თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა - მელიქ აზარიანცის სახლი

Property Georgia

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლოლიტა ციცხვაია

დღეს ვისაუბრებთ შენობაზე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთი, ფაქტიურად მთელი კვარტალი უკავია; რომლისთვისაც ბევრჯერ ჩაგვივლია ფეხით თუ მანქანით, რომლის წინაც ბევრჯერ დავმდგარვართ და დავლოდებივართ ტრანსპორტს, და ცოტამ თუ იცის მისი აგების ძალზედ საინტერესო ისტორია. ეს გახლავთ მელიქ აზარიანცის (ზოგისთვის კაზარიანცის) საცხოვრებელი სახლი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აშენდა და მთელი ვერის და შემდეგი ტერიტორიების განვითარების მიზეზადაც იქცა.

Property Georgia

Property Georgia

ამ სახლის აღმართვის ისტორია ასე დაიწყო...შეძლებულმა თბილისელმა ვაჭარმა ალექსანდრე მელიქ აზარიანცმა გადაწყვიტა საერთო საცხოვრებელი-სასტუმროს ტიპის შენობის აგება, რომელსაც გააქირავებდა და დამატებითი შემოსავლის წყარო ექნებოდა. სახლის ასაშენებლად ადგილის გამოყოფა თბილისის მაშინდელი თავკაცისთვის (დღ. ქალაქის მერი) ალ.ხატისოვისთვის უთხოვია. ხატისოვმა მისთვის ე.წ.ზემელზე არსებული გამოუსადეგარი ადგილი - ნაგავსაყრელი „გაიმეტა“ მხოლოდ. გაგიჟებულა აზარიანცი - მე ფულიანი ვარ და ნაგავში სახლი როგორ ავაშენოო. თანაც ამ ადგილას გრუნტის წყლები იყო ჭარბი რაოდენობით.  ქალაქის „თავის“ სიჯიუტე და აზარიანცის ძლიერი სურვილი სახლის აღმართვისა ერთმანეთს დაეჯახა, და შეუდგა დიდვაჭარი მშენებლობას, რომელიც წარმოუდგენლად მოკლე დროში (1912-1915 წწ.) დასრულდა. ტონობით მიწა და ტყვია დასჭირდათ მშენებლებს ნიადაგის ამოსავსებად და შენობის საძირკვლის გასამაგრებლად. აზარიანცი ფულს არ ზოგავდა. მას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღარიბთა ჯიხურების შესყიდვაც მოუწია...სახლის პროექტის ავტორი იყო ცნობილი პეტერბურგელი არქიტექტორი ნიკოლაი ობოლონსკი. ეს იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ევროპასა და რუსეთში გავრცელებული „მოდერნის“ სტილის  პირველი მრავალფუნქციური ტიპის სახლი მთელ  კავკასიაში სასტუმრო ოთახებით, მაღაზიებით, ფოტო სალონით, საბავშვო ბაღით, კინოთეატრით, სამხატვრო გალერეით, ულამაზესი  ბაღით. როგორც ეკატერინე მიქარიძე წერს, „სახლი იმ დროისთვის უჩვეულო სიახლეებით - ავტონომიური ელექტრო, გათბობის  და წყალმომარაგების სისტემებით  იყო აღჭურვილი“.

Property Georgia

Property Georgia

სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც  მელიქ აზარიანცის ერთადერთი ხელის გულზე გაზრდილი 25 წლის  ქალიშვილი თაქუი გარდაიცვალა და შენობა ალექსანდრემ შვილის ხსოვნის უკვდავყოფას მიუძღვნა. ამით ხსნიან ნაგებობის მკაცრ, სევდიან, ასკეტურ გარეგნულ გამომსახველობას, ცრემლის ფორმის სარკმლების გამოყენებას და ფასადების სამგლოვიარო გვირგვინებით მორთვას.

Property Georgia

Property Georgia

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ერთ დროს მდიდარი მეცენატი, ასეთი ინოვაციური შენობის ავტორი სრულიად ხელმოცარული დარჩა. მთელი ქონება, მათ შორის ეს სახლიც, ჩამოართვეს და საშინელ სიღატაკესა და შიმშილში დალია სული. ეს მოხდა 1923 წელს საკუთარი სახლის სარდაფში. აზარიანცი მეგობრებმა ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს.

Property Georgia

Property Georgia

სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით კომუნისტების პერიოდში, აზარიანცის სახლს მრავალი სირთულის გადალახვა მოუწია; დანგრევასაც კი უპირებდნენ, აქაოდა სომეხმა ააშენაო, ხანძარმაც კინაღამ იმსხვერპლა, მაგრამ გადარჩა...გადარჩა და დღეს თბილისის კულტურული მემკვიდრეობის აქრიტექტურულ ძეგლთა სიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა თავისი ისტორიითა და საინტერესო არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტით.

Property Georgia

Property Georgia

ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სასწაულებრივად გადარჩენილი სახლის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. შენობას ეს გარეგნულად შეიძლება ნაკლებად ეტყობა, მაგრამ გრუნტის წყლებს მისთვის საძირკველი სერიოზულად დაუზიანებია (რომ არაფერი ვთქვათ სხვა დაზიანებებზე), და თუ არა დროული ზომები, მალე სახლმა შესაძლოა თავდაპირველი მეპატრონის და მშენებლის ბედი გაიზიაროს.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: