#propertymedia პროფესია კონსტრუქტორი | Property Georgia

#propertymedia პროფესია კონსტრუქტორი

ავტორი: ანი კაკურია

“რა გინდა გამოხვიდე?” ეს შეკითხვა ერთხელ მაინც ყველასთვის დაუსვამთ და მასზე პასუხი , რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბავშვობაში უფრო მრავალფეროვანია ვიდრე ზრდასრულ ასაკში.   

რა თქმა უნდა ყველა პროფესია თავისებურად მიმზიდველია, მაგრამ,  მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომისტების, იურისტებისა და ფინანსისტების გარდა, სხვა ძალიან ბერვი საინტერესო პროფესიაა, რომელზეც ან არც კი გვიფიქრია ან არც კი ვიცით. ამიტომ გადავწყვიტეთ ბევრი მოგიყვებთ ასეთ პროფესიებზე, გიამბოთ მათზე იმ რიგითი ადამინების ისტორიებით, რომლებმაც თავის დროზე შედარებით უფრო არასტანდარტული მაგრამ, როგორც აღმოჩნდა სწორი არჩევანი გააკეთეს. 

მოდით დავიწყოთ, დღეს კონსტრუქტორებზე მოგიყვებით.

პირს რომელიც რაიმე კონსტრუქციას ქმნის კონსტრუქტორი ეწოდება. ეს ერთი შეხედვით მარტივი განმარტება, ბევრს აბნევს  ამიტომ ვეცდები სხვანაირად აგიხსნათ. წარმოიდგინეთ თქვენი ოცნების სახლი... ახლა კიდევ წარმოიდგინეთ ოღონდ ავეჯის, იატაკის, კედლების, ფანჯრების გარეშე , მხოლოდ კარკასი. სწორედ ამ კარკასს აგებს კონსტრუქტორი და მისი წყალობითი ინარჩუნებს სახლი სიმტკიცესა და მდგრადობას. გამოდის რომ კონსტრუქტორები ის ადამიანები არიან, რომლებიც საოცნებო კონცეფციებს და დიზაინს, რეალობად აქცევენ.

თორნიკე მორალიშვილი და მარია უზნაძე იჟინერ-კონსტრუქტორები არიან და უკვე რამდენიმე წელია, თავისი პროფესიით, საპროექტო კომპანია „კუბიკონში“ მუშაობენ. ბავშვობიდან ორივეს სხვადასხვა გატაცებები ჰქონდათ, მაგრამ სკოლის პერიოდში თორნიკემ „დიდიოსტატის მარჯვენა“ წაიკითხა, მარია არქიტექტურამ გაიტაცა, ასე დაინტერესდნენ მშენებლობით, მერე ბევრი ინფორმაცია მოიძიეს, ამ სფეროში მომუშავე ადამინებს ესაუბრნენ და საბოლოოდ მივდნენ იმ საქმემდე, რომელიც უყვართ, დღეს ამბობენ, რომ რაც მეტს სწავლობენ და მუშაობენ, მით უფრო მეტად რწმუნდებიან არჩევანის სისწორეში.

არც თუ ისე შორეულ წარსულში, კონსტრუქტორები დიდ მაგიდებზე გაშლილ, კიდევ უფრო დიდ ფურცლებზე ხელით ხაზავდნენ.  დღეს ფურცლები კომპიუტერის ეკრანებმა და სხვადასხვა პროგრამებმა ჩაანაცვლეს, შენობების დიზაინიც თითქოს სულ უფრო და უფრო განსხვავებული და მრავლაფეროვანი ხდება. ყოველი სამუშაო დღეც, შესაბამისად  ახალი გამოწვევაა.

როგორც თორნიკე ამბობს,სწორედ,  ამიტომ მოსწონს ეს პროფესია: ,,ყველა პროექტი ინდივიდუალურია, რაც თავისთავად  საჭიროებს შესაბამის გადაწყვეტებს, რომლებსაც როგორც გამოწვევას ისე აღვიქვამ. მომწონს  მუდმივი სიახლეები, რომლებიც დაკავშირებულია  ტექნოლოგიების  და პროგრამების განვითარებასთან. ყოველ ჯერზე, ჩემი მიზანია დავაპროექტო ისეთი შენობა, რომელიც ერთი მხრივ იქნება რენტაბელური,  დააკმაყოფილებს ყველა კონსტრქუციულ მოთხოვნას და მეორე მხივ, იქნება დამკვეთისათვის ხელსაყრელი.”

,,ზოგადად, კონსტრუქტორებს ისტორიის ყველა მონაკვეთში ბევრი გამოწვევა აქვთ, რადგან ტექნოლოგიები და ხალხის მოთხოვნები მუდმივად იცვლება და იზრდება”, ამბობს მარია. თუმცა, დასძენს, რომ მიუხედავა ამისა, პირველი გამოწვევა რასაც ბაკალავრიატის დაწყების  დღიდან ებრძვის,  ქალი კონსტრუქტორის "კაცების პროფესიაში” თავის დამკვიდრებაა. ყველაზე მეტად უნდა, რომ მომავალში თინეიჯერ გოგონებს არ შეეშინდეთ და არ მოექცნენ  იმ აზრის ზეგავლენის ქვეშ, რომ ეს პროფესია მათთვის არაა, არ შეუძლიათ. “18 წლის ვიყავი უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე ბუდაპეშტში, ძალიან მონდომებული და შედეგებიც კარგი მქონდა, სამყაროს ალბათ ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი, როდესაც ჩემმა ჯგუფელმა მთელი ჯგუფის და ლექტორის თანდასწრებით  სრული სერიოზულობით მკითხა თუ რატომ ვწვალობდი ამდენს, როცა რამდენიმე წელიწადში მაინც უნდა გავთხოვილიყავი, ბავშვები გამეჩინა და მირჩია უფრო მარტივ პროფესიაზე გადავსულიყავი... ყოველთვის მახსენდება ეს ისტორია რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. იმედია ჩემი და სხვა კონსტრუქტორი ქალების მაგალითზე, მომავალში, ამ კითხვის გაგონება სხვა გოგონებს აღარ მოუწევთ.”

განსაკუთრებით მიმზიდველი კონსტრუქტორის პროფესიაში ორივესთვის მაინც ისაა, რომ რეალურ შედეგს ხედავენ.  მარია ფიქრობს , რომ შეიძლება ბევრი იწვალო იშრომო და საბოლოოდ ქუჩაში გასული რომ შენ "შედევრს" შეხედავ, რომელშიც ხალხი ცხოვრობს ან სადილობს , ყველა სირთულეს გავიწყებს. ,,ძალიან კარგი შეგრძნებაა, მათ არ იციან შენ ვინ ხარ მაგრამ შენ ხედავ, რომ ეს სწორედ შენი შრომა განხორციელდა,“ ამბობს ის.

თორნიკეც  მარიას აზრს იზიარებს:  „ყველას ვურჩევდი ვისაც ინჟინერიის სფეროს მიმართ ინტერესი აქვს, ამ განხრით განვითარდნენ  რადგან, სწორედ აქ დახვდებათ წინსვლის დიდი პერსპექტივა, როგორც ცოდნის მხრივ ასევე მატერიალურად. რაც მთავარია ძალიან  სასიამოვნო განცდაა, როდესაც შენს მიერ შესრულებულ, ნაგებობას უყურებ,  ამ დროს ყოველთვის მახსენდება დიდოსტატის მარჯვენიდან  სიტყვები: "ხელოვნებაა თავად უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი."

ასე, რომ, თუ ახლა ამ სტატიას კითხულობთ, თან  მომავალ პროფესიაზე ან პროფესიულ ცვლილებაზე  ფიქრობთ, გახსოვდეთ არის ასეთი პროფესიაც - ინჟინერ-კონსტრუქტორი, მაგრამ თუ მაინც,  აქაც ვერ ხედავთ საკუთარ თავს, მაშინ მომავალ კვირას დაელოდეთ და ჩვენ, მორიგი ახალი პროფესიით დაგიბრუნდებით.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: