ავტორი: ანი კაკურია
დღეს უნდა მოგიყვეთ პროფესიაზე, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ვერ სარგებლობს, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია. ეს გახლავთ MEP ინჟინერი. მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ.
MEP არის აბრევიატურა, რომელიც აერთიანებს მექანიკურ, ელექტრო და სანტექნიკურ ინჟინერიას. ეს სამი ტექნიკური დარგი, საერთო ჯამში მოიცავს სისტემებს, რომლებიც შენობებს ადამიანისთვის საცხოვრებლად ან სამუშაოდ აქცევს.
MEP ინსტალაციები, როგორც წესი, იქმნება ერთად, ვინაიდან მჭიდრო კავშირში არიან. მშენებლობისას MEP- თან მუშაობას ბევრი სარგებელი მოაქვს, რადგან ისინი ახდენენ ინსტალაციების ოპტიმიზაციას, ეს კი თავის მხრივ ამცირებს ხარჯებს.
იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ, განვმარტოთ აბრევიატურა:
M (Mechanical Engineering) - მექანიკური ინჟინერია. შენობები მრავალი სახის მექანიკურ სისტემას იყენებენ. ამასთან, საცხოვრებელი და კომერციული შენობებისთვის დამახასიათებელია სივრცის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები, რომლებიც ინარჩუნებენ შიდა ტემპერატურასა და ტენიანობას იმ დიაპაზონში, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს, ჯანმრთელობას და სუფთა ჰაერით მუდმივ მომარაგებას.
E (Electrical Engineering) - ელექტრო ინჟინერია. ელექტრო ინჟინრები შეიმუშავებენ სქემებს და დამცავ ზომებს, რაც საშუალებას აძლევს სისტემას იმუშავოს მუდმივად და უსაფრთხოდ. მაღალსართულიან კონსტრუქციებში, გაყვანილობის ოპტიმალური მარშრუტების პოვნას უამრავი მასალისა და ფართის დაზოგვა შეუძლია.
P (Plumbing Engineering) - წყალმომარაგება - წყალარინება. წყალმომარაგების პროცესი მოიცავს მილსადენის მარშრუტების განლაგებას, მაგალითად, ისევ მაღალსართულიან შენობებს რომ დავუბრუნდეთ, მათ სჭირდებათ წყლის გამაძლიერებელი ტუმბოები, რომლებიც ელექტროენერგიით მუშაობს. ამიტომ, იმისათვის რომ მილების „შეტაკება“ არ მოხდეს ზემოთ აღნიშნულ სისტემებთან, MEP ინჟინრები იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რითიც ამარტივებენ პროცესს და თავიდან იცილებენ ექსესებს.
შესაბამისად, სამშენებლო სისტემების შემუშავებისას, ინტეგრირებული MEP მიდგომა უკეთეს შედეგებს აღწევს, ვიდრე თითოეული სისტემის ცალკეული დაპროექტება, ვინაიდან, სწორედ ზემოთ ხსენებული გზით არის შესაძლებელი საუკეთესო გადაწყვეტების მიღება.
ავთანდილ თავხელიძე MEP ინჟინერია. მისი სამუშაო დღე საქმეებისადმი პრიორიტეტების მინიჭებით იწყება, დღის ბოლომდე ასრულებს დასახულ მიზანს, რომელიც საბოლოოდ ამა თუ იმ შენობის MEP სისტემის გამართულ და კოორდინირებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
როგორც ავთანდილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს ამ სფეროში სრულიად შემთხვევით შეაბიჯა. თავიდან არქიტექტორობა უნდოდა, შემდეგ სამოქალაქო ინჟინერიაზე ჩააბარა და კონსტრუქტორობა გადაწყვიტა, მაგრამ ერთხელაც შეხვდა ამ პროფესიის ადამიანს, რომელმაც გააცნო სფერო და მიხვდა რომ ეს მისთვის საინტერესო იქნებოდა.
არის ისიც, რაც ავთანდილს ყველაზე მეტად არ მოსწონს - ხშირად ხედავს ხალხის მხრიდან არასერიოზულ დამოკიდებულებას მისი, როგორც ახალგაზრდა ინჟინრის მიმართ: „ყველაზე დიდი სირთულე ზემოთხსენებული უნდობლობაა ახალგაზრდისადმი, მაგრამ დამტკიცება იმისა, რომ მხოლოდ გამოცდილება არ არის მთავარი, საინტერესო გამოწვევაა.“ - ამბობს ის და ამასთან აღნიშნავს, რომ ეს სფერო ვერ სარგებლობს პოპულარობით ახალგაზრდებში: ,,ინჟინერია არ გადის “პრესტიჟულ” პროფესიათა სიაში და ამიტომ სფერო განიცდის კადრების ნაკლებობას.“
აღსანიშნავია, რომ დღეს მოთხოვნა და ანაზღაურება MEP ინჟინრებზე საკმაოდ მაღალია. ასე რომ, პროფესიის არჩევამდე კარგად დაფიქრდით, იქნებ სწორედ MEP-ია ის, სადაც თქვენს თავს 5 წლის შემდეგ ხედავთ.