#propertymedia როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი | Property Georgia

#propertymedia როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი

ავტორი: ელენე ღვინჯილია

როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს, მითუმეტეს, თუ კი მათი ოთახის ორგანიზებაზე ვსაუბრობთ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, საკუთარი ინტერესებითა და შეხედულებებით, ჩვენ კი, როგორც მშობლები, ვალდებული ვართ სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ. ხომ იცით, სადაც საბავშვო საძინებელია, სწორედ იქიდან იწყება მათი ტკბილი მოგონებებიც. დაბრუნდით საკუთარ ბავშვობაში და გაიხსენეთ, თქვენ გქონდათ ისეთი საძინებელი, როგორზეც ოცნებობდით?

ბავშვების ოცნებების ასრულება მნიშვნელოვანია და დაბალ ბიუჯეტშიც შესაძლებელი, ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი სურვილები როცა საძინებელს მოვუწყობთ, ეს ხომ მათი პატარა სამფლობელოა!  თბილი, მშვიდი და კომფორტული ოთახის შექმნით ხელს შევუწყობთ მათი ჩამოყალიბება-განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

თუკი ბავშვს კითხვა უყვარს, ამას რა სჯობია?! კიდევ უფრო წავახალისოთ ეს ინტერესი - ოთახის ხასხასა, ლამაზ კედლებზე  განვათავსოთ თაროები, სხვადასხვა წიგნებით; თაროების ქვეშ მყუდრო და განმარტოვებისთვის იდეალური კუთხეც შეგვიძლია მოვაწყოთ - მათი  თავგადასავლების ათვლის წერტილი.

ოთახის ფერების შერჩევისას აუცილებლად დაეკითხეთ აზრი თქვენს შვილებს, ეს ხომ მათი ოთახია და მათი გემოვნების შესაბამისად უნდა იყოს გაფორმებული. იქნებ თქვენს გოგონას სულაც არ მოსწონს „პრინცესული“ ოთახი და საწოლი, ვარდისფერში რომაა გადაწყვეტილი. ან იქნებ თქვენს ბიჭს სულაც არ ხიბლავს მანქანები და უფრო საზღვაო თემატიკა იტაცებს? შეათანხმეთ ოთახის ფერები და თემატიკა. ერთი კი უდაოა: ყველა ბავშვს უყვარს სათამაშოები. ბევრი სხვადასხვა სათამაშო, ზოგისთვის ახალი კაბა იქნება შესაკერი,  ვარცხნილობა შესაცვლელი, ან იქნებ მანქანა ან მატარებელია შესაკეთებელი, საქმეს რა გამოლევს...  მთავარი კი ის არის, რომ ეს თქვენთვისაც საუკეთესო შესაძლებლობაა ჩაერთოთ ამ თამაშში და ბავშვობაში დაბრუნდეთ.

ბავშვების სურვილებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ყველაზე საოცნებო პატარა სახლს ხეზე; იდუმალსა და საოცნებოს. ხოლო მათ, ვისაც ეზო, და შესაბამისად ხეც არა აქვს, შეუძლია უბრალოდ ლამაზი კარავი მოუწყოს შვილებს ოთახში, სხვადასხვანაირი განათებითა და აპლიკაციებით და საღამოობით შვილებთან ერთად იმოგზაუროს გალაქტიკაში ფანრით ხელში, ერთად შექმნან საკუთარი თავგადასავლები. ნუ მოერიდებით, პირიქით, ხელი შეუწყვეთ თქვენს შვილებში ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვის გაღვივებას.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი მომინდა ბავშვობაში, ჩემს ოთახში დაბრუნება და მხოლოდ იმაზე ფიქრი,  ყოველდღე როგორ შემეცვალა ადგილი ნივთებისთვის, ვითომ დაძინებულს კი მედარაჯა სათამაშოებისთვის, როდის დაიწყებდნენ საუბარს, რომ გამეგო მოსწონდათ თუ არა თავისი პატრონი, ანუ მე, ან ადგილი სადაც უწევდათ ცხოვრება, ანუ ჩემი ოთახი.  

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: