#propertymedia პროფესია: ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი/BIM კოორდინატორი | Property Georgia

#propertymedia პროფესია: ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი/BIM კოორდინატორი

ვტორი: ანი კაკურია

გაგიგიათ რა არის კულმანი? ეს არქიტექტურული სახაზავი მოწყობილობაა, დიდი დაფა, რომლის გარეშეც ადრე შეუძლებელი იყო ნახაზების დამუშავება. თუმცა, მას შემდეგ რაც თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი გაციფრულდა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების წყალობით შენობის ფიზიკური/ფუნქციური თვისებებისა და მახასიათებლების ციფრული გამოსახულების მიღება გახდა შესაძლებელი, კულმანი ძირითადად დიზაინის ატრიბუტად გადაიქცა.

propertygeorgia.ge

მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი იყო ცხოვრება autocad- ამდე ნახაზების (2D , 3D) მოდელირებისთვის განკუთვნილი პროგრამის დაწერამდე.

ტერმინი „პროექტირების ავტომატიზებული სისტემა“ (Computer Aided Design, CAD) გაჩნდა 50-იანი წლების ბოლოს და შემდგომი წლების მანძილზე CAD სისტემები, როგორც გეომეტრიული მოდელირების სისტემები გაცილებით გაუმჯობესდა; გაჩნდა სამგანზომილებიანი (3D) ზედაპირებისა და მკვრივი სხეულების მოდელირების, პარამეტრული კონსტრუირების შესაძლებლობები, გაუმჯობესდა ინტერფეისი და ა.შ

გარდა CAD-ისა, ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება BIM სისტემა, რომელიც სამგანზომილებიანი მოდელების აგებით ამარტივებს ინფორმაციის მიმოცვლას და ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ორგანზომილებიანი ნახაზები ხშირად შემაფერხებელი ფაქტორი ხდება, ვინაიდან სრული სურათის დანახვის გარეშე, დეტალების გათვალისწინება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ეს კი, შემდგომი შეცდომების, პროექტის გადაკეთების, აშენებულის ნგრევისა და ხელახალი შენების, დიდი ფინანსური თუ ადამიანური რესურსების ირაციონალური ფლანგვისა და უამრავი სხვა პრობლემის განმაპირობებელია.

არქიტექტურული პროექტირების ტექნოლოგიური და გამოთვლითი პროცესების მრავალი ეტაპი, ვარიანტების შერჩევა, საპროექტო წინადადებების ვიზუალიზაცია, გაცილებით სწრაფად ხორციელდება პროფესიონალი დამპროექტებლის მიერ, რომელმაც იცის ინსტრუმენტის - ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. სწორედ ამ შესაძლებლობების მართვის პროცესს უძღვება ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი, ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს მასზე ცოტა მეტი გიამბოთ.

ლაშა ფორჩხიძე ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი და BIM კოორდინატორია. მისი, ერთის მხრივ, როგორც ტექნიკური ოპერაციების მენეჯერის, მოვალეობა დღის განმავლობაში ძირითადად შემოიფარგლება სპეციალისტების დახმარებით და წინასწარ ისეთი სამუშაოს დაგეგმვით და შესრულებით, რაც სპეციალისტებს გაუიოლებთ სამომავლო სამუშოს ან / და შეამცირებს შეცდომების რისკს.  მეორეს მხრივ,  როგორც BIM კოორდინატორს, მას ევალება დაგეგმოს 3D მოდელინგის და სტანდარტების გაწერა-შემუშავება, რაც ეხმარება როგორც თითოეულ სპეციალისტს, ასევე კომპანიას, რათა დამკვეთს წარუდგინოს ხარისხიანი პროდუქტი და შეცდომების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს.

“BIM სისტემა  ჯერ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. მას დიდი სიკეთეების მოტანა შეუძლია, როგორიცაა შეცდომების რისკების შემცირება 30-40 % -ით,  გადაწყვეტების ოპტიმიზაცია, პროცესის გაკონტროლება, რაც თავის მხრივ, ფინანსებზე აისახება და პირველ რიგში დამკვეთისთვის არის მნიშვნელოვანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის რეალური პროდუქტის 3D-ში ასახვა. მაგალითად, ისეთ პროგრამებში როგორიცაა Autodesk Revit, Trimble და Tekla შესაძლებელია წინასწარ, მაქსიმალური სიზუსტით აისახოს ყველა დეტალი, “ აღნიშნავს ლაშა ჩვენთან საუბრისას.

თუმცა, გარდა გამარტივებისა,  ყოველდღიურ საქმიანობაში სირთულეებიცაა. ძირითად სირთულეს წარმოადგენს ანალოგის არარსებობა ჩვენს ქვეყანაში. ლაშას თქმით, ფაქტობრივად, გაუკვალავ გზაზე ვართ ამ საკითხებში და მხოლოდ მონდომების, წვალების და ინტერნეტის ხარჯზე ხდება შედეგის მიღება. ლაშა ფორჩხიძე იმასაც დასძენს, რომ ამ საკითხების შესწავლა მარტივი არ არის, რადგან იმდენად ბევრი მასალაა ინტერნეტში, რომ სწორი და ჯანსაღი პროდუქტის გამორჩევა ძალიან რთულია. ,,ვფიქრობ, ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მარტივ საქმეს აკეთებდეს და ამით მოტივაცია ან თვითშეფასება ემატებოდეს. სწორედ ამ სირთულეებთან ბრძოლა და შედეგის მოპოვება არის ის, რის გამოც ღირს წვალება და შრომა.” ამბობს ლაშა.

მისი თქმით, ეს მიმართულება ჯერ არც ისე პოპულარულია საქართველოში, თუმცა ძალიან დიდი მომავალი აქვს, რაც ნამდვილად მტკიცდება უცხოური გამოცდილებით. ამიტომ, ჩვენი რესპონდენტი ურჩევს ახლაგზარდებს და ყველას, ვისაც მშენებლობა და კომპიუტერული პროგრამების სიახლეების შესწავლა იზიდავს, აირჩიონ ეს გზა. მისი გამოცდილებიდან ამ პროცესში რაც მათ დასჭირდებათ  არის უცხო ენების ცოდნა, მოთმინების უნარი და შეუპოვრობა:  „ჩემო მეგობრებო, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე და დაიმახსოვრეთ, რომ წარმატება იწყება იქ, სადაც მთავრდება ჩვენი კომფორტის ზონა.“

და მართლაც, ნუ გაჩერდებით! პირველ რიგში პროფესიის არჩევის  პროცესში ნუ გაჩერდებით, მანამ სანამ იმას არ იპოვით რისი კეთებაც მთელ თქვენს გასავლელ გზაზე არ მოგბეზრდებათ.

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: