#propertymedia მოგზაურობა აფხაზეთში | Property Georgia

#propertymedia მოგზაურობა აფხაზეთში

ავტორი: ელენე ღვინჯილია

ყველას გვიყვარს მოგზაურობა, მითუმეტეს ახლა, სხვადასხვა ქვეყნების ან ჩვენი სამშობლოს კუთხეების ნახვა, დათვალიერება, აღმოჩენა. ზოგი კულტურით ინტერესდება, ზოგს არქიტექტურა იტაცებს, ან სულაც უბრალოდ დასვენება. მოდით, ჩვენც დავგეგმოთ ერთად მარშრუტი, მაგალითად, აფხაზეთისკენ, რას იტყვით? აღმოვაჩინოთ, ერთად შევქმნათ თავგადასავალი, ან სულაც, ვესტუმროთ ჩვენს მონატრებულ კუთხეს... თქვენც,  ვინც იცით ეს სილამაზე, გამოგვყევით, გაიხსენეთ ბავშვობა, ისტორიები, რაც გაკავშირებთ ამ მხარესთან, მათ კი, ვინც ჩემსავით მხოლოდ მონათხრობით იცით აფხაზეთი, ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ საქართველოს ეს საოცარი კუთხე.

თავიდან, ალბათ, სჯობს სოხუმში გავჩერდეთ, მზის ქალაქში, აქ ხომ მზე 220 დღე ანათებს და საზღვაო სეზონი ივნისიდან ნოემბრამდე გრძელდება. აქაურობა წარმოგვიდგება მთელი თავისი მშვენებით - მწვანეში ჩაფლული, ფერდობზე შეფენილი თეთრი სახლებით, რომელიც ამფითეატრისებურად არის გაშენებული. ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხე ყველა დეტალით უნიკალურია. ისტორია, მდებარეობა, ჰავა, ბუნებრივი პირობები, განათლება, კულტურა, მეცნიერება - სალაპარაკო და სანახავი ბევრია, შესაბამისად, ტურისტს  ყველა ნახვაზე უტოვებს სურვილს კიდევ ერთხელ ჩამოვიდეს და დეტალურად გაეცნოს აქაურობას. რაც შეეხება სოხუმს, იგი ჰავით, მცენარეებითა და რელიეფით გამოირჩევა  შავი ზღვის ზოლში მყოფი სხვა ქალაქებისგან. განა წელიწადის რომელ დროს არიც ცუდი იდეა აქ ჩამოსვლა და დასვენება?! აქ მაღალია  მზის პირდაპირი რადიაცია, ამ მაჩვენებლით იგი უტოლდება იაპონიის სუბტროპიკული რაიონების ზაფხულსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ზამთარს. ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ, მოდით, სოხუმის ულამაზეს რესტორან ,,ამრა“-ში ჩამოვსხდეთ, დავისვენოთ, გნებათ, ყავა დავლიოთ ქვიშაზე, რომლის გემოც ყველა სოხუმელს დღემდე ახსოვს, რომლის მსგავსი  სხვაგან არსად გაუსინჯავთ. გნებავთ, გავისეირნოთ სოხუმის ქუჩებში, სადაც ყველა ფეხის ნაბიჯზე პალმები, ოლეანდრები, მაგნოლიებია; აქვე დაგვეწვევა ზღვის საოცარი ხმაური და სურნელი, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრებისერთობითა და სიყვარულით. იქნებ, ჭანბას სახელობის თეატრი ან გამსახურდიას სახელობის ქართული თეატრი გვენახა, ანდაც დენდროპარკში გავესეირნა.  დამეთანხმებით, სანახავი ბევრია, ადგილი ზღაპრული, ისტორია კი დაუვიწყარი!

ახლა გეზი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით ავიღოთ, სახელგანთქმული ბიჭვინთისკენ. რას ფიქრობთ, მოგწონთ მისი მომაჯადოებელი წიწვოვანი ტყე და ქვიშიანი სანაპირო?  რადგან აქამდე მოვსულვართ, მოვინახულოთ ბიჭვინთის ტაძარი, ეს არის ადგილი, რომელიც ისტორიული ღირებულების ქრისტიანული ტაძარია და საქართველოს სხვა ძეგლებისგან განსხვავებით,   ბიზანტიურ შენობებს ჩამოგავს.

რადგან ჩრდილო-დასავლეთით ვართ, გაგრას გვერდს ვერ ავუვლით, რომელიც გამოირჩევა სანაპირო ზოლისა და ლანდშაფტის თავისებური შეხამებით.

გაგრის აღმოსავლეთით კი, მივადგებით რიწას, ბევრი უნდა ვიაროთ სიმწვანესა და კლდეებში; იმედია, არ დავიღლებით, რადგან წინ რიწის საოცარი ტბა გველოდება, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. სულ მინდა სხვა ქვეყნებთან შედარება, ამ ზღვის, ამ მთის, მაგრამ მიჭირს -  ეს ხომ ჩემი მშობლიური აფხაზეთია!

ჩვენი დრო იწურება, სანახავი კი საკმაოდ ბევრი დაგვრჩა, იმედია, მოგეწონათ და ჩემსავით დაღლილი და სავსე ხართ ემოციებით, თვალუწვდენელი ხედებითა და პეიზაჟების ხილვით, ფეხით სიარულიც კი არ აღმოჩნდა დამღლელი ამ სილამაზის აღმოსაჩენად. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით მომავალში, უკვე რეალურ სივრცეში და შევძლებთ ეფრო დეტალურად დათვალიერებას, მოგზაურობას და ამ საოცარი მხარის თითოეული კუთხე-კუნჭულის აღმოჩენას...

ჰო, მართლა, სოხუმში, სურათების გადაღება არ დაგვავიწყდეს, გრიფონებთან...

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: