როგორია გურამ ბაღდოშვილის საავტორო სამზარეულო რესტორან ალიანსში? | Property Georgia

როგორია გურამ ბაღდოშვილის საავტორო სამზარეულო რესტორან ალიანსში?

ავტორი: ანი კაკურია

დიზაინი ნეოინდუსტრიალიზმის ნიშნებით , უფრო მეტი ქვა, ბეტონი და რკინა - ფერები ძირითადად ნაცრისფერი. განსხვავებული კონცეფცია და სხვადასხვა სივრცეები, ბარი, საავტორო კოქტეილებითა და ღვინის დიდი არჩევანით- ასეთია “ალიანს პალასში” ორ სართულზე განთავსებული ახალი რესტორანი, რომელიც სულ მალე ბათუმში სწორედ „ალიანს ჯგუფის” ინვესტიციით  გაიხსნება. აქ მომხმარებელს შეფი გურამ ბაღდოშვილი გაუმასპინძლდება, ამიტომ უფრო დეტალურად რესტორანზე და სიახლეებზე სწორედ მას ვესაუბრეთ. მოდით ერთად ვნახოთ რა გველოდება ახალ ტურისტულ სეზონზე ბათუმის ახლადგახსნილ ნიშურ რესტორანში, რომელიც ,,ალაინს პალასის” მულტიფუნქციურ კომპლექსში მდებარეობს.

- ბატონო გურამ, სულ თავიდან რომ დავიწყოთ, როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება ,,ალიანს ჯგუფთან” და როგორ გაჩნდა რესტორნის იდეა?

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დამიკავშირდნენ “ალიანს ჯგუფის” დამფუძნებლები, ისინი ეძებდნენ კომპეტენტურ შეფს, რომელიც თავის ხელში აიღებდა რესტორნის მენეჯმენტს, შეკრავდა გუნდს, იზრუნებდა დიზაინზე, ადმინისტრაციულ საკითხებზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ,  ანიდან ჰაემდე დააკომპლექტებდა ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი და ასე დაიწყო ჩვენ შორის პარტნიორობა. ჩემი მხრიდან მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის. პროექტზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ, ბევრი რამ შევისყიდეთ კიდეც, მაგრამ შემდეგ დაიწყო პანდემია და დროებით გავჩერდით. თუმცა, სამუშაოების განახლების შემდეგ სულ რაღაც 3 თვეში დავასრულეთ ძირითადი ნაწილი, იყო წვრილმანი დეტალებიც რასაც ითხოვდა დიზაინი და ტექნიკური მხარე.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ რესტორან ალიანსზე, მის ინტერიერზე, ზოგადად კონცეფციაზე?

- ინტერიერზე ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, ანდრია ვიგანომ იმუშავა, მაგრამ ხელის შეხება და ქართული სულის შთაბერვა მაინც საჭირო იყო და აქ უკვე მე მივიღე მონაწილეობა. მშენებლობის პერიოდში თავდაპირველმა პატარა დეტალებმა კორექტირება მოითხოვა. ამიტომ, თანდათანობით, ჩანაფიქრისგან განსხვავებით, საბოლოოდ იდეამ სხვა ფორმა მიიღო და ეს, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ.

- რა უპირატესობა ექნება რესტორან ალიანსს და რას შეცვლის ის ბაზარზე?

- ჩვენ დავაკმაყოფილებთ ,,ალიანს პალასის” 1150 აპარტამენტს. პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ გვექნება გვიანი საუზმე, რომელიც გაგრძელდება 13 საათამდე, ვინაიდან ბათუმში საკმაოდ რთულია საუზმის თემა. ასევე, 17 საათამდე გვინდა გავაკეთოთ  ალ’ა ბუფეტის ტიპის ბრანჩი, სადაც ადამიანები უფრო შეღავათიანი ფასით შეძლებენ ისადილონ. რა თქმა უნდა, ამისთვის გამოყოფილია ცალკე, ბუფეტის მეორე სართული, ხოლო პირველ სართულზე ალ’ა კარტიე იმუშავებს- ჩვენი დარბაზი სადაც განლაგებულია იატალიური პიცის ღუმელი. აქვე მომზადდება ხაჭაპურიც, როგორც აჭარული, ასევე  ჩემი საავტორო, ტრადიციული მეგრული და იმერულიც თავისი გულსართიანებით. გვაქვს ორგანული მაყალი, ორგანული ნახშირით, ასევე იტალიური ღუმელი,  რომელიც შემოსასვლელშივე არის მოთავსებული და განლაგება აქვს არაჩვეულებრივი.

- ბათუმი საქართველოში შეიძლება ითქვას ტურიზმის მთავარი ცენტრია. რესტორანი ალიანსის სამზარეულო რამდენად მრავალფეროვანია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისთვის? რა გემოებს სთავაზობთ მათ? ალბათ იქნება საფირმო კერძიც...

- მომხმარებელს ვთავაზობთ ქართულ სამზარეულოს ჩემი ხელწერით, იქნება ასევე იტალიური სამზარეულოც, ძიებაში ვარ აზიური და იაპონური მიმართულებით. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, 80% მაინც ქართული იქნება. საფირმო კერძებზე კი მოდით არ ვისაუბრებ, რადგან მთლიანად საფირმოა და ჩემი საავტორო სამზარეულოა.

გეტყვით ასევე, რომ შეკრებილი მყავს არაჩვეულებრივი და ძალიან კომპეტენტური გუნდი, მზარეულებმა უშუალოდ ჩემთან გაიარეს სტაჟირება, რომ შეხება ჰქონოდათ ჩემს კერძებთან.ვფიქრობ, მომხმარებელისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ჩვენი სამზარეულო გაერთიანებულია დარბაზთან და სტუმარი შეძლებს თავისი თვალით დაინახოს როგორ მზადდება კერძები.

- მსოფლიოში არსებული პანდემიური ვითარების გამო ბევრი ბიზნესი შეფერხდა და განსაკუთრებით ეს აისახა სარესტორნო ბიზნესზე. როგორ შეაფასებდით, რა გამოწვევებია დღეს ამ მხრივ და რამდენად თამამი და ამბიციურია თქვენი მოლოდინები რესტორანი ალიანსის შემთხვევაში?

- პანდემიამ ნამდვილად ბევრი დააზარალა, დაიკეტა კიდეც ობიექტები, მაგრამ  ვფიქრობ ის ობიექტები დაკეტა, რომლებიც დასაკეტი იყო დაბლი ხარისხის გამო. მე უკვე დავამტკიცე საქართველოს ბაზარზე, რომ ვარ ერთ-ერთი წმყვანი შეფი, ჩემი ობიექტები არიან სამაგალითოები და მყავს საუკეთესო გუნდი, ვისიც მადლობელი ვარ. შესაბამისად, ჩვენი სტუმარი ყოველთვის, გარანტირებულად მიირთმევს გემრიელად და იღებს უმაღელსი ხარისხის მომსახურებას. ამიტომ, თამამად ვამბობ რომ მე პირადად არ მეშინია, რადგან ეს ყველაფერი რაზეც ზემოთ ვისაუბრე,  მომხარებელმა დაინახა და შესაბამისად მათგან დიდი მხარდაჭერა მაქვს.

დასასრულს  გეტყვით,  რომ „ალიანს პალასი“ წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის, „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერთი პროექტია ქალაქ ბათუმში. 41-სართულიანი მრაფალფუნქციური კომპლექსი გასულ წელს გაიხსნა და მეორე სეზონია წარმატებით იღებს დამსვენებლებს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში ასევე უახლოეს მომავალში გაიხსნება სასტუმრო Courtyard by Marriott-ი. ,,ალიანს პალასში” ,,ალიანს ჯგუფმა” $45 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. ახალი რესტორანი კი დეველოპერს $1 მილიონზე მეტი დაუჯდა, რომლის 50% მხოლოდ სამზარეულოსთვის დაიხარჯა

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: