სულ ცოტა ხნის წინ „არქიმ“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დააანონსა. „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო და დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს და მას „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან პარტნიორობით განახორციელებს.
„მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის პროექტების შემდეგ, ვფიქრობ, „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ – გეგმაში არაერთი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სხვადასხვა რეგიონში განვახორციელებთ. თუმცა პარალელურად „არქი“ თავის ძალისხმევას უცხოური ბაზრის ათვისებისკენაც მიმართავს“, – ამბობს „არქის“ პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია წულაია.
ფლორიდის შტატი, სადაც „არქის“ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის. კომპანიაში ამბობენ, რომ ის დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა.
„ამ შტატის პოპულარობაზე ისიც მიუთითებს, რომ ბოლო 24 თვის განმავლობაში ბინების გაქირავების ფასი 14%-ით გაიზარდა. მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ამიტომ პომპანოს სანაპიროს ურბანულ განვითარებას ხელს ადგილობრივი მერიაც უწყობს. ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ეს ტერიტორია უნიკალურ და მიმზიდველ ადგილად იქცევა როგორც ტურისტებისთვის, ისე ახალი მცხოვრებლებისთვის“, – ამბობს Elit Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აქირთავა.
კომპანიაში ამბობენ, რომ გამორჩეული იქნება „არქი მაიამის“ არქიტექტურაც, მისი ხარისხი კი სრულად დააკმაყოფილებს ამერიკაში არსებულ სტანდარტებს. კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studiom იმუშავა.
„ჩემი ოცწლიანი გამოცდილების განმავლობაში ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. ის იქნება ძალიან თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მაღალი ხარისხის მასალებით აშენდება. ვფიქრობ, ნაგებობის უნიკალური და დახვეწილი იერსახის დამსახურებით, მას მარტივად გამოარჩევენ აქ არსებული სხვა შენობებისგან“, – ამბობს პროექტის არქიტექტორი ხავიერ ბარერა.
„არქი მაიამის“ პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში, 2026 წლისთვის დასრულდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, „არქი მაიამი“ პირველი გლობალური პროექტია, მაგრამ არა უკანასკნელი. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აითვისოს ფლორიდის შტატის სხვა ლოკაციები და, ზოგადად, ამერიკული ბაზარი.
„არქის“ 4 წლის წინ შემოვუერთდი. ამ პერიოდიდან უკვე ვმსჯელობდით, რომ ის გლობალური კომპანია გამხდარიყო და დიდ ქვეყნებში დაეწყო მშენებლობა. განსაკუთრებით მსურდა, ეს ქვეყანა აშშ ყოფილიყო, რადგან 20 წელია აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აი, ეს დღეც დადგა და პირველ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილების დამსახურებით, წარმატებით განვახორციელებთ არა მხოლოდ „არქი მაიამის“, არამედ ჩვენს სამომავლო პროექტებსაც“, – გვითხრა „არქის“ პარტნიორმა ზაზა ფაჩულიამ.