ავტორი: ანი კაკურია
უძრავი ქონების კომპანია „RENTALS“- მა სადაზღვევო კომპანია „GPI Holding“– სა და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „IRAO“ – სთან ექსკლუზიური საბროკერო ხელშეკრულება გააფორმა.
უფრო კონკრეტულად კი, RENTALS-მა ექსკლუზიური ბროკერის შესარჩევ ტენდერში გაიმარჯვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან კომპანია კოორდინაციას გაუწევს საბროკერო საქმიანობას და მისი გავლით სხვა დანარჩენი უძრავი ქონების სააგენტოები, ინდივიდუალური თუ ფიზკური პირები დაუკავშირდებიან დამკვეთს თავიანთი წინადადებით. შედეგად, RENTALS-ი ხდება დამკვეთის წარმომადგენელი ექსკლუზიური მანდატით.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი ჩვენთან საუბარში ამბობს, ზოგადად ქართულ ბაზარზე იშვიათია ნდობა, მაგრამ ეფექტურობის თვალსაზრისით ასეთი მიდგომა ბევრად უფრო დიდი შედეგის მომტანია. ,,მაგალითად, თუ ამ დრომდე ერთი და იმავე დამკვეთისთვის ძალიან ბევრი ბროკერი მუშაობდა არაკოორდინირებულად და მაქსიმალურად ჩუმად, ამ შემთხვევაში კომპნია, „RENTALS“ -ი დავალების სახით მიცემულ გარკვეული პარამეტრების ქონებას მოძებნის, როგორც საკუთარი ძალებით, ასევე ყველა სხვა საბროკეროს ჩართულობით, მაქსიმალური გაშუქებით და შესაბამისი კოორდინაციით, რაც საბოლოოდ ყველა მხარისთვის უკეთესი შედეგის მომტანი იქნება” - აცხადებს ერისთავი.
ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე RENTALS - მა ოფიციალურად დაიწყო 10 000 მ2 “A” კლასის საოფისე გასაქირავებელი ან გასაყიდი ფართის ძებნა. პრიორიტეტული უბნებია: მთაწმინდა, სოლოლაკი, ძველი თბილისი, ვერა, ვაკე, აღმაშენებლის გამზირი, მარჯანიშვილის ქუჩა და ავლაბარი.
შეგახსენებთ, რომ როგორც „GPI Holding“-ი, ასევე „IRAO“, ორივე კომპანია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ (VIG) ნაწილია.
შპს „Rentals” არის უძრავი ქონების წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ემსახურება 25 სხვადასხვა საელჩოს და ათობით მულტინაციონალურ ინსტიტუციას კომერციული და საცხოვრებელი ფართების მიმართულებით საქართველოსა და სომხეთში.
ქონების მფლობელებსა და სხვა სააგენტოებს ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეთავაზებები შემდეგ მისამართზე: [email protected]