ავტორი: ანი კაკურია
2021 წელი რთული წელი იყო მშენებლების, დეველოპერების, მომხმარებლების და ზოგადად უძრავი სექტორისთვის. 2022 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება სამშენებლო მასალების ფასების მკვეთრი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ფასის გაზრდას, პანდემიის გავლენიდან გამომდინარე, ისედაც აანონსებდნენ, დაგეგმილთან შედარებით, რეალური ფასნამატი გაცილებით მეტია.
მოცემულობა შემდეგია: ბოლო მონაცემით, არმატურაზე ფასი 200 დოლარით გაიზარდა და 1000 დოლარს აჭარბებს, მაშინ როცა პანდემიამდე პერიოდში, მისი ღირებულება 750 დოლარამდე იყო. ბიზნესი აცხადებს, რომ იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია, რადგან საჭირო ნედლეული, ხშირ შემთხვევაში, იმპორტირებულია. (წყარო BMG)
რა განაპირობებს სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდას?
პანდემია და ჩაკეტვა არის ის მიზეზი, რამაც გამოიწვია ფასების მკვეთრი ზრდა 2020 წელს. კორონავირუსის შეზღუდვების გამო, ბევრი პროექტები მთელ მსოფლიოში შეჩერდა.
ერთის მხრივ, სამშენებლო მასალების მწარმოებლები იძულებული გახდნენ შეემცირებინათ წარმოება, მეორე მხრივ კი პანდემიის განმეორებითი ტალღების მოლოდინმა, აიძულა მრავალი ქვეყანა, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ნედლეულის იმპორტზე, შეექმნათ რეზერვები, რამაც გამოიწვია სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის ზრდა.
და როცა, მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას, შედეგად ბუნებრივია, გაზრდილი ფასები მივიღეთ.
დიდი როლი ითამაშა ადამიანური რესურსების დეფიციტმა, როგორიცაა მძიმე ტვირთის მძღოლების და სამშენებლო მუშაკების ნაკლებობა, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას და წარმოების მუდმივ მაღალ ხარჯებს დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის ფონზე სამშენებლო მასალების იმპორტი შეიზღუდა, რამაც მშენებლობის თვითღირებულება კიდევ უფრო მეტად გაზარდა და ზოგადად, ნეგატიური გავლენა მოახდიანა არსებულ კრიზისზე, განსაკუთრებით ევროპაზე.
მართალია, საქართველოში სამშენებლო მასალების, განსაკუთრებით, არმატურის საერთო მოხმარებაში უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს კოლოსალურად დიდი წილი არ აქვს, მაგრამ, ამასთან ერთად პროდუქციაზე ფასების ზრდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირებამ განაპირობა.
რას ფიქრობს სამშენებლო სექტორი?
ადგილობრივი სამშენებლო სფეროს აქტორები მედიასთან ინტერვიუებში აცხადებენ, რომ სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდამ ყველა შიდა პროექტზე იმოქმედა. ამასთან, კიდევ უფრო გაამძაფრა ის პრობლემები, რომლებიც აქამდე ისედაც არსებობდა.
განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა ეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიებისათვის, რომელთაც სახელმწიფოსთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მეტი უჯდებათ, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.
სამშენებლო კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელი პაატა ჩიტორელიძე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პანდემიის დაწყებისას, ფასის ცვლილება პირველ რიგში, არმატურაზე აისახა. რასაც ეტაპობრივად, სხვა სამშენებლო მასალების გაძვირება მოჰყვა: ,,მოცემულ სიტუაციაში, ჩვენთვის პრიორიტეტი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მიმდინარე პროექტების სტაბილური შესრულება იყო. ამ ყველაფერმა, ასევე თანდართულ,ა ახალმა რეგულაციებმა, რა თქმა უნდა, დამატებითი მნიშვნელოვანი ხარჯები გამოიწვია.“ მისი თქმით, ,,ელემენტ კონსტრაქშენში“ სისტემატურად ტარდება შიდა და გარე ფაქტორების ანალიზი, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას წინასწარ ქონდეს მზად რეაგირების გეგმა შესაძლო გამოწვევებზე. ,,ამან მოგვცა საშუალება, ყოველწლიური შემოსავლების ზრდის დინამიკა შეგვენარჩუნებინა. თუმცა, პანდემიამ ინდიკატორების გაუმჯობესების პოტენციალი გადაავადა. ახლა კი COVID-19-ის შედეგებთან ერთად, სამშენებლო სექტორი ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას, რაც მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია. მასალების საკმაოდ დიდი ნაწილის იმპორტი სწორედ უკრაინიდან ხდებოდა,“ განაცხადა პაატა ჩიტორელიძემ. მისივე განმარტებით, ამჟამად სიტუაცია ასეთია: არსებული პროექტების ღირებულება არ გაზრდილა, ხარჯი კი გაორმაგდა. პროექტების მთავარ ნაწილს კი სწორედ მასალებისა და საწვავის ღირებულება შეადგენს. გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მყისიერი რეაგირებაა საჭირო. პანდემიის გავლენები და შედეგები სამშენებლო სექტორზე უკვე აისახა. ,,ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა ამ სირთულეებთან გამკლავების საშუალებები. თუმცა ახალმა რეალობამ ახალი გამოწვევების წინაში დაგვაყენა. როდესაც სამოქმედო გეგმაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, სახელმწიფო პროექტებისას განვიხილავთ ინდექსაციის პრინციპს. ვფიქრობ, მთავრობის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილება დროული იქნება და სფეროს მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგებისგან დააზღვევს.“-აღნიშნა „ელემენტ კონსტრაქშენის“ დამფუძნებელმა.
რა კეთდება მშენებლების მხარდასაჭერად?
კრიზისიდან თავის დასაღწევად ინდექსაციის პრინციპის ამოქმედების მოთხოვნით, მთავრობას რამდენიმე დღის წინ, ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელმა კომპანიებმა და ბიზნესომბუდსმენმა მიმართეს. ინდექსაციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად, გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ეს საერთაშორისო ბაზარზე აპრობირებული მეთოდია, რომელიც როგორც ფასთა ზრდას, ისე კლებას აზღვევს.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანიები ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას რამდენიმე წელია ითხოვენ, რასაც ძირითადად, დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებით და ხშირი რყევებით ხსნიდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში, ამ გამოწვევას პანდემიის მიზეზით გართულებული მდგომრეობა დაემატა. ამ მონაცემით, როდესაც სიტუაცია კიდევ უფრო მეტად კრიზისულია და ფასები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მეტად იზრდება, ინდექსაციის პრიციპის გარეშე გარეშე კომპანიებს კრიზისის დაძლევა, როგორც თავად სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ძალიან გაუჭირდებათ.
დღეს, სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ შეადგინონ პოზიტიური და ეფექტური სტრატეგია ამ წლის სამშენებლო სეზონისთვის, რისთვისაც მათ ყველა მხრიდან, ძალების მაქსიმალური მობილიზება და დახმარება სჭირდებათ.