თემო ბიწაძე - ალიანს ჯგუფი |კომერციული დირექტორი- ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენის შესახებ უძრავი ქონების სექტორში.
1. რატომ ღირს ინვესტირება უძრავ ქონებაში დღეს?
- უძრავი ქონება ყოველთვის ყველაზე სანდო და ნაკლებ რისკიან ინვესტიციად ითვლებოდა, რომელიც ისტორიულად მუდამ იზრდება ფასში, თუ ლოკაცია, ხარისხი და ბრენდი სწორადაა შერჩეული.თუმცა, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა რისკის ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მეტად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ უძრავ ქონებაში თავისუფალი ფულადი სახსრების ინვესტირება ყველაზე გონივრულ არჩევნად მიმაჩნია.
2. რა მოლოდინები გაქვთ, როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარი, მოთხოვნა, მიწოდება და ფასები 6-12-24 თვის განმავლობაში?
- ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიწოდება, რაც მოთხოვნისა და ფასის საგრძნობმა ზრდამ განაპირობა და ბევრად მეტი კომპანია თუ ინდივიდუალური პირი დაინტერესდა ამ სექტორით. რეგულაციების გამკაცრება და მშენებლობის ფასის ზრდა ნაწილობრივ იმოქმედებს მომდევნო პერიოდში მიწოდების ტემპის კლებაზე, თუმცა მოთხოვნის კლების ნიშნები ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედით შეინიშნება, რაც ბევრი გარე ფაქტორითაა განპირობებული და ალბათ უახლოესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.
ამის მიუხედავად, ახლო და განსაკუთრებით შორეულ მომავალს საკმაოდ პერსპექტიულად ვუყურებთ და უკვე მომავალი წლიდან ველოდებით მოთხოვნის, ისევე როგორც ფასების კიდევ საგრძნობ ზრდას.
3. რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების პერსპექტივა ფასებსა და ხარისხზე?
- ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ძალზე მარტივი და პირდაპირია, რადგან ამის არაერთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნების რეალობაში. ფასების ზრდა ცალსახად გარდაუვალია, თუმცა კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც რეგულაციების სიმკაცრე, ასევე, მშენებლობის ხარისხი და შესაბამისად მისი ხარჯებიც დეველოპერებისთვის.
4. რა სურს დღეს მომხმარებელს?
- დღეს მომხმარებელი ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე წლების წინ. მათ უკვე ზუსტად იციან რისი მიღებაც სურთ და რა კონკრეტული მიზნით ახორციელებენ ინვესტიციას. ეს შეიძლება იყოს:
• შეძენა საცხოვრებლად;
• შეძენა პირადი დასვენების მიზნით;
• მშენებლობის ადრეულ ეტაპზე შეძენა და ძვირად გასხვისებით მოგების გენერირება;
• ყოველთვიური, პასიური მოგების მიღება პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ;
• შეძენა მაღალი დონის პროექტებში სტატუსისთვის და ა.შ.
ამიტომ, ვფიქრობ, ბაზარი ბევრად უფრო კომპლექსური ხდება, რისთვისაც პროდუქტისა და სერვისების ადაპტირება იქნება აუცილებელი, რადგან მხოლოდ ძლიერი მოთამაშეები მოახერხებენ ზრდას, განვითარებასა და ჩვენს ბაზარზე ოპერირებას.






