სებმა იპოთეკით ბინის შეძენაზე რეგულაციები შეამცირა-რა უნდა ვიცოდეთ? | Property Georgia

სებმა იპოთეკით ბინის შეძენაზე რეგულაციები შეამცირა-რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოს ეროვნული ბანკი იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციებს ამარტივებს. რაც გულისხმობს, რომ პირველადი შენატანი შესაძლებელია იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი. შეგახსენებთ, რომ აქამდე მომხმარებელი, რომელიც შეიძენდა ბინას უნდა შეეტანა 15%-ი ბინის ღირებულების 85%-ს კი ბანკისგან იღებდა. როგორც ცნობილია ეს ცვლილება დროებითია და ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენ ხანს იმოქმედებს კიდევ. 

2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპმა დაიკლო და  წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების გამარტივება გადაწყვეტა. ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი აღნიშნავს, რომ ცვლილება დადებითად აისახება იპოთეკურ დაკრედიტებაზე და ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას.

"შედარებით სუსტი იყო იპოთეკური კრედიტების ზრდა და ის წლიურად 10%-ზე ნაკლები იყო იანვარში. ასევე შევაფასეთ რომ უძრავი ქონების ბაზარზე მშპ-ის ზრდის ნორმალიზების საპასუხოდ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც არის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი გავზარდოთ 85%-დან 90%-მდე. ეს ნიშნავს რომ მომხმარებელს მოუწევს სესხის აღების დროს ბინის ღირებულების 10% დადოს თავად და 90% ისესხოს, ვიდრე ეს იყო 15% და 85% ყოფილიყო ბანკის სესხი. ვფიქრობთ რომ ეს ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის მდგრად აქტივობას და გაზრდის მოსახლეობისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობას,"- აღნიშნავს უტიაშვილი.

ახალი ცვლილება ასევე ეხება ემიგრანტებს – მათთვის, ვისაც უცხოეთში მიღებული შემოსავლის დადასტურება შეუძლია, იპოთეკური სესხის მინიმალური შენატანი 30%-ის ნაცვლად 20%-მდე შემცირდა, რაც ბინების შეძენას მათთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

2025 წლის იანვარში საქართველოში ბანკების მიერ გაცემულმა იპოთეკურმა სესხების საერთო მოცულობამ 246 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია და 4 მილიონ ლარს შეადგენს. . ხელშეკრულებების რაოდენობაც შემცირდა – იანვარში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობამ 3 ათასი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 3.3 ათასი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ამ წლის იანვრის მოცემულობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.79%-ია, რაც გულისხმობს წლიურ 0.43 პროცენტულ შემცირებას.

საერთაშორისო მრავალპროფილური პროფესიული მომსახურებისა და საინვესტიციო მენეჯმენტის კომპანის Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შეფასების თანახმად გამოიკვეთა, რომ თბილისში 2025 წლის იანვარში სულ 2,892 ტრანზაქცია აღირიცხა, რაც გულისხმობს წლიურ 7.5%-იან შემცირებას. მიუხედავად ამისა, რეალიზებული უძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 208 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2.9%-ით გაზრდას გულისხმობს ეს ყველაფერი კი უძრავი ქონების გაძვირებას უკავშირდება.
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: