„უინდემ გრანდ თბილისი“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბაზარზე ბრუნდება | Property Georgia

„უინდემ გრანდ თბილისი“ პანდემიის დაწყებიდან დღემდე - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბაზარზე ბრუნდება

ავტორი : ანი კაკურია

ალბათ, ყველას კარგად  გვახსოვს, 2019 წლის მაისში, კომპანია  „სიტი ემ“-ის 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად,  საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისის” გახსნა. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დედაქალაქისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან თბილისს, მისი სახით, კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა.

,,უინდემ გრანდ თბილისი“ გამოირჩევა  მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიული სინთეზით. მისი არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან.  შეგახსენებთ იმასაც, რომ სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის 2 საპრეზიდენტო, 5 საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და 3 რესტორანია. 1500 კვ.მ ჰოლი სტუმრებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის, ხოლო სპეციალური დაკვეთით ,,ვინდემ გრანდ თბილისისათვის“ დამზადებული 22 მეტრიანი, უნიკალური „მშვიდობის ჭაღი“, მას კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენს. აღსანიშნავია, რომ  კომპლექსში გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის ყველა პირობაა გათვალისწინებული.

მიუხედავად ზემოთაღნიშნული უამრავი სიკეთისა, პანდემიის პირობებში სასტუმრომ ფუნქციონირება დროებით შეაჩერა. თუმცა, ,,უინდემ გრანდ თბილისი“ დღეს სტუმრების მისაღებად კვლავ მზად არის. მოდით, ვნახოთ როგორია სასტუმროს გახსნის ისტორია, შემდგომი განვითარება  და სამომავლო გეგმები.

ჩვენს კითხვებს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მედეა კობახიძემ უპასუხა.


-  გვიამბეთ სასტუმროს კონცეფციაზე, თუ რა გამოარჩევს ,,უინდემ გრანდ თბილისს“ დედაქალაქის საკმაოდ კონკურენტუნარიან ბაზარზე?
- ,,უინდემ გრანდ თბილისი“ არის სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში ბუნებრივად არის შერწყმული ძველ უბანთან. იდეალურ ლოკაციასთან ერთად, მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ ნომრებს, ყველა შესაძლო კომფორტით, დახვეწილ რესტორანს უგემრიელესი ქართულ-ევროპულ სამზარეულოთი და რაც მთავარია, კონფერენციებისა და სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის განსხვავბეულ სივრცეებს თვალისმომჭრელი ხედით ძველ თბილისზე.

-  ეპიდვითარების გამო, გახსნიდან მალევე მოგიწიათ სასტუმროს დახურვა. რა გამოწვევების წინაშე დადექით ხელახალი გახსნის დროს და ამჟამად რა რისკ-ფაქტორებს ხედავთ?
-  სამწუხაროდ, პანდემიის დაწყების გამო, მალევე მოგვიწია სასტუმროს დახურვა მიუხედავად იმისა, რომ  გახსნიდანვე პოპულარობით და მაღალი დაკავებულობით გამოვირჩეოდით. ვითარების არასტაბილურობის გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით გაგვეხსნა სასტუმრო, თუ არა. თუმცა, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავბრუნებულიყავით ბაზარზე. ვფიქრობთ, რომ კომპანიებმა, ისევე როგორც ადამიანებმა, უნდა ისწავლონ კოვიდ-19-ის პარალელურად არსებობა და ოპერირება.

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ადამიანებმა ისევ დაიწყეს მოგზაურობა. ეს მნიშვნელოვანია, როგორც მათი სოციალური ცხოვრებისთვის, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ფაქტია,  რომ რაც არ უნდა დიდხანს გაგრძელდეს პანდემია, ადამიანები დროთა განმავლობაში ვისწავლით მასთან ერთად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, რისკ-ფაქტორები არსებობს. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას.

-  პანდემიამ უსაფრთხოების ახალი სტანდარტები გვიკარნახა, როგორ მოერგეთ ამ რეალობას?
- ,,უინდემ გრანდ თბილისი“ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება როგორც სტუმრების, ასევე თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხს. რა თქმა უნდა, სასტუმროს გახსნამდე ყველა დეტალი იქნა გათვალისწინებული. სისტემატურად ხდება როგორც ნომრების, ასევე საერთო და სამუშაო სივრცეების დეზინფექცია და დასუფთავება. თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრეინინგი და შესაბამისად, ყველამ ზედმიწევნით იცის, თუ როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი და სხვა ადამიანები ვირუსის გავრცელებისგან. ყოველკვირეულად ვატარებთ თანამშრომელთა ტესტირებას, რათა თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის რისკი.

რა თქმა უნდა, ახალ რეალობასთან მორგება არ არის კომფორტული პროცესი. თუმცა, როდესაც საქმე ასეთ მნიშვნელოვან საკითხს, ჯანმრთელობას ეხება, ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, რომ ყველა დეტალი გაითვალისწინოს.

-რა გათვლებით მიიღეთ საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ გადაწყვეტილებამ? როგორია დღეს თქვენი ხედვა და მოლოდინები?
- არ გვქონდა მოლოდინი, რომ პანდემიამდე არსებული სიტუაცია დაგვხვდებოდა ბაზარზე. ბუნებრივია, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ძალიან მოქმედებს ტურიზმის სფეროზე. საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება ნამდვილად ღირდა. სექტემბერმა და ოქტომბერმა გვაჩვენა, რომ საქართველოში კვლავ ჩამოდიან სტუმრები. სასტუმროს დაკავებულობა არ არის ისეთი მაღალი, როგორც წინა  წლებში,  მაგრამ ეს არ იყო ჩვენთვის სიურპრიზი. ვფიქრობთ, 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი უფრო გაიზრდება და ტურიზმის სფერო ეტაპობრივად გააგრძელებს ჩვეულ რიტმში მუშაობას. ამ პროცესის დაჩქარებაში თითოეულ ბიზნესს და დასაქმებულ ადამიანს დიდი როლი აქვს. ამიტომ, არ უნდა მოვდუნდეთ და მეტი ენერგიით უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება.

- ამ პერიოდში რა იყო თქვენი ყველაზე დიდი სირთულე და მოტივაცია?
- ძალიან რთული იყო პანდემიის პირველ ეტაპზე ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც  სასტუმროს დახურვაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ამ მასშტაბით შემოუტევდა ვირუსი. განსაკუთრებით რთული იყო ეს პერიოდი, რადგან არავინ იცოდა წინ რა გველოდებოდა და შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც ფორსმაჟორში უნდა მიგვეღო. თუმცა, ამ პერიოდმა, მეორეს მხრივ, გვასწავლა, რომ არაფერი არ არის მუდმივი და ერთ ეტაპზე ბიზნესის დახურვა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მთავრდება.

მოტივაციას რაც შეეხება,  ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდით ბაზარზე. რადგან ძალიან ცოტა ხანი მოვასწარით მუშაობა. წინ დიდი გეგმები გვაქვს. გვინდა, რომ რაც სასტუმრო ,,უინდემ გრანდ თბილისის“ პროექტის წამოწყების დროს იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განვახორციელოთ და ჩვენი სასტუმრო გახდეს დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: