სამთო-სათხილამურო კურორტები საქართველოში. სად წავიდეთ? | Property Georgia

სამთო-სათხილამურო კურორტები საქართველოში. სად წავიდეთ?

საქართველო მრავალმხრივ გამორჩეული ქვეყანაა, მათ შორის მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და კლიმატით. ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზამთრის კურორტები, რომლებიც ქვეყნის 4 სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს.

ყველა კურორტი თავის მხრივ გამორჩეულია და აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ჩვენ ვეცდებით თქვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ.

გუდაური

გუდაური

გუდაური ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. კარგი ლოკაციის გამო, საკმაოდ კარგ სათხილამურო გზას და თოვლის გამორჩეულ ხარისხს გვთავაზობს მთელი ევროპის მასშტაბით.

ამ კურორტის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება თბილისთან სიახლოვეა. ამიტომ თუკი დაკავებული ცხოვრების სტილი გაქვთ და დროის ნაკლებობას განიცდით, შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად ზამთრის ეს კურორტი ნამდვილად ყველაზე მიმზიდველია.

აქ ბევრ სასრიალო გზას და საბაგიროს შეხვდებით, თუმცა ძირითადად პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის და გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულისთვისაა განკუთვნილი, მისი დახრილი ფერდებიდან გამომდინარე. დღეისათვის გუდაურში სულ 14 საბაგირო გზაა და მათი უმრავლესობა ცნობილი ავსტრიული კომპანიის მიერაა აშენებული. ყველაზე მაღალი საბაგირო ზღვის დონიდან 3276 მეტრზე მდებარეობს.

გუდაურში ბევრი სასტუმროა, მაგრამ მათი უმრავლესობა მაღალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვისაა გათვლილი. მაგალითად, თუკი დეკემბრის ბოლოს 1 კვირის გუდაურში გატარებას გადაწყვეტთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასტუმროს ფასები 1 კაცზე დაახლოებით 800 ლარიდან იწყება და 2000 ლარს აჭარბებს. თუმცა, თუკი შედარებით ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებთ, შეგიძლიათ საოჯახო ტიპის აპარტამენტებს ეწვიოთ, რომელთა ფასებიც 1 კვირაზე დაახლოებით 300 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აჭარბებს. ფასები მეტწილად ლოკაციაზე და ადამიანების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

გუდაურში ასევე შეხვდებით ბევრ საკვებ ობიექტს, რომლებიც პირდაპირ სათხილამურო გზასთანაა და მოსრიალისთვის საკმაოდ კომფორტულია, თუმცა აქტიური სეზონის მოახლოებასთან ერთად ხალხის რაოდენობაც ძალიან იზრდება.

 

თეთნულდი

თეთნულდი

თუკი პირიქით, დამწყები მოთხილამურე ხართ და ახლა იწყებთ სრიალის სწავლას, თეთნულდის სათხილამურო კურორტი თქვენთვის ზედგამოჭრილია, რადგან აქ ბევრი მარტივი სასრიალო გზაა. გარდა ამისა, თოვლის ხარისხი საკმაოდ მაღალია, სეზონის ხანგრძლივობითაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. და რაც მთავარია, თეთნულდის სათხილამურო გზა მთელ ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელია. კურორტზე ამ ეტაპზე 4 საბაგიროს შეხვდებით, აქედან ორი ღია, ორი კი დახურული ტიპისაა. ეტაპობრივად იგეგმება ახალი საბაგიროების მონტაჟი.

თეთნულდის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 3160 მეტრია, ხოლო მინიმალური - 2260 მეტრი.

ამჟამად კურორტზე ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი სასტუმრო, სადაც დეკემბრის თვეში 1 კვირის გატარება 1 ადამიანისთვის 1200 ლარი ღირს. თუმცა მესტიასთან სიახლოვის გამო ტურისტების უმრავლესობა უპირატესობას მესტიას ანიჭებს, სადაც გაცილებით ფართო არჩევანია. აქ საოჯახო ტიპის სახლში 1 კვირის გატარება გააცილებით იაფია და ფასები დაახლოებით 180 ლარიდან იწყება.

კურორტზე შეგიძლიათ როგორც სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა, ასევე უფასო ავტოსადგომით სარგებლობა.

ამ კურორტის ერთადერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ აქ მოსახვედრად საკუთარი მანქანა ან მისი ქირაობა დაგჭირდებათ. თუმცა თუკი სრიალი თქვენთვის ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილია, თეთნულდი ნამდვილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ დახვეწილი ინფრასტრუქტურითა და გამორჩეული ბუნების სილამაზით.

ჰაწვალი 

ჰაწვალი 

კურორტ თეთნულდთან ახლოს მდებარეობს შედარებით მცირე ზომის სათხილამურო კურორტი, ჰაწვალი. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2348 მეტრია, ხოლო მინიმალური 1868 მეტრი.

ჰაწვალის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი თვისება ისაა, რომ აქედან სვანეთის ულამაზესი ხედებით ტკბობა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გაუკვალავ თოვლში სრიალის შესასწავლად. აქ მრავალფეროვან ზედაპირს შეხვდებით - ტყეს, ბუნებრივ ტრამპლინებსა და  ბუნებრივ დაბრკოლებებს.

ჰაწვალზე სულ 5 სათხილამურო გზაა, მათი სიგრძე ჯამში 7 კილომეტრს შეადგენს. გზა ყველა ტიპის მოთხილამურისთვისაა გათვლილი, როგორც დამწყებებისა და საშუალო დონის/პროფესიონალებისთვის, ასევე თავგადასავლების მოყვარული ექსტრემალებისთვის. ზოგჯერ შეგიძლიათ ღამის სრიალითაც ისიამოვნოთ, რაც დასვენების პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს სასტუმრო ჰაწვალი და რამდენიმე კვების ობიექტი. სასტუმროში 1 კვირის გატარება 1 ადამიანისთვის 720 ლარი ღირს. აქვე შეხვდებით კაფე ზურულდს, საიდანაც როგორც უკვე ვახსენეთ სვანეთის ულამაზესი ხედები იშლება. კურორტზე ასევე შესაძლებელია სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა.

საბოლოო ჯამში, თუკი კარგი ხარისხის თოვლი გიყვართ და ხანგრძლივი სეზონით ტკბობა თქვენი საყვარელი აქტივობაა, სვანეთი ნამდვილად განსხვავებულ და სასიამოვნო გამოცდილებას შესძენს თქვენს ზამთრის ცხოვრებას.

ბაკურიანი-მიტარბი

ბაკურიანი-მიტარბი

ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს და სხვა კურორტებისგან განსხვავებით სასრიალო გზების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. როგორც წესი, ეს ადგილი იდეალურია ოჯახური ტიპის დასვენების მოსაწყობად, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარების დონე შედარებით მაღალია და გართობის ფართო არჩევანია. შესაბამისად, თუკი სრიალი არა, მაგრამ თოვლი მაინც გიყვართ, აქ უამრავი სხვა აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ. გასართობი პარკები, ყინულის მოედანი, მარხილები და თოვლის სკუტერები, ცხენით გასეირნება - ეს ამ აქტივობების მოკლე ჩამონათვალია.

კურორტის უარყოფით მხარედ ხალხმრავლობა შეიძლება ჩაითვალოს. სათხილამურო გზებზე ყოველთვის უამრავი ხალხია, განსაკუთრებით კი დიდველზე. ამის გამო, შეიძლება სრიალის პროცესი სასიამოვნოს მაგივრად დამღლელიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის.

ბაკურიანში დასვენება შედარებით იაფია, აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ოჯახური ტიპის სახლებით, ასევე სასტუმროებითაც, რომლებიც ძირითადად სასრიალო გზებთან ახლოსაა განლაგებული. სასტუმროს ფასები 1 კვირის განმავლობაში 1 ადამიანისთვის 500 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტი და მოთხოვნები საცხოვრებელ ადგილს მოარგოთ. ასე რომ, თუკი ოჯახთან ერთად დასვენება გაქვთ გადაწყვეტილი, შეგიძლიათ არდადეგების ბაკურიანში დაგეგმვა უკვე დაიწყოთ.

გოდერძი

გოდერძი

სათხილამურო კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. კურორტის გამორჩეული თვისებაა დამსვენებლების ცოტა რაოდენობა. ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სათხილამურო გზაზე მხოლოდ თქვენ სრიალებდეთ. ამიტომ, თუკი ხალხმრავალი ადგილები, რიგები და გადატვირთული სათხილამურო გზები არ გიყვართ, შეგიძლიათ ამ კურორტზე სიმშვიდეში დაისვენოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. თუმცა ხალხის ნაკლებობა გარკვეულწილად იმითაა გამოწვეული, რომ ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

კურორტზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო, რომელიც სულ 35 ადამიანს იტევს და რამდენიმე კოტეჯი, ჯამში 70 ადამიანზე გათვლილი. სასტუმროს ტიპის კოტეჯში დასვენება 1 ადამიანისთვის 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით 400 ლარი ღირს. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე საკვები ობიექტი, შეგიძლიათ სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობაც, თუმცა ამ მხრივ ფართო არჩევანი არაა.

რაც შეეხება თოვლის ხარისხს, ის საკმაოდ კარგია, თუმცა თუკი რთული სასრიალო გზები გიზიდავთ, ამის მოძებნა კურორტ გოდერძიზე სავარაუდოდ გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ საშუალო სირთულის გზებით, მშვიდი და მყუდრო გარემოთი ისიამოვნოთ და ზამთრის დასვენება დასამახსოვრებელი გახადოთ.

კურორტზე ამ ეტაპზე 2 მცირე ზომის საბაგიროს ვხვდებით, ხოლო სათხილამურო გზის სიგრძე 8 კილომეტრია. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრი.

 

როგორც ხედავთ, არჩევანის მრავალფეროვნების გამო გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში შეძლებთ ზამთარი სასიამოვნოდ გაატაროთ.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

ავტორი: ლიზი ქველაძე

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: