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდების, ასევე საშუალო დონის ხაზის მიმართულებით. კომპანიამ თავი საოფისე ფართების წარმატებით განვითარების კუთხითაც გამოიჩინა, “რედიქსის” A კლასის ბიზნეს ცენტრი თავისუფლების მოედანზე ყოველდღიურად იტვირთება. ქეთი ტაბატაძე - როგორც ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, “რედიქსის” უპირატესობა იმაშია, რომ კომპანია ღრმად არის ჩახედული სექტორში მიმდინარე პროცესებში მსოფლიო მასშტაბით. რა თანამედროვე ტენდენციები შეინიშნება დღეს უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე და როგორ ხდება ამ სიახლეების ადაპტირება ადგილობრივად თქვენი კომპანიის მიერ?
- “რედიქსი”, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შერეული ტიპის პროექტში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირფას საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. $70 მილიონიანი პროექტი, რომელიც “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა”(EBRD) და "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით შენდება,საცხოვრებელთან ერთად სასტუმროს და საოფისე ფართებს მოიცავს. 14-სართულიან კოშკს დაიკავებს სატუმრო Hilton-ი, 18-სართულიან კოშკში კი ბოლო 11 სართულზე საცხოვრებელი და პირველ 7 სართულზე საოფისე ფართები განთავსდება. საცხოვრებელი ფართების გაყიდვები, რაოდენობიდან გამომდინარე, ძალზედ შეზღუდულია, 11 სართული მხოლოდ 11 ბინას მოიცავს. ყოველი ერთეული 700 კვადრატული მეტრია, ფასი კი ერთ კვადრატულ მეტრზე $6000-ით განისაზღვრება. შენობაში ჯერ მოპირკეთებაც კი არ დაწყებულა და 7 ბინა უკვე გაყიდულია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არის შერეული ტიპის, ყველა რეცეფცია იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი. თითოეულ ბინას აქვს პრივატული კინოდარბაზი და ჩაშენებული ღვინის ოთახი, ტემპერატურული რეჟიმებისა და სინესტის მაკონტროლებელი მოწყობილობებით. ხაზგასამით აღვნიშნავ, რომ ვიყენებთ უმაღლესიხარისხის მოსაპირკეთებელ მასალას. ანალოგიური ქონება ლონდონში ან პარიზში სამჯერ ძვირი ღირს. “რედიქსის” საცხოვრებელი აპარტამენტები ჭავჭავაძეზე ეს არის მსოფლიო მეგაპოლისების უახლესი ტრენდი თბილისში. კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, სასტუმრო Hilton Garden Inn-ი კი, რომელიც 4 ვარსკვლავიანია 2018 წლის ბოლო გაიხსნება. რაც შეეხება უშუალოდ სასტუმროს, მსოფლიოში ნომერი პირველი ბრენდი შემოგვყავს, რომელიც თბილისში ჯერ არ არის წარმოდგენილი. Hilton Garden Inn-ი Holiday Inn-ის და Courtyard by Marriott-ის სეგმენტია და მათვე გაუწევს კონკურენციას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება AAA ადგილმდებარეობაა. თუ არ ჩავთვლით მომავალში გასახსნელ Pullman-ს რომელიც ჩვენს მოპირდაპირედ შენდება და 5 ვარსკვლავიანია, Hilton Garden Inn-ის 2-3 კილომეტრის რადიუსში კონკურენტი არა ყავს. - სასტუმროების მიმართულებით კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი შემოგყავთ ბაზარზე. თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი $35 მილიონიანი ინვესტიცია რომელი გლობალური სასტუმრო ბრენდის გახსნას მოხმარდება?
- ამ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შემუშავების ეტაპზე ვართ, თავისუფლების მოედანზე ვგეგმავთ 140-ნომრიანი მაღალი კლასის, 4+ ან 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს აშენებას, რომელიც Radisson-ის, Marriott-ის, Hayatt-ის სეგმენტში იმუშავებს და მშენებლობა საორიენტაციოდ 2018 წლის ბოლოს დაიწყება. შესაბამისად, უფრო ვრცელი ინფორმაცია პროექტის დეტალებზე მოგვიანებით გასაჯაროვდება. - გასული წლის მიწურულს თბილისის ცენტრში გახსენით A კლასის ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1", სადაც ცოტა ხნის წინ ოფისების გაქირავების მსხვილი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა "რეგუსი" გაიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ "რედიქსმა" მაღალი კლასის ამ ბიზნეს ცენტრით გარდატეხა მოახდინა საქართველოს საოფისე ბაზარზე?
- საოფისე ფართების კუთხით ქართული ბაზარი საკმაოდ შორსაა სტანდარტებისგან და ეს არ ეხება მხოლოდ A კლასის ბიზნეს ცენტრებს. საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ბაზარი და არ გვყავს რეგულატორი, რომელიც ამას დაარეგულირებდა, ყველაფერი ხდება სპონტანურად. ტაბიძის ბიზნეს ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტმულები ვართ საცხოვრებელი სახლებით, ყველა სტანდარტის დაცვა შევძელით, როგორებიცაა: ორმაგი კვების წყარო, უმაღლესი ხარისხის გათბობა-კონდიცირება და ვენტილაცია, საიზოლაციო სისტემები. ეს ყველაფერი არის ჩვენი ეგრედწოდებული “ნოუ-ჰაუ” ამ ქვეყანაში. ნორმებით არ მოგვეთხოვება, მაგრამ ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ყველა პროექტი განვავითაროთ ევროპული სტანდარტებით. ტაბიძის ბიზნეს ცენტრში უკვე გახსნა წარმომადგენლობა საოფისე ფართების მომსახურების უმსხილესმა საერთაშორისო ბრენდმა. “რეგუსის” მსგავსი კომპანია ძალიან ცოტაა მსოფლიოში. დღეს ის 3000 ოფისს ფლობს სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან სწრაფად იზრდება. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით,“რეგუსის” ქსელი 1000 ახალი ოფისით გაფართოვდა. - მნიშვნელოვანი მასშტაბური გეგმები გაქვთ სასტუმროების მიმართულებით რეგიონებშიც, კერძოდ აბასთუმანში, სადაც “საპარტნიორო ფონდთან” ერთად 140-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას თუ განიხილავთ მმართველობაში და რას შეცვლის $32 მილიონიანი პროექტი აბასთუმანში?
- ჩვენს პირველ ბუტიკ სასტუმროში “კაბადონი” ეგრედწოდებული “სოფთ ბრენდი” ვარჩიეთ - Preferred Hotel Group, რომელიც არ არის მართვაში და არც ფრანშიზული კონტრაქტია, მხოლოდ ერთიან მარკეტინგულ და გაყიდვების სქემაში ვართ ჩართული. საერთაშორისო ჯგუფს აქვს 700 სასტუმრო მსოფლიოში და მომსახურების სტანდარტების ძალიან მკაცრი კონტროლი. სავარაუდოდ, აბასთუმნის სასტუმროშიც “სოფთ ბრენდის” სტრატეგიას გავყვებით. ჩვენ ყველა კლასის ბრენდზე მორგებულ ქონებას ვავითარებთ, რომელიც მოერგება როგორც Hilton-ს, ასევე Accor-ს და Radisson-ს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაშიც Preferred Hotel Group -ზე და ქართულ მენეჯმენტზე შეჩერდეს არჩევანი. 140-ნომრიანი სასტუმროს განვითარება აბასთუმანში მთელი რეგიონის ამუშავებას ნიშნავს.სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტად დატვირთულ პერიოდში აბასთუმანი 2000-2500 საწოლს აწვდიდა ბაზარს, ხოლო მთელი ადიგენი და ახალციხე მის მომარაგებაზე მუშაობდა. სასტუმროს მშენებლობა, ფაქტობრივად, დავიწყეთ, მიწის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ზაფხულში მთავარი შენობის მშენებლობას შევუდგებით. “რედიქსის” მიერ აბასთუმნის პროექტების განვითარებას ავტომატურად მოჰყვება სამუშაო ადგილების შექმნა მთელის სამცხე-ჯავახეთში. - კიდევ ერთი სასტუმრო ეკუთვნის “რედიქსს” კიდევ ერთ ეგზოტიკურ კურორტზე. რამდენად წარმატებულია თუშეთის “სამზეო”და ამ მიმართულებით თუ გაქვთ ახალი გეგმები?
- თუშეთის პროექტში წყალმომარაგების საბოლოოდ დასრულებისთვის $1.3 მილიონი უკვე გამოყოფილია, ამ საკითხში “მსოფლიო ბანკი” და “მუნიციპალური განვითარების ფონდი” ერთობლივად ჩაერთვნენ. 60-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სამწუხაროდ, ბუნებრივი პირობების გამო, შეზღუდულია სამუშაო პერიოდი. ხშირია ზვავის და მეწყერის ჩამოწოლა გზებზე, რაც ძალიან აზარალებს როგორც სასტუმროს მფლობელებს, ასევე მოსახლეობას. სასტუმრო ბიზნესის უკეთ განვითარებისთვის თუშეთში საჭიროა ქონების გადასახადის სამართლიანი რეგულირება, სასტუმრო, რომელიც 3 თვე მუშაობს 12 თვის საფასურს არ უნდა იხდიდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები. თუშეთი ახალი აღმოჩენაა საქართველოში შემოსული ტურისტისთვის და ასეთი აღმოჩენების განვითარების გარეშე სახელწიფოს ტურიზმის მიმართულებით დასახული ამოცანების შესრულება გაუჭირდება. “რედიქსში” ამ მხრივ სიახლეებს კვლავ ვგეგმავთ, შემდეგი კი იქნება თელავი. სიღნაღის “კაბადონში” ტურისტული ჯგუფების განთავსებას სრულად ვერ ვახერხებთ, ოთახების რაოდენობის გამო. სულ 21 ნომერი გვაქვს. წელს თელავში კი 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას დავიწყებთ, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. შენობა, ფაქტობრივად, აშენებეულია, ეს არის ეგრედწოდებული “კონვერჟენ” პროექტი, შევიძინეთ საცხოვრებელ სახლად გამზადებული კარკასი, რომელსაც ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. 120-ნომრიან სასტუმოს თელავში 2018 წლის შემოდგომისთვის, რთველის სეზონზე გვინდა გავხსნათ თუ მოვასწარით. - რას ურჩევდით მთავრობას და სამშენებლო სექტორის განვითარებაში ჩართულ პირებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული უძრავი ქონების ბაზარი გახდეს საინვესტიციოდ მიმზიდველი?
- დღეს უცხოელი ინვესტორების მხრიდან ქართული უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი არ არსებობს და თუ სახელწიფო ქმედით ნაბიჯების არ გადადგამს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არც არავინ შემოვა. 20 წლის წინ, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყე, ცნობილ უცხოელ არქიტექტორებს ჩამოვიყვანე და მათ სხვა საკითხებთან ერთად მტკვრის ანალიზი მომთხოვეს, რადგან მთავარი მდინარის დაბინძურების ხარისხის უძრავი ქონების ფასების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიაო. მაშინ ეს ჩემთვის წარმოუდგენელი კავშირი იყო და მაშინვე ვერ აღვიქვი. აი რამდენი მეცადინეობა და სიძნელეების გადალახვა მოუწევს ხელისუფლებას... ქართული ბაზარი სწრაფ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. აუცილებელია გაიზარდოს არქიტექტურული საბჭოს უფლებები და ის ადგილობრივთან ერთად უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. უნდა ჩამოვიყვანოთ პროფესიონალები, ვისაც სამშენებლო სექტორის ფართო ხედვა აქვს, ვინც ფიქრობს იმაზე თუ კონკრეტული პროექტი რა გავლენას ახდენს ზოგად სურათზე.