საიმედო სამშენებლო - დეველოპერული კომპანიის და პროექტის შერჩევა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუ გსურთ პროექტი დროულად და ხარისხიანად ჩაგბარდეთ.
ბინის ან სხვა ტიპის უძრავი ქონების ყიდვა მსხვილი ფინანსური ტრანზაქციაა ბევრი ადამიანისთვის, რადგან ამ შენაძენს ჩვენ წლების მანძილზე გაკეთებული პირადი დანაზოგით ან საბანკო კრედიტით ვახორციელებთ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მთავარია საიმედო დეველოპერული კომპანიის შერჩევა. სამწუხაროდ, დღეს სექტორში ვხვდებით არაერთ გამოუცდელ, მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც არ ასრულებს კეთილსინდისიერად თავის ვალდებულებას მყიდველის წინაშე - დაგვიანებით და უხარისხოდ აბარებს პროექტს.
იმისათვის, რომ დაიზღვიოთ თავი ამგვარი რისკებისგან გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ შერჩეული დეველოპერული კომპანიის/პროექტის შესწავლას და დაუსვათ კომპანიას ქვემოთ მოცემული კითხვები:
1. რა გამოცდილება გააჩნია სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას?
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა რამაც შესაძლოა თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს.
რომელი/ რამდენი პროექტი აქვს დასრულებული და აქვს თუ არა ვადების / შეთავაზებული პირობების დაცვით პროექტი ჩაბარებული.
მისაღებია, თუ მინ. ერთი წამატებული პროექტი მაინც ფიქსირდება კომპანიის პორთფოლიოში.
როგორ გადაამოწმოთ კომპანიის გამოცდილება:
- დაათვალიერეთ მისი ვებ გვერდი, გაეცანით კომპანიის ისტორიას, მენეჯმენტის გამოცდილებას და შესრულებულ/მიმდინარე პროექტებს;
- გაესაუბრეთ კლიენტებს, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ უძრავი ქონება აღნიშნულ კომპანიაში;
- დაათვალიერეთ კომპანიის მიმდინარე მშენებლობები, დააკვირდით მშენებლობის ხარისხს ( რა მასალით შენდება, რამდენად სეისმომდგრადია, გამოყენებულია თუ არა ენერგოდამზოგავი დათბუნების და იზოლაციის სისტემები, რამდენად აქცევს ყურადღებას დეველოპერი საინჟინრო სისტემების სწორად და საიმედოდ დაგეგმარებას - გაზმომარაგება, წყალმომარაგება, კანალიზაცია და ელექტროობა, ა.შ) , კარგად შეისწავლეთ ბინის გეგმარებები, სამშენებლო მასალები და მათი წარმომავლობა ( შეძლებისდაგვარად), რისგან შედგება საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა (ეზო, პარკინგი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი ცენტრი, მაღაზია, სხვა..), რა სერვისებს და მომსახურებას გთავაზობთ დეველოპერი სახლის ექსპლუატაციაში გადაცემის შემდგომ? რა საფასურად?
2. რამდენად მდგრადია ფინანსურად კომპანია?
თუკი კომპანიის ფინანსური სიჯანსაღე ბუნდოვანია, რისკია იმისა რომ:
- კომპანია პროექტს დროულად ვერ დაასრულებს
- გამოიყენებს მდარე ხარისხის, დაბალფასიან სამშენებლო მასალებს
იმისთვის, რომ დაიზღვიოთ თავი მსგავსი რისკებისგან და დარწმუნდეთ პროექტის ფინანსურ დაცულობაში, გირჩევთ გადაამოწმოთ რომელ ბანკთან თანამშრომლობს სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, აფინანსებს თუ არა ბანკი მშენებლობას, სრულდება თუ არა ვადების დაცვით მშენებლობის ეტაპები, მიმდინარეობს თუ არა ბინების გაყიდვები წარმატებით…
3. რამდენად გამოცდილი გუნდი და კომპანიები მუშაობენ დეველოპერულ პროექტზე?
როგორც მოგეხსენებათ მშენებლობა კომპლექსური პროცესია და მოიაზრებს არაერთი კომპანიის ჩართულობას. პროფესიონალი უძრავი ქონების სამშენებლო - დეველოპერული კომპანია უნდა მუშაობდეს საუკეთესო კონსულტანტების, ინჟინრების , არქიტექტორების, ბროკერების , იურისტების (სასურველია საერთაშორისო) გუნდთან. პროფესიონალების მსგავსი კომპლექსური სინერგია არის პროექტის წარმატების წინაპირობა.
4. აქვს თუ არა კომპანიას წესრიგში იურიდიული დოკუმენტაცია?
გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას გააჩნია ყველა საჭირო ნებართვა მშენებლობისთვის. სასურველია დამოუკიდებელი იურისტის დახმარებაც ითხოვოთ, რომ დარწმუნდეთ იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფილებაში.
5. რაც შეეხება ფასებს..
ცხადია, ყველას გვსურს ვიპოვოთ კომპანია, რომელიც დაბალ ფასად შემოგვთავაზებს სასურველ უძრავ ქონებას. მაგრამ როდესაც ფასი მოსალოდნელზე დაბალია ან არარეალურად ხელსაყრელ გადახდის პირობას გთავაზობთ კომპანია - უნდა იყოთ ყურადღებით, არ მოტყუვდეთ!
აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მაღალი კლასის საცხოვრებელ ბინას ან უძრავ ქონებას ეძებთ, მხოლოდ მაღალი ფასი არ არის გარანტია უძრავი ქონების ადექვატური ხარისხისა. სასურველია ფასწარმოქმნა, პროექტის ხარისხი (ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით) კარგად განიხილოთ დეველოპერთან .
6. რამდენად ზრუნავს დეველოპერი გარემოზე?
მშენებლობა ქალაქების და ქვეყნების ურბანული განვითარების წინაპირობაა, თუმცა რამდენად გონივრულად და გარემოსთან ჰარმონიულად შენდება დეველოპერული პროექტები - ეს მტკივნეული საკითხია.
იზრუნეთ გარემოზე! შეძლებისდაგვარად შეარჩიეთ კომპანია, რომელიც მშენებლობით არ აზიანებს გარემოს, იყენებს ენერგო-დამზოგავ მასალებს და მისი ყოველი დეველოპერული პროექტი მოიცავს გამწვანების კონცეფციას.
შედეგად თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრებთ!
იმედი მაქვს ზემოთ განხილული თემები დაგეხმარებათ საიმედო და თქვენი პრეფერენციების შესაბამისი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის და პროექტის შერჩევაში.
წარმატებულ ინვესტიციას გისურვებთ!
ლიკა ქარდავა / Property Georgia - ს დამფუძნებელი
www.propertygeorgia.ge - #1 უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალი