ერთად შევქმნათ ღირსეული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის ხელმძღვანელის მიმართვა სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისადმი | Property Georgia

ერთად შევქმნათ ღირსეული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის ხელმძღვანელის მიმართვა სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისადმი

მე ვარ ნინო გულუა, მედიცინის დოქტორი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდის, გიორგი ქობალიას დედა. 2003 წელს თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა შშმ პირთა საჭიროებებსა და უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობა.

როდის ჩამოაყალიბეთ ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ  Step by Step ” და  რა მიზნები გაქვთ?

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშობლების გაძლიერება და შშმ პირთა ინტერესების ადვოკატირება. სწორედ ამან განაპირობა  2011 წელს ჯგუფის ოფიციალურად დარეგისტრირება არასამთავრობო ორგანიზაციად  „ნაბიჯ-ნაბიჯ“ (Step by Step), რომლის მიზანია ინკლუზიური, ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა და შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ეტაპობრივად, თანმიმდევრული მიდგომით, ასევე ხელი შეუწყოს მათ ფიზიკურ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას  და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ორგანიზაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია ჩემი ვაჟი, გიორგი ქობალია, რომელიც 2002 წელს B-ჰეპატიტის აცრის შემდგომი გართულების შედეგად დაავადდა ენცეფალომიელიტით, რამაც თავის მხრივ განაპირობა ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვა. გიორგი 35 წლის ახალგაზრდაა და მიუხედავად თავისი მძიმე მდგომარეობისა დღეს თავის გამოცდილებას უზიარებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.


განხორციელებული პროექტები

  • 2012-2013 წლებში ორგანიზაცია იყო აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში ჩატარებული ადამიანთა უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
  • 2013 წლის 25 სექტემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა პირველი ყოველწლიური კონფერენცია თემაზე: „ხელოვნება და ტექნოლოგია — იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“. ღონისძიება მიზნად ისახავდა შშმ პირთა პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მათ სრულფასოვან გადაადგილებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოძიებას. კონფერენციაზე მონაწილეობისა და შშმ პირთა მხარდასაჭერად იაპონიიდან ნორიკო ინამორის ფონდის 21-წევრიანი დელეგაცია ჩამოვიდა (საკუთარი ხარჯებით) და საჩუქრად ეტლები ჩამოიტანა.
  • 2014-2019 წლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ელენე ახვლედიანის გალერეაში იმართებოდა  ღონისძიებები შშმ პირების მონაწილეობით. ამ ღონისძიებების  მიზანი გახლდათ   კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა,  რომ შესაძლებლობები ყველას თანაბრი აქვს და საჭიროა მხოლოდ ხელშეწყობა  მათი გამოვლენისთვის.
  • ორგანიზაციას 2015 წლიდან  გაფორმებული აქვს მემორანდუმი სკოტვილი, კენტუკის შტატში არსებულ შშმ პირთა ბანაკთან, სადაც გვაქვს საშუალება ყოველწლიურად საქართველოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები გავამგზავროთ,  რაც ასევე ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ხელს უწყობს საერთაშორისო კავშირების გამყარებას.
  • 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი „ერთად — უკეთესი მომავლისათვის!“, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. 
  • 2017-2019 წლებში, პარლამენტის შოთა რუსთაველის დარბაზში გაიმართა არაერთი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით. 
  • 2019-2025წლებში რეგულარულად, წელიწადში სამჯერ ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, გამოფენები შშმ პირთა აქტიური მონაწილეობით, რომლის მხარდამჭერი არის ქ. თბილისის მერია და ავერსის საქველმოქმედო ფონდი. 
  • ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, მათ ხელშეწყობას და საზოგადოებაში ინტეგრაციას. 

 

რას მიიჩნევთ თქვენი ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად?

დღეს, ჩვენი მთავარი გამოწვევა არის შშმ პირთა დღის ცენტრის რეაბილიტაცია და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2019 წელს თბილისის მთავრობის მიერ უსასყიდლოდ გადმოცემული 306.13 მ² ფართი (207-ე საჯარო სკოლის ბაზაზე) საჭიროებს სარემონტო სამუშაოებსა და საჭირო ინვენტარით აღჭურვას.

დღის ცენტრი გათვლილია 100 ბენეფიციარსა და 200 მშობელზე. ცენტრში განხორციელდება ადრეული ინტერვენცია, მულტიდისციპლინური რეაბილიტაცია, არაფორმალური განათლება და მშობელთა მხარდაჭერა, თუმცა ცენტრის გახსნა სრულად დამოკიდებულია სივრცის რეაბილიტაციასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე.  ასევე ჩვენი დიდი სურვილია ვუზრუნველყოთ  შშმ ახალგაზრდების პროფესიული განათლება, რაც თავის მხრივ გაზრდის მათი დამოუკიდებლობის ხარისხს. 

ასევე მინდა ხაზი გავუსვა  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს  -  გიორგის ხელმძღვანელობით, ადამიანის, რომელსაც ყველაზე უკეთ  ესმის და იცის შშმ პირთა საჭიროებები, პრობლემები - ცენტრის ფუნქციონირება იქნება მეტად ეფექტური.  

მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიების მესვეურებს თხოვნით - ერთად შევქმნათ ღირსეული გარემო და მომავალი  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თითოეული თქვენი ნაბიჯი იქნება მათი უკეთესი მომავლის გარანტია. გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაკეთოთ სიკეთე ადამიანებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.

საკონტაქტო: 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step”-ის დირექტორი, ნინო გულუა: +99577 792099

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: