დროებითი ამოსუნთქვა - როგორ შემობრუნდება ემისიების შემცირების პროცესი კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ | Property Georgia

დროებითი ამოსუნთქვა - როგორ შემობრუნდება ემისიების შემცირების პროცესი კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ

კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი ვუჰანიდან ნიუ იორკისკენ მიიწევს და გვამების კვალს ტოვებს. ჩვენ ვკითხულობთ ამაღელვებელ ანგარიშებს, ვისმენთ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას და ყოველ დღე ვხვდებით, რომ უპრეცედენტო და რთულ დროში ვცხოვრობთ. ერთი, რაც კარგია: ჩვენ ვხდებით ქალაქებში ემისიების შემცირებისა და ბუნების აღდგენის მოწმეები, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გასტანს ეს.

იტალიაში კარანტინის დაწესებამ სოციალურ მედიაში გამოიწვია ვენეციის კანალების გაწმენდისა და ზღვის ორგანიზმების დაბრუნების შესახებ ინფორმაციის ტალღა. ამავდროულად გახშირდა სტატიები სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში ემისიების შემცირების თაობაზე. ჩინეთში, სადაც ბოლო წლებში იზრდებოდა ემისიები, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ემისიები შემცირდა 25%-ით. იტალიაში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში კარანტინის შემოღების შემდეგ მხოლოდ მარტის თვეში ემისიები შემცირდა 16%-ით. ნიუ იორკში დაბინძურების დონე 50%-ით დაეცა.

აღნიშნული ციფრები მოსალოდნელი იყო. კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებსა და ქვეყნებში დაწესებული კარანტინი მოქმედებს ტრანსპორტზე, მრეწველობაზე, ტურიზმსა და სხვა იმ სფეროებზე, რომლებიც ენერგიის არაგანახლებად წყაროებზე არიან დამოკიდებული და უკვე დიდი ხანია წარმოქმნიან ემისიებს. ამასთანავე, დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანის, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ის სახლში გამოკეტვამ შეანელა კონსუმერიზმის, ანუ მოხმარებისა და დაბინძურების გამომწვევ აქტივობათა ტემპი.

საკარანტინო ზომების დაწესებას სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა შედეგი მოჰყვა. მიუხედავად ჰაერის გაწმენდისა, მკაცრ ზომებს მძიმე ეფექტი ექნება გლობალურ ეკონომიკაზე. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიოს უპრეცედენტო რეცესია ელის. დაკარგული სამუშაო ადგილები, შემცირებული ხელფასები, გაკოტრებული ცნობილი კომპანიები და საფონდო ბაზრის კრიზისი უკვე წარმოადგენენ დღევანდელ რეალობას. ამ ყველაფერს ემატება ჯანდაცვის კრიზისი. აღნიშნული სიტუაცია შეეხება თითქმის ყველა ქვეყანას. შედარებით კარგად მომზადებულმა სახელმწიფოებმა მიიღეს ეკონომიკური სტიმულირების აგრესიული ზომები, ხოლო იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ გააჩნიათ ფულადი ნაკადები, ლაპარაკია გარე სესხებზე. მაგალითად, აფრიკის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ითხოვენ 100 მილიარდი დოლარის ოდენობის საგანგებო სესხებს და საგარეო დებიტორული დავალიანებების გადავადებას. ბევრ ნაკლებად ურბანიზებულ რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებები სულ მალე პარადოქსულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან: მათ არ ექნებათ მკაცრი და ხანგრძლივი საკარანტინო ზომების მიღების საშუალება, რამეთუ მათი მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, სადაც ამგვარი ზომების გატარება რთული იქნება. სრული კარანტინი ნიშნავს ჰუმანიტარული ზომების დაწესებას, რასაც აღნიშნული ხელისუფლებების დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. ამგვარი ზომები მათ კიდევ უფრო დიდ ვალებში გადააგდებს, რომლიდანაც ისინი რეცესიის შემდეგ ათწლეულების მანძილზე ვერ გამოვლენ.

კიდევ ერთ მოსალოდნელ გამოწვევას წარმოადგენს მდგრადობა, რამეთუ განვითარებადი ეკონომიკების უმრავლესობა რეცესიიდან სწრაფად გამოსვლას შეეცდება. „სტიმულირების პაკეტი“ ხშირად გამოყენებულ ტერმინად იქცა ამ საკითხთან მიმართებაში. აღნიშნული პაკეტის დანიშნულებაა საარსებო საშუალებათა დაცვის სტრატეგიების ამოქმედება. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

აგრესიულმა პოლიტიკამ შესაძლებელია გამოიწვიოს ემისიების წარმომქმნელი ინტენსიური საქმიანობა, რის შედეგადაც მოწყვლადი ეკონომიკები კლიმატის ცვლილებასთან, საჭმლის დეფიციტსა და სიღარიბესთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დადგებიან. რამდენადაც შემაშფოთებლად არ უნდა ჟღერდეს ეს, წინა რეცესიების მიმოხილვა გვაჩვენებს ბევრი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სტიმულირებისა და დახმარების პაკეტების მნიშვნელობას. ამგვარი სტიმულირება საჭიროა ეკონომიკური ძრავების ხელახლა ასამუშავებლად. თუმცა, თუკი სტიმულირების პაკეტები დიდი სიფრთხილით არ იქნა შემუშავებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალაქები შეიძლება აღმოჩნდნენ მძიმე რეალობის წინაშე კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კუთხით.  წიაღისეულ საწვავებზე დამოკიდებული სექტორების გასაჭირიდან დახსნა მოკლევადიან პერსპექტივაში გადაარჩენს სამუშაო ადგილებს, სამაგიეროდ კი ათეული წლებით მიაბამს ქალაქებსა და რეგიონებს ამ სექტორებზე.

propertygeorgia.ge

აღნიშნულ სიტუაციას დამატებით ართულებს ნავთობის ფასის დაცემა, რაც ნავთობს ენერგიის განახლებად წყაროებზე კონკურენტუნარიანს ხდის. ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზომები არ გადაფარავენ ენერგიის განახლებად წყაროებზე გადასვლის გრძელვადიან ურბანულ პოლიტიკას. საჭიროა დაბალანსებული მიდგომის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიანი გადაწყვეტილებების პოვნას, ისე ქალაქებისთვის მდგრადი გრძელვადიანი შედეგის შენარჩუნებას.

აუცილებელია ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ხაზგასმით გამეორება იმის გათვალისწინებით, რომ გაურკვეველ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღება ხშირად ხდება ბუნკერებში, კონსულტაციისა და დარგთაშორისი მოლაპარაკებების გარეშე. ამჟამად არსებობს პარიზის ხელშეკრულების მსგავსი გლობალური შეთანხმებებიდან გადახვევის რისკი, რასაც მძიმე გრძელვადიანი შედეგები მოყვება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ემისიათა 78% ქალაქებზე მოდის. ეპიდემიის შემდგომი რეცესიის პირობებში, მოქმედ ხელშეკრულებათა პირობების ეფექტურად შესრულების გარეშე მოხდება ემისიების გაზრდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კრიზისის საპასუხოდ მიღებულმა საგანგებო ეკონომიკურმა ზომებმა შეიძლება მომენტალურად არ შეუქმნან პრობლემები მდგრადობაზე მიმართულ პროგრამებს, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ მათი ეფექტის მიმართ ეპიდემიის შემდგომ პერიოდში. არსებობს ამისი პრეცედენტი: 2008 წლის რეცესიის შემდეგ, ემისიები 6.1%-ით გაიზარდა. ახლაც შეიძლება იგივე მოხდეს, და ამას ხელს შეუწყობს ყველა იმ სამშენებლო პროცესის განახლება, რომელიც მსოფლიოში ამჟამად შეჩერებულია.

propertygeorgia.ge

ეს ამაღელვებელი პროგნოზია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერაფერს მოვუხერხებთ კრიზისის რეჟიმში განხორციელებულ მოკლევადიან პოლიტიკას, ჩვენ კოლექტიურად უნდა ავამაღლოთ ამ საკითხის შესახებ ცნობიერება დიზაინის სფეროში.  გლობალური ემისიების 39% მოდის შენობებსა და მშენებლობაზე. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია გარკვეული ბერკეტები. მომავალში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად უნდა წავახალისოთ ის დიზაინები, რომლებიც აკმაყოფილებენ მდგრადობის კრიტერიუმებს, რათა გავანეიტრალოთ ემისიათა მოსალოდნელი ზრდის ეფექტი.  

არქიტექტურაზე ხშირად ამბობენ, რომ ის აყალიბებს თემებს, ქალაქებს და ქვეყნებს. არქიტექტორებს უყვართ თავისი შემოქმედების წარმოჩენა და თავისი სპეციალობის შექება იმ მრავალმხრივობისთვის, რომლითაც ის რთულ პრობლემებს უდგება. ახლა ის დროა, რომ ჩვენმა სფერომ ყოველივე ზემოთ ნათქვამი დაამტკიცოს. ეპიდემიის შემდგომ პერიოდში ემისიების შემცირების კუთხით ინიციატივის გამოჩენით არქიტექტურა სხვა სფეროებსაც უბიძგებს მდგრადი პრაქტიკის გამოყენებისკენ. კორონავირუსის ისტორიის დასრულების შემდეგ დადგება ლიდერობისა და შთაგონების დრო. სწორედ ამ დროს უნდა მიმართოს არქიტექტურამ განსაკუთრებული ძალისხმევა სოციალური და ეკოლოგიური ქსოვილის აღდგენისკენ.

 

წყარო: www.archdaily.com

ავტორი: Zaheer Allam

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: