ახალი მომვლელი - თქვენი სახლი | Property Georgia

ახალი მომვლელი - თქვენი სახლი

სახლის მეპატრონეებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით საშუალება ეძლევათ, საკუთარ სამზარეულოში, საძინებელსა და აბაზანაში დამონტაჟებული მოწყობილობებით აკონტროლონ თავისი ჯანმრთელობა.

როდესაც მაიამიში მცხოვრები არქიტექტორი კობი კარპი მისთვის ტიპიურ, ულტრათანამედროვე სახლებს ჰქმნის, ის ფიქრობს თაღებსა და კუთხეებზე... ფიქრობს, როგორ აავსოს სახლი მზის შუქით, როგორ მოარგოს საუთ ბიჩის არტ-დეკოს სტილი თავის შედევრებს.

მისი შემდეგი ნაბიჯია კლიენტთა სამედიცინო ისტორიის გადახედვა - იმყოფებიან თუ არა ისინი კიბოს, ეპილეფსიის, ფილტვებისა თუ გულის დაავადებათა რისკის ქვეშ?

კობი კარპის მიერ აშენებულ ობიექტთა რიცხვს სასტუმრო 1 Hotel South Beach და Four Seasons-ის ბრენდის არაერთი სასტუმრო მიეკუთვნება. მის მიერ დაპროექტებული სახლების ღირებულება ხშირად აღწევს რვანიშნა რიცხვს. ეს არის უმაღლესი კატეგორიის უძრავი ქონება, რომელსაც დამატებითი ღირებულებაც გააჩნია: კარპის სახლებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

ელეგანტური სარკეების უკან, რეცესირებულ ლამპიონებს შორის და ფილებით მოფენილი იატაკის ქვემოთ განთავსებულია ათეულობით სენსორი, რომელიც მობინადრეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს იძლევა.

უძრავ ქონებასთან მიმართებაში სიტყვა „ველნესი“ (ჯანსაღი ცხოვრება) უკვე ძალზედ ხშირად გამოიყენება და ისეთ კონცეფციებზე ვრცელდება, როგორიცაა ვერტიკალური ბაღები, იოგის ოთახები, ამბიენტური განათება და C ვიტამინის შემცველი შხაპები. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე უმავთულო ტექნოლოგიების საშუალებით მოხერხდა ადამიანის პულსისა და ძილის ციკლის მონიტორინგის განხორციელება, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ხოლო „ჭკვიანი სახლის“ ფუნქციები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ბევრმა შეძლებულმა ადამიანმა ახალი ტიპის „ველნესს“ მიმართა.

აღნიშნული ტენდენცია მოიცავს საძინებლებში, აბაზანებსა და სამზარეულოებში ძვირადღირებული ტექნოლოგიების დამონტაჟებას, რის შედეგადაც სახლის მეპატრონეებისთვის შესაძლებელი ხდება მათი ჯანმრთელობისთვის თვალის დევნება.

„სახლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია თქვენს ბიოლოგიურ სისტემებში შესვლა“, ამბობს კობი კარპი. მისი პროექტები აღჭურვილია „ჭკვიანი სახლის“ გაყვანილობით და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული მოწყობილობებით. მაგალითად, თუკი სახლის მეპატრონე ეპილეფსიით არის დაავადებული, იატაკის ფიცრების გასწვრივ მოეწყობა კომპანია SilverEco-ს სენსორები, რომლებიც დააფიქსირებენ ადამიანის უეცარ დავარდნას. თუკი მეპატრონეს დიაბეტი აწუხებს, კარპი მისი აბაზანისთვის შეუკვეთავს კომპანია CareOS-ის სპეციალურ სარკეს, რომელიც შეამოწმებს პეპატრონის ხედვას.

შეგროვილი მონაცემები ისახება მონიტორინგის ვებგვერდზე (მაგ. Home Health Monitoring by Telus) და იტვირთება ღრუბლოვან სისტემაზე (მაგ. Truven Health Analytics). აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა გააჩნიათ ექიმებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს.

propertygeorgia.ge

 

ეს ყველაფერი შესაძლოა ფუტურისტულად ჟღერდეს, სინამდვილეში კი კობი კარპის სახლები მიმდინარე პროცესების მხოლოდ ერთი მაგალითია.

2017 წელს Google Nest-მა შეიძინა ციფრული სტარტაპი Senosis, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგს აწარმოებს. Amazon Alexa აკმაყოფილებს აშშ-ის ჯანმრთელობის დაზღვევის პორტაბელურობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონის მოთხოვნებს, და მისი ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით შასაძლებელია ექიმთან ტერმინის დანიშვნა, ლაბორატორიული შედეგების მიღება და რეცეპტების შემოწმება. ზეწრის ქვეშ დასამონტაჟებელი ძილის სენსორების რეალიზაციას აწარმოებენ კომპანიები Withings, Luna, Sleepace და სხვ. სენსორების ფასი 25-იდან 200 დოლარამდე მერყეობს. ბაზარზე ასევე იყიდება ჰაერის ფილტრები, რომლებიც ჰაერის გაწმენდის გარდა მისი ხარისხის შესახებ აფრთხილებენ მომხმარებელს. იაპონური კომპანია Toto კი 25,000 დოლარად გთავაზობთ უნიტაზებს, რომლებიც შარდის დენის, გლუკოზის დონეს და სხეულის წონისა და სიმაღლის ინდექსს ზომავენ.

კობი კარპის თქმით, იყო დრო, როდესაც სახლის მესაკუთრეები ერიდებოდნენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ ყოფნას, დღეს კი ისინი სხვანაირად ფიქრობენ. „ადრე ჩვენ გვაწუხებდა ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩარევის საკითხი, ახლა კი ალბათ პირიქით ხდება. სმარტფონის მეშვეობით ჯანმრთელობის მონიტორინგის განხორციელება ახლო მომავალში ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა“.

50 წლის დაგ ფაირსტაინი იზიარებს კობი კარპის ხედვას. აპრილში ფაირსტაინი თავის ოჯახთან ერთად ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ ლაუდერდეილში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი 8,400 კვადრატული ფუტის სახლი სრულად აღჭურვილია კომპანია „დელოსის“ ტექნოლოგიებით. ფაირსტაინი იმდენად კმაყოფილი დარჩა თავისი გამოცდილებით, რომ მალე თვითონაც ჩადო ინვესტიცია ველნესის ბრენდში.

„მე და ჩემს ცოლს გვსურდა, ჩვენი ორი პატარა ბავშვისთვის არა მხოლოდ სასიამოვნო საცხოვრებელი გარემო შეგვექმნა, არამედ იდეალური პირობები, რაც გულისხმობს სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს და მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის დონის მონიტორინგს“.

კორონავირუსის პანდემიის დროს „დელოსის“ ტექნოლოგიებმა დამამშვიდებელი ეფექტი იქონიეს ფაირსტაინის ოჯახზე: „ჩვენ დაცულად ვგრძნობდით თავს ისეთ გარემოში, რომლის მონიტორინგიც შეგვეძლო. თუკი ჩვენ მარტო მოგვიწევდა ყოფნა, ვიცოდით, რომ სუფთა გარემოში გავატარებდით საიზოლაციო პერიოდს“.

„დელოსი“ არის ნიუ იორკული სტარტაპი, რომლის ღირებულება 1.25 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2018 წელს კომპანიამ გამოუშვა სახლის ველნესის ტექნოლოგია, რომელსაც „დარვინი“ ეწოდება“. კლინიკა „მაიოსთან“ ერთად, კომპანია ასევე იკვლევს ადამიანის ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ სივრცეებს შორის კავშირს.

„ჩვენი ცხოვრების 90 პროცენტზე მეტი დახურულ სივრცეებში - სახლში, ოფისებსა თუ სკოლებში ხდება“, ამბობს „დელოსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პოლ სკიალა. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში სახლის მეპატრონეები ზედმიწევნით აკონტროლებენ თავის ჯანმრთელობას: „ყველამ გააცნობიერა, რომ იმას, რასაც ჩვენ ვეხებით, რასაც ვსუნთქავთ და სადაც ჩვენ ვიკრიბებით, დიდი მნიშვნელობა აქვს“.

„დელოსის“ შვილობილმა კომპანიამ ასევე შეიმუშავა მშენებლობის სტანდარტი WELL. აღნიშნული სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირებული პირველი კომპლექსი თვითონ კომპანიის მიერ ნიუ იორკში იქნა აშენებული. პირველი სერტიფიცირებული უბანი კი ამჟამად ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში შენდება.

WELL სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირება გულისხმობს ჰაერის სინათლისა და წყლის ხარისხის გაზომვას. აუცილებელია ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილებაც, როგორიცაა ჯანსაღი კვებისა და მწვანე სივრცეების უზრუნველყოფა. „დელოსის“ მიერ მოწყობილ და სერტიფიცირებულ ობიექტთა სია მოიცავს ლას ვეგასის MGM Grand Hotel-ს, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ საჯარო სკოლას და ერთოჯახიან საცხოვრებელ სახლებს. პრემიუმ კლასის კონდომინიუმთა არაერთი კომპლექსი (მაგ. Villa Valencia ქალაქ კორალ გეიბელსში, Solemar პომპანო ბიჩში, Pendry Residences Natirar სამერსეტ ქაუნთიში) აღჭურვილი იქნება „დარვინის“ ტექნოლოგიებით.

 

propertygeorgia.ge

 

„როდესაც პირველყოფილი ადამიანი ღია სივრცეში ცხოვრობდა, მის სხეულსა და ტვინს მართავდა მზე. დღეს კი ჩვენი ჰაერი ბინძურია როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში“, ამბობს კომპანია HEDSouth-ის დამფუძნებელი იან ვიტროვსკი. მისი კომპანია ამონტაჟებს ველნესის მონიტორინგის მოწყობილობებს, მათ შორის „დარვინის“ სისტემას.

ვიტროვსკის მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები მოიცავს ჰაერის გამწმენდ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ ჭუჭყის, პათოგენური მიკროორგანიზმების და ვირუსების მატარებელ ნაწილაკთა მოშორება; წყლის ფილტრებს, რომლებიც იყენებენ ადგილობრივი ნიადაგის წყალშემცველი შრედან მოპოვებულ მონაცემებს; და განათებას, რომელიც სიმულირებს ბუნებრივ შუქს.

ვიტროვსკის კლიენტთა უმრავლესობას შეძლებული ადამიანები წარმოადგენენ, თუმცა მისი კომპანიის ყველაზე დაბალფასიანი პაკეტის შეძენა 2500 დოლარად შეიძლება და მოიცავს განათების, ჰაერისა და წყლის მარტივ მონიტორინგს „დარვინის“ ტექნოლოგიის მეშვეობით. ამის შემდეგ, კომპანიის პროდუქტების ფასები ექსპონენციალურად იზრდება. შედარებისთვის, დაგ ფაირსტაინმა HEDSouth-ს თავის სახლში 300,000 დოლარის ღირებულების ტექნოლოგიები დააყენებინა. „დაგმა ყველაფერი საუკეთესო შეიძინა“, აღნიშნავს იან ვიტროვსკი. მისივე თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი კომპანიის მომსახურებების მიმართ ინტერესი. „ბიოლოგიური საკვების მწარმოებლები, სასმელი წყლის ჩამომსხმელი კომპანიები და სავარჯიშო დარბაზები საკუთარი პროდუქტების გასაყიდად იყენებდნენ სიტყვა „ველნესს“. თუმცა, თვითონ ჯანსაღ ცხოვრებაზე არავინ საუბრობდა . ახლა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველას აინტერესებს ჯანმრთელობა და სიკვდილის თავიდან აცილება“.

უძრავი ქონების კატეგორიაში ველნესის ეპიცენტრს ფლორიდის შტატი წარმოადგენს. აქ უკვე შენდება სახლები, სადაც ადგილზე ხელმისაწვდომია კერძო ჯანდაცვა. სამშენებლო კომპანია CC Homes-მა გასულ თვეში სამხრეთ ფლორიდის ბაპტისტურ ჰოსპიტალთან გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის ორი პროექტის (Canarias at Downtown Doral და Maple Ridge at Ave Maria) მაცხოვრებლები ჰოსპიტალის ექიმებისგან ტელემედიცინურ მომსახურებას მიიღებენ ჯანდაცვის სპეციალური პაკეტის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ვიდეოკამერებისა და ინფრაწითელი თერმომეტრების მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად ყურების, თვალების, ცხვირისა და ფილტვების შემოწმებას.

მაიამის ცენტრში მდებარე სასტუმრო Legacy Hotel and Residences მოიცავს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრს, რომელიც სხეულის სკანერების, სხეულის მდგომარეობის ანალიზის, სისხლის ანალიზისა და სხვა მეთოდებით ახორციელებს სტუმართა ჯანმრთელობის მონიტორინგს.

„დღეს ადამიანს მუდმივად ესმის, რომ ტექნოლოგიები მის შესახებ მონაცემებს აწარმოებს, ხოლო რასაც ის თვალს ადევნებს, ის შეუძლია შეცვალოს“, აცხადებს Legacy-ის დიაგნოსტიკური ცენტრის აღმჭურველი კომპანია Cactus-ის დამფუძნებელი ნოა ვაქსმანი. „თუმცა, ამგვარი სივრცეების პოპულარობა მხოლოდ იზრდება, ვინაიდან თქვენი სმარტფონები სულ ცოტა კიდევ ხუთი წლის მანძილზე ვერ შეძლებენ იმის შესრულებას, რაც ამ დიაგნოსტიკურ ცენტრს შეუძლია“.

 

propertygeorgia.ge

 

წყარო: www-nytimes-com.cdn.ampproject.org

ავტორი:  Debra Kamin

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: