Photo credit: GIZ/Sebastien Canaud
მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს მხარდაჭერა ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნეს კლასტერების ხელშეწყობასაც მოიცავს. კლასტერული განვითარება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საშუალებას აძლევს ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან პარტნიორობით გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“, რომელსაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს კლასტერების შექმნას სამშენებლო, ტანსაცმლის წარმოებისა და ტურიზმის სექტორებში და მისი ძალისხმევით უკვე დაფუძნდა ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC).
ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის (GCMC) შესახებ დეტალურად ისაუბრეს „საქმიან დილაში” სალომე არღვლიანმა, კლასტერების განვითარების პროგრამის ექსპერტმა (GIZ), თამაზ დაუშვილმა - “დიოს” დამფუძნებელმა და ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და ლიკა ქარდავამ - ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მენეჯერმა.
სალომე არღვლიანის თქმით, პროექტის მთავარ კომპონენტს კლასტერისა და მისი წევრი კომპანიების მდგრადი განვითარების ტექნიკური მხარდაჭერა წარმოადგენს. საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ხდება ერთი მხრივ სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მეორე მხრივ, კლასტერის სტრატეგიული განვითარება სექტორის გაძლიერების მიზნით. პროექტის როლი, ასევე კომუნიკაციისა და კონტაქტების განვითარების ხელშეწყობაშია, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სამშენებლო მასალების მწარმოებლებისთვის, რომ მათ გაამყარონ თავიანთი ურთიერთობა, დაწყებული არქიტექტორებიდან დამთავრებული დეველოპერამდე და გაყიდონ თავიანთი პროდუქტი.
საქართველოში და ქართულ ბაზარზე ბევრი პრობლემაა რასაც მწარმოებლები აწყდებიან, გაზრდილი კონკურენცია იმპორტის ნაწილში. ასევე, ბევრი სამუშაოა ქართული პროდუქტისადმი ნდობის ამაღლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნდობის ამაღლება და თანამშრომლობა გამყარება ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. ამისათვის, კლასტერის წევრ კომპანიებს დავეხმარებით, რომ გახდნენ მდგრადები, ხარისხზე ორიენტირებულები და ინოვაციურები.” - ამბობს სალომე არღვლიანი.
მშენებლობის სექტორი სწრაფად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ცხადია, რომ სექტორის განვითარება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა, ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებსა და ქვეკონტრაქტორებს საქმე აქვთ ახალი ტიპის შენობებთან, პროექტების დაგეგმვის უფრო დახვეწილ მიდგომებთან და ადგილობრივ ბაზარზე მეტი და უფრო მრავალფეროვანი სამშენებლო მასალების შეძენის საჭიროებასთან. ამიტომ, როგორც თამაზ დაუშვილი აღნიშნავს, კლასტერის იდეა სწორედ ის არის, რომ სექტორი საერთო ინტერესის ირგვლივ გაერთიანდეს: “ეს არ არის მხოლოდ გაერთიანება გაერთიანებისთვის, კლასტერში ძალიან საინტერესო კომპანიებმა მოიყარეს თავი, ძალიან საინტერესო წარსულით. გვაქვს შიდა კომუნიკაცია, ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას, ყოველდღე იბადება ახალი იდეები და ასე იკრებს ძალას ჩვენი კლასტერი. დღეს საკმაოდ დიდია სამშენებლო სექტორი, ამიტომ, აქ პრობლემებიც ძალიან ბევრია. შესაბამისად, ძირითადი მიზანი სამშენებლო სექტორის განვითარება და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიების განვითარებაა.”
კლასტერისთვის კომპანიათა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები არის ქართული კაპიტალი, ეკონომიკური პოტენციალი, ასევე კომპანიების მზადყოფნა, აწარმოონ ინოვაციური, ხარისხიანი, ეკომეგობრული და ენერგოეფექტური პროდუქტები, გაითვალისწინონ ჭკვიანი გადაწყვეტილებები. კლასტერის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მათი წევრების მზადყოფნა, ითანამშრომლონ სფეროს სხვა მოთამაშეებთან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად. GCMC ყურადღებას ამახვილებს ინოვაციებსა და ხარისხზე, წარმოების პროცესების დიგიტალიზაციაზე, ჭკვიანი ტექნოლოგიების ადაპტაციაზე, ასევე ხარისხის მართვის სისტემათა დანერგვის მხარდაჭერასა და ადგილობრივ და საერთაშორისო ლაბორატორიებთან თანამშრომლობის გამყარებაზე.
ლიკა ქარდავა ამბობს, რომ პანდემიამ რეალურად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვენლოვანია ადგილობრივი წარმოება იყოს ძლიერი. სიძლიერისთვის კი აუცილებელია მისი ნდობისა და ცნობადობის ამაღლება, ხარისხზე ორიენტაცია და ჯანსაღი კონკურენცია.
“მნიშვნელოვანია ინოვაციების და ეკო-მეგობრული სიახლეების დანერგვა მშენებლობის სექტორში , რის შესაძლებლობასაც სფეროს აქტორებს პროგრამა სთავაზობს საერთაშორისო ექსპერტული რესურსებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს მუშაობას ხარისხის ამაღლების თემებზე,” აღნიშნავს ლიკა ქარდავა. მისი თქმით, ბაზარზე გამოიკვეთა კვალიფიციური საკადრო რესურსის დეფიციტი, შესაბამისად ამ კუთხითაც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, აქტიური თანამშრომლობით პროფესიულ კოლეჯებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და დონორებთან, დაიგეგმება ბიზნესზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც გააძლიერებს ადამიანურ კაპიტალს სამშენებლო სექტორში და კომპანიებს დაეხმარება, რომ გრძელვადიანად შეძლონ თავისი საკადრო რესურსის განვითარება, უახლესი პრაქტიკებით.
,,ვხედავთ, რომ გლობალურად, სამშენებლო სექტორი ტექნოლოგიურად სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ ეს სიახლეები დროულად ადაპტირდეს ქართულ კომპანიებში და ამის შესაძლებლობას, სწორედ ჩვენი მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა და წევრების მრავალფეროვანი ბაზა გვაძლევს.” - ამბობს ლიკა ქარდავა.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის მისიას წარმოადგენს სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა გაერთიანებით, სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებითა და დარგობრივ ასოციაციებთან ეფექტური თანამშრომლობით სინერგიის შექმნა. კლასტერი ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით წარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, ქართული სამშენებლო მასალების მწარმოებელ საწარმოთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ადგილობრივ ბაზარზე მათი წილის გაზრდას. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, სექტორის განვითარების უმინიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ავტორი: ანი კაკურია