ავტორი: ელენე ღვინჯილია
ამ სტატიაში ინტერიერის დიზაინერი თათა ხაჩიძე გვიზიარებს რჩევებს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბინის რემონტისას. სტატია ასევე დაგაინტერესებთ მათ, ვინც ამ პროფესიაში აპირებთ ცოდნის გაღრმავებას. რაც შეეხება თათას, მისი ნამუშევრები საკმაოდ მრავალფეროვანია, მოიცავს როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს. მის ნამუშევრებში შედის: ამბასადორ კაჭრეთის რამდენიმე კოტეჯი, ასევე Villa Vake Complex, წოდორეთის ტყუპი კოტეჯები და ბევრი სხვა, რაზეც თავადაც გაგვესაუბრება. როგორც თათა ამბობს, ამ პროფესიაში აუცილებელი ფაქტორია საქმის უსაზღვრო სიყვარული, ენერგიის ბოლომდე დახარჯვა და შედეგით სიამოვნების მიღება. იგი საკმაოდ დიდ დროს უთმობს დამკვეთის ინტერესებს, ჰობისა თუ გემოვნებას, რათა შედეგი იყოს ორივე მხარისთვის მოსაწონი.
- თათა, რას ანიჭებ უპირატესობას შენს საქმეში, რას ურჩევ კლიენტს ინტერიერის მოწყობისას?
- ჩემთვის უპირველესია დამკვეთი იყოს კმაყოფილი, შევქმნა ინდივიდზე ორიენტირებული სწორად დაგეგმილი გარემო სადაც ბედნიერ ცხოვრებას გაატარებს. ორი რჩევით შემოვიფარგლები: პირველი - მეტი ფერები, რადგან ფერებს შემოაქვს განწყობა, ემოციები, ენერგეტიკა, რაც ფქსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ განწყობაზე. მეორე რჩევა კი არის სახლში გვქონდეს ბუნებრივი გამწვანება, რაც ჰარმონიისა და სიმყუდროვის წინაპირობაა.
- პროექტები, რომლებიც გეამაყება, რადგან თვლი, რომ კარგად გაართვი თავი
- ჩემი პირველი ემოცია, რომელიც არ დამავიწყდება არასდროს იყო ამბასადორ კაჭრეთში 2 სხვადასხვა ტიპის კოტეჯის შექმნა, ამ პროექტზე მხოლოდ ექსტერიერზე ვიმუშავე. დღესაც რომ ვხედავ, სიამაყის გრძნობა მეუფლება. სასიამოვნოდ მახსენდება ეგრეთ წოდებულ კაკლებში „Villa Vake Complex”-ის ინტერიერის ორი სხვადასხვა სტილის შექმნა, იყო ლოფტი, სადაც დღემდე ყურადღებას იქცევს მეტალის კონსტრუქციის კიბის მოაჯირი და ასევე მოდერნისტული ინტერიერი. მინდა გავიხსენო წოდორეთის ტყუპები, ამ პროექტში ექსტერიერშიც მივიღე მონაწილეობა და ინტერიერი ორივე სივრცეში მე მეკუთნის. ეს არის საოცარ ბუნებაში ორი ანალოგიური სახლის სრულიად განსხვავებული ინტერიერები. მქონდა „რე ბანკი“-სთან თანამშრომლობა, რაც ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.
- რა სახით/ფორმით ბარდება თქვენი პროექტი?
- დასრულებულ პროექტს ვაბარებ ალბომის სახით, სადაც ყოველ მომდევნო გვერდზე შევხვდებით პროექტირების ეტაპებს: გეგმარება, ელექტროობა, განშლები, მასალების ექსპლიკაციები, რენდერები და კიდევ სხვა დეტალები, რომლებიც აუცილებელია სახლის რემონტისთვის. ალბომი პრაქტიკულია დამკვეთისთვის, რათა უკეთ აკონტროლოს რემონტის მიმდინარეობის პროცესი.
- რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამაზე ფიქრს (პროფესიულად) რა გაითვალისწინონ?
- 3დ დიზაინერი ეს არის დაუღალავი შრომის, უამრავი გათენებული ღამის, გაუჩერებელი მუშაობის შედეგი, ჩვენი პროფესიის ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ სიამოვნება დახარჯულ შრომაზე ბევრად მეტია, ეს არ არის სტატიკური პროფესია, პირიქით, მუდმივ პროგრესს განიცდის და მუდამ უნდა იმუშაო საკუთარ განვითარებაზე.
- რას ურჩევდი ადამიანებს, რომლებმაც ახლა შეიძინეს ბინა და აპირებენ მის გარემონტებას?
- ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია თითოეული ოჯახის წევრის ჩართულობა, მოცემული ფართის მაქსიმალურად ათვისება, ავეჯის განლაგების დაგეგმვა, და რაც მთავარია, გააკეთონ რაც შეიძლება მეტი ელექტრო წერტილები, (განათებას შეუძლია შეცვალოს სტილი), იმსჯელონ კარგად, თუ რა მოლოდინი აქვთ და რა სურთ, არ გააკეთონ მოსაბეზრებელი და დამღლელი ფერები, აქცენტების სახით ჯობია მკვეთრი ფერების შეტანა. თუ გყავთ დიზაინერი, მაქსიმალურად ეცადეთ, თქვენც იყოთ ჩართული თქვენი სახლის შექმნაში და თუ არ გყავთ, მიიღეთ სიამოვნება, დაგეგმეთ და გაანალიზეთ ყველა დეტალი მიენდეთ საკუთარ ფანტაზიას და იყავით თამამები.