კერძო სექტორი უსაფრთხო მშენებლობისთვის - თბილისში პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების ინვესტორთა საბჭო შეიქმნა | Property Georgia

კერძო სექტორი უსაფრთხო მშენებლობისთვის - თბილისში პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების ინვესტორთა საბჭო შეიქმნა

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეჭვქვეშ დააყენა  დედაქალაქის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სტანდარტი. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოება დაინტერესდა თემით, რამდენად საშიშია ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში ცხოვრება და ვინ არის პასუხისმგებელი ობიექტის უსაფრთხოებაზე.

არაოფიციალური მონაცემებით, თბილისში 600-მდე მრავალბინიანი სახლია, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით მერიას ექსპლუატაციაში არ მიუღია, თუმცა იქ მოსახლეობა ისევე ცხოვრობს, როგორც სხვა შენობებში. დაცულია თუ არა ამ ადამიანების სიცოცხლე და ვინ აგებს პასუხს მათ უსაფრთხოებაზე - მენაშენე, დედაქალაქის მერია თუ სხვა რომელიმე ორგანო?! კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს!

არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის დასრულებული შენობების ექსპლუატაციაში არ მიღების მიზეზებს და მოსთხოვს მენაშენეებს, ხარვეზების გამოსწორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იზრუნებს ამ შენობებიდან მოსახლეობის გაყვანაზე. მისი თქმით, დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა არაეფექტურია.

„როდესაც დროულად არ ბარდება ობიექტი და ჩაბარების პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს, იქ შესახლებული ხალხი თვითნებურად იწყებს ფართების გადაკეთება-გადმოკეთებას, მათ შორის, ფანჯრების, კარების და ა.შ.  ჭირს მერე ამ ობიექტის მიღება. არადა ხალხს ფული აქვს გადახდილი. მენაშენეც დაინტერესებულია, რაც შეიძლება ჩქარა დააკმაყოფილოს მომხმარებლები. წინააღმდეგ შემთხვევაში  მას დაეკისრება ვალდებულებები. ამის გამო მერიაც და ზედამხედველობაც თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ იქ ხალხი ცხოვრობს და ობიექტი ექსპლუატაციაში არ არის. წესით არ უნდა მიეწოდებოდეთ არც დენი, არც წყალი და არც გაზი. ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში არ შეიძლება ცხოვრება! თითოეული ეს ელემენტი უნდა გაისინჯოს, მიღების პროცესში შემოწმდეს. შედგეს აქტები სხვადასხვა სამსახურების მიერ და მხოლოდ ამის მერე შეიძლება ექსპლუატაციაში მიღება. ვერაფერს ხდება ხელისუფლება, რატომღაც. თბილისში ასეთი ობიექტი 500-600 ერთეულამდეა. ეს ყველა მრავალბინიანი სახლებია.“ - აცხადებს ნიკოლოზ აბაშიძე.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მათი მოვალეობა მშენებლობის ნებართვის გაცემით და შესრულებული სამუშაოს სანებართვო პროექტთან შედარებით შემოიფარგლება. დაზუსტებით არც ის იციან, რამდენი შენობა აქვთ ექსპლუატაციაში მისაღები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, გიორგი ბაგრატიონის განმარტებით, დაწყებულია შენობა-ნაგებობების პასპორტიზაციის პროცესი, რის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, რამდენი შენობაა ჩაბარებული და რამდენი ჩასაბარებელი.

„არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას. თუ მოხდა პროექტის გადახვევა და დარღვევა, ჩვენი სამსახურის მიერ გაიცემა მითითება, გამოსწორდება ხარვეზები და მოხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება. ძალიან მარტივი პროცესია. რაც შეეხება გაზი, წყალი, დენი, ჩვენ მათ შემოწმებას არ ვახორციელებთ. მათ ჰყავთ თავიანთი ზედამხედველი, რის საფუძველზეც უნდა განახორციელონ სამუშაობი. ჩვენ ამას არ ვამოწმებთ.“ - აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

რაკი მშენებლობის საერთო ხარისხს ერთი რომელიმე ორგანო არ აკონტროლებს, მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინვესტორი და მენაშენე არიან. როგორც კომპანია „არსის“ დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანიებს რამდენიმე უწყებასთან უწევთ ანგარიშის ჩაბარება.

„მაგალითად, ლიფტების გამართულობას იბარებს არა მერია, არამედ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. როდესაც სახლის მშენებლობა სრულდება, ცალკე ვაბარებთ ჩატარებულ სამუშაოს მერიას, ცალკე ლიფტების სამსახურს, რაც შეეხება დაქსელვას, აქაც ცალ-ცალკე ვაბარებთ „ყაზტრანსგაზს“, „თელასსა“ და GWP-ს. მაგალითად გაზგაყვანილობის შემთხვევაში, არჩევანი გვაქვს. შეგვიძლია, მივმართოთ ლიცენზირებულ კომპანიას და მათ დავუკვეთოთ სამუშაოები, მაგრამ ჩაბარებით „ყაზტრანსგაზმა“ უნდა ჩაიბაროს. დასაწყისში გვქონდა შემთხვევა, როცა სხვას დავუკვეთეთ სამუშაოები, მაგრამ „ყაზტრანსგაზის“ ექსპლუატაციის სამსახურმა არ მიიღო ექსპლუატაციაში, ჰქონდა შენიშვნები. სანამ ისევ თავიანთივე განყოფილებამ ეს შენიშვნები არ გამოასწორა, მანამდე გაზი არ ჩართეს. მსხვილი დეველოპერები თავს იცავენ რაიმე შარში რომ არ გაეხვიონ და უკვეთავენ როგორც დაპროექტებას, ისე შესრულებას ყაზტრანსგაზს.“  -აცხადებს თორნიკე აბულაძე.

რადგან მოსახლეობის უსაფრთხოება ინვესტორისა თუ მენაშენის კეთილსინდისიერებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო სამსახურის მიერ შედგენილ რეგულაციებზე, უძრავი ქონების ჰაბში „ფროფერთი ჯორჯია“, პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების ინვესტორთა საბჭო შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელს, ლიკა ქარდავას მიაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხოება ყოველთვის უპირატესია და ეს ყველა მომსახურე კომპანიას უნდა ქონდეს გაცნობიერებული.

სამწუხაროდ ხდება უბედური შემთხვევები, რომლისგანაც არავინაა დაზღვეული, თუმცა უყურადღებობას და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სავალალო შედეგამდე მივყავართ. შენობა-ნაგებობების და მასში მყოფი ადამიანების უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა საკმაოდ კრიტიკული საკითხია და ყველა პასუხისმგებლიანი კომპანიის მოვალეობაა ამ სტანდარტის აღსრულება და მონიტორინგი. შენობების დაპროექტებისას და მშენებლობისას, არქიტექტორების და ინჟინრების უპირატესი ამოცანა უნდა იყოს ცეცხლის ან მავნე აირების გაჟონვის და გავრცელების დროული პრევენცია და მეორეს მხრივ, ევაკუაციის სისტემა ისე უნდა იყოს გათვლილი , რომ ადამიანებმა დროულად და უსაფრთხოდ შეძლონ შენობის დატოვება.“ - აცხადებს ლიკა ქარდავა, „ფროფერთიჯორჯიასდამფუძნებელი.

საბჭოს მთავარი საზრუნავი გარემოზე ზრუნვის და კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივების  გზით მშენებლობის და უძრავი ქონების  სფეროში პასუხისმგებლიანი ინვესტიციების წახალისება იქნება.

სწორედ მსგავს აქტუალურ თემებზე სამუშაოდფროფერთი ჯორჯიამჩამოაყალიბა პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების ინვესტორთა საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაც იქნება უახლესი, საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერული სტანდარტების გაცნობა და უცხოური კომპანიების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.“ - აცხადებს კომპანიის დირექტორი, ქეთი ტაბატაძე.

ვიდრე თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას სამართლებრივი შეფასება მიეცემა, დედაქალაქის მოსახლეობას კვლავ გაურკვევლობაში მოუწევს ცხოვრება. მათ კი ვინც ახლა გეგმავს უძრავი ქონების შეძენას, სახლის პროექტთან ერთად მენაშენის კეთილსინდისიერების შესწავლაც მოუწევს, რადგან დღეისათვის სამშენებლო უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი კერძო სექტორია.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: