უძრავი ქონების სფერო სამუდამოდ იცვლება | Property Georgia

უძრავი ქონების სფერო სამუდამოდ იცვლება

სულ რაღაც რვა კვირის პერიოდში, COVID-19-ის ეპიდემიამ მსოფლიოს თითქმის ყველა სფერო გარდაქმნა. თუმცა, ეს ალბათ არსად ისე სწრაფად არ მომხდარა, როგორც უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორებში. ადამიანებმა ხელახლა შეიგრძნეს „სახლის“ მნიშვნელობა: ეს არის მათთვის უსაფრთხო გარემო, სასწავლებელი, სამუშაო ადგილი და ერთგვარი ფსიქოლოგიური „პეტრის ფინჯანი“. პოსტპანდემიურ სამყაროში ჩვენი საცხოვრებელი სივრცეები და მათთან დაკავშირებული ჩვენი მოთხოვნები უკვე შეცვლილი იქნება.

უძრავი ქონების დეველოპმენტს არქიტექტურასთან ტრადიციულად უთანასწორო ურთიერთობა აქვს, ვინაიდან არქიტექტორები შორსმჭვრეტ პირებად და იდეების ქარხნებად მოგვევლინებიან. თუმცა, ყველაზე ტრანსფორმაციული ინოვაციების უკან ხშირ შემთხვევაში სწორედ დეველოპერები დგანან. როდესაც არქიტექტორი უკვე თავის მომდევნო პროექტზეა გადასული, დეველოპერს კიდევ დიდ ხანს უწევს კლიენტის წინაშე პასუხის აგება, უკუკავშირისა და პრეტენზიების განხილვა, სიახლეების შემუშავება და პრობლემების გადაჭრა.

პანდემიის საპასუხოდ, მსოფლიოს უმსხვილეს დეველოპერებს სწრაფად უწევთ განაშენიანებულ გარემოსთან დაკავშირებით თავისი ხედვების შეცვლა. მიმდინარეობს უკვე დაწყებული პროექტების დიზაინის გარდაქმნა, სართულების განლაგების ხელახლა დაგეგმვა, მოსაწევი ოთახებისა და ლაუნჯების გეგმიდან ამოღება.

უძრავი ქონების ხელახლა წარმოსახვა გავლენას იქონიებს მშენებლობის პროცესზე, გამოყენებულ მასალებზე, კერძო და საჯარო სივრცეებში ხალხის ურთიერთობაზე, ისევე როგორც თვითონ „სივრცის“ კონცეფციის აღქმაზე. თუმცა, ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე არავინ საუბრობს.

propertygeorgia.ge

უძრავი ქონების სფეროში სივრცის ინოვაციური გამოყენება ყველაზე უკეთესად მაიამიში ესმით. ბოლო ათი წლის მანძილზე სამხრეთ ფლორიდელმა დეველოპერებმა უძრავი ქონების ბაზარზე ისეთი პიონერული პროექტები წარადგინეს, როგორიცაა ავტომობილების ლიფტი მრავალსართულიან კორპუსში (Porsche Design Tower), მფრინავი ავტომობილების პორტი (Paramount Miami Worldcenter), კერძო სპორტული მოედანი (ასევე Paramount Miami Worldcenter), არომათერაპიული და ცირკადული რიტმის განათება (Muse Residences), დახურული ყინულის არენა (Estates At Acqualina) და კერძო ვერტოდრომები (1000 Museum). ამ ყველაფრის შედეგად, მსოფლიოს წამყვან არქიტექტურულ ფირმებს, ინჟინრებს, კონტრაქტორებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს უწევთ არსებული ჩარჩოების გაფართოება: რაც აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკას წარმოადგენდა, ახლა უკვე განაშენიანებულ გარემოში არსებული შესაძლებლობების კატეგორიაში გადადის.

propertygeorgia.ge

ზოგადად, 2008 წლის რეცესიის შემდგომი ათწლეულის მანძილზე უძრავი ქონების დეველოპმენტი „ტრამპისებურად“ შეიძლება დახასიათდეს: უფრო დიდი, უფრო ფართო, უფრო თვალში საცემი, უფრო მეტი. პროგრამულად იგი ეყრდნობა რამდენიმე ძირითად იდეას. ესენია: ღია და ინტერაქტიული სივრცეების მეშვეობით თემების ჩამოყალიბება, ჯგუფური აქტივობების (მაგალითად, კულინარიის გაკვეთილებისა და კიკბოქსინგის ვარჯიშების) სახით კოლექტიური გამოცდილებების შექმნა და შენობების აღჭურვა დიგიტალური ინოვაციებით (მაგალითად, ინტერაქტიული სენსორული ეკრანებით), რომლებიც ფიზიკურად და მენტალურად განტვირთავენ ობიექტებს.

პანდემიის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, ამ კონცეფციათა დიდი ნაწილი უკვე დაძველებულად და უპასუხისმგებლოდ მოგვევლინება. უძრავი ქონების სფეროში ისახება ახალი მოდური ტერმინები. როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებს აინტერესებთ ისეთი ასპექტები, როგორიცაა განმარტოება, ვირტუალურობა და დისტანცია.

როგორი იქნება უძრავი ქონების დეველოპმენტი პანდემიის შემდეგ?

propertygeorgia.ge

propertygeorgia.ge

მაიამიში ახლახანს დასრულებული Paramount Worldcenter წარმოადგენს აშშ-ში სიდიდით მეორე კომპლექსურ დეველოპმენტს (მანჰეტენის Hudson Yards-ის შემდეგ), ისევე როგორც მსოფლიოს ყველაზე კეთილმოწყობილ შენობას. ეს არ არის მარკეტინგული ჰიპერბოლა.

12 ჰექტარის ფართობზე გადაჭიმული პროექტი მოიცავს 210 მ სიმაღლის თაუერებს, სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანს, კალათბურთის დარბაზს, ჩოგბურთის კორტებს, გოლფის სიმულატორს, კონსერვატორიას, მუსიკალურ სტუდიას, სარბენ ბილიკს, ძაღლების გასასეირნებელ ტერიტორიას, იოგის სტუდიას, ორ სათამაშო ოთახს, ხუთ აუზს, მფრინავი მანქანების პორტსა და პრემიუმ კლასის 500-ზე მეტ რეზიდენციას კერძო ლიფტებითა და ფოიებით. 

propertygeorgia.ge

Paramount Miami-ის დეველოპერმა დანიელ კოდსიმ პროექტის ტერიტორია 2016 წელს შეიძინა. ის, რომ მისი შენობა არსებული შესაძლებლობების ფარგლებს გასცდებოდა, თავიდანვე მის ჩანაფიქრს წარმოადგენდა. მაიამიში იმ დროს პრემიუმ კლასის მრავალსართულიანი სახლების ბაზრის ბუმი იყო. ლათინური ამერიკის ქვეყნების, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს რეცესიის შემდგომ პერიოდში რაც შეიძლება უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი, სტაბილური, გამოცდილებაზე დაყრდნობილი ცხოვრების წესში სურდათ თავისი ფულის დაბანადება. კოდსი მყიდველებს ამ ორივე კომპონენტს სთავაზობდა. მან დააწესა ახალი სტანდარტი, რომელსაც ის „ცხოვრების წესზე უკუგებას“ უწოდებს. რეცესიის პერიოდის ბოლოს უძრავი ქონების ყველა კატეგორია უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. კოდსის გათვლით, რელევანტურობის შენარჩუნება და დროული რეაგირება მის შენობებს ხმაურისგან გამორჩევის საშუალებას მისცემდა. ეს ამოსავალი პუნქტი დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია.

„კორონავირუსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ყოველივე იმას, რასაც აქამდე ვახორციელებდით ყველა ჩვენს პროექტში“, ამბობს დანიელ კოდსი. „ჩვენ აქამდეც მოწინავე პოზიციები გვეკავა ტექნოლოგიური კუთხით და იმ პირობების უზრუნველყოფით, რომლებიც ჩვენს მაცხოვრებლებს ობიექტის ტერიტორიიდან გაუსვლელად სრულ კომფორტს უქმნიან. თუმცა, მე როგორც დეველოპერი მუდმივად ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მოვარგო ჩვენი პროექტები კლიენტის აქტუალურ საჭიროებებზე, როგორი ფორმა და ფუნქცია მივანიჭო ჩვენს არქიტექტურას, რა სახის მომსახურებები შევთავაზო ჩვენს მაცხოვრებლებს, ან თუნდაც ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ჩვენი შენობების დასუფთავება და სუფთა ჰაერისა და წყლის მიწოდება“.

კოდსი ოპერირებს მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზარზე, სადაც მის გარდა მხოლოდ რამდენიმე ამერიკელ დეველოპერს აქვს მოქმედების შესაძლებლობა. რელევანტურობის შენარჩუნება და დროული რეაგირება ძვირი სიამოვნებაა - ამისთვის საჭიროა თითოეულ პროექტზე დიზაინერებისა და სამშენებლო პერსონალის სრული დატვირთვით მუშაობა, ისევე როგორც არაერთი შიდასაფირმო არქიტექტორის ყოლა, რათა მათ ყოველ დღე ახალი იდეები რეალობად აქციონ. უძრავი ქონების ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნების ეს უწყვეტი პროცესი განსაკუთრებით პანდემიის არსებულ პირობებში გლობალური დიზაინის ახალ პარადიგმებს ქმნის, რომელსაც შემდგომ სხვებიც მიჰყვებიან. ეს არის „გაჟონვის ეფექტი“ უძრავი ქონების სფეროში.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის კონცეფციები, რომლებიც ჩვენ Paramount Worldcenter-ში განვახორციელეთ, ჩვენი შიდა გუნდის მიერ ჩვენს კლიენტთა საჭიროებებისა და სურვილების გააზრების შედეგი იყო,“ აღნიშნავს კოდსი. „ამასთანავე ჩვენ არაერთი გამბედავი ნაბიჯი გადავდგით იმ სიურპრიზების სახით, რომლებიც ჩვენს კლიენტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენ მათ მომავალში უფრო ფართოდ გამოვიყენებთ ჩვენს პროექტებში მას შემდეგ, რაც ხარჯები შემცირდება. ჩვენი არქიტექტორების, ინტერიერის დიზაინერებისა და კონცეფციური დიზაინერების შიდა გუნდი ჩვენს ხედვებს რეალობად აქცევს და არსებული შესაძლებლობების ფარგლებს მუდმივად აფართოებს“.

კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კვლავ გამოსცადა დანიელ კოდსის პროექტების გრძელვადიანი მდგრადობა. ამ მხრივ კოდსი მარტო არ არის. ყველა იმ დეველოპერს, რომელსაც მე წინამდებარე სტატიის მომზადებისას ვესაუბრე, ამ პერიოდში უფრო მეტის შეცვლა და გადახედვა მოუწია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს თავის კარიერაში. რიელტორებმა და არქიტექტორებმა ყურადღებით უნდა იფიქრონ თავის სამომავლო ნაბიჯებზე, რათა არ ჩამორჩნენ მიმდინარე მოვლენებს.  

propertygeorgia.ge

თითქმის ყველა დეველოპერი ერთსულოვნად საუბრობს იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა კლიენტების მთავარ პრიორიტეტად იქცევა. დეველოპერები, რომლებიც დანიელ კოდსის მსგავსად უკვე წლებია ყურადღებას უთმობენ ამ ფაქტორს, ავტომატურად იკავებენ მოწინავე პოზიციებს.

„ჰაერის გაწმენდა, დასუფთავების პროტოკოლი, არომათერაპია, განათება და წყლის გაფილტვრა უკვე საკმაო ხანია ჩვენი ბრენდის სტანდარტებს წარმოადგენს და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით განვითარებას“, განმარტავს კოდსი. „ჩვენი სასტუმროებისა და რეზიდენციების უახლესი ბრენდი არის Legacy, რომლის ყველა ობიექტიც ჯანმრთელობის ცენტრს მოიცავს. აქ ხდება ველნესის, თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მედიცინის შერწყმა. კომპანიების მმართველ პირებთან ერთად აქ იცხოვრებენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავისი შედეგების გასაუმჯობესებლად ჩამოსული სპორტსმენებიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ კორონავირუსის მსგავსი პანდემიის დროს ეს ობიექტი არ დაიხურება, ვინაიდან ის „აუცილებელი“ იქნება საზოგადოებისთვის. ჯანმრთელობა ადამიანის მთავარი სიმდიდრეა“.

propertygeorgia.ge

უკონტაქტო ტექნოლოგიები დეველოპერთა პრიორიტეტების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ეს განსაკუთრებით ეხება შერეულ ზედაპირებთან კონტაქტის თავიდან აცილებას.

„ჩვენს მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი უკვე სენსორულია“, ამბობს კოდსი. „თუმცა, ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით განვითარებას და ვგეგმავთ ისეთი ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენებას, როგორიცაა ხმის ამოცნობა და ოპტიკური ამოცნობა. თითის ანაბეჭდის ამომცნობი ტექნოლოგიებიც კი მალე ამოიღება ხმარებიდან.

propertygeorgia.ge

როდესაც ყველა ადამიანი ერთი და იგივე მოწყობილობას ეხება, ეს მათთვის უკვე საფრთხეს ქმნის. მომავალში ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საერთოდ არ იქნება საჭირო შენობაში რამეზე ხელის მოკიდება. ჩვენი პერსონალიც აღარ შეეხება მაცხოვრებელთა ნივთებს უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვის გარეშე. უკონტაქტო ტექნოლოგიები აუცილებლად ახალი ნორმალობის ნაწილი გახდება“.

რასაკვირველია, დანიელ კოდსი არ არის მაიამის ერთადერთი გავლენიანი დეველოპერი, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში შეეცდება უძრავი ქონების სფეროს გარდაქმნას. ედგარო დეფორტუნა 1980-იან წლებში არგენტინიდან გადავიდა მაიამიში საცხოვრებლად. მისივე თქმით, მას „ძალზედ გაუმართლა“.

„მე სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდი“, იხსენებს დეფორტუნა. „მაიამის ბაზარმა სწორედ მაშინ დაიწყო მანჰეტენისთვის საერთაშორისო დონეზე კონკურენციის გაწევა. თავიდან მე მხოლოდ ერთ ობიექტს ვმართავდი. ეს ერთი ობიექტი მალე ათში, მოგვიანებით კი ორმოცდაათში გადაიზარდა. მე 1986 წელს მოვიპოვე უძრავი ქონების ლიცენზია, დანარჩენი კი ისტორიაა“. 

დეფორტუნას კომპანია Fortune International Group დღეს წარმოადგენს სამხრეთ ფლორიდის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ემსახურება ექსკლუზიურ კლიენტებს ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. სამხრეთ ამერიკის ელიტარული ოჯახები კომპანიისგან მილიარდობით დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ყიდულობენ ქალაქის სანაპირო ზოლში, მათ შორის მაიამი ბიჩის ჩრდილოეთით ახლახანს დასრულებულ Ritz Carlton Residences Sunny Isles-ში.

propertygeorgia.ge

დეფორტუნა აღიარებს, რომ კორონავირუსი შემდეგი 3-12 თვის მანძილზე კლიენტთა მოთხოვნებს შეცვლის. თუმცა, მისი თქმით დეველოპერები ასევე უნდა უფრთხილდნენ ზედმეტ კორექტირებას. მოსაწევი ლაუნჯების იოგის ოთახებად გადაკეთება დღეს შეიძლება მიზანშეწონილად მოგვევლინოს, მაგრამ რა იქნება ხუთი წლის შემდეგ? რამდენად გარდაიქმნება კვლავ მოთხოვნები მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდება კორონავირუსის ვაქცინა?

„ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ მიმდინარე ტენდენციებს და ყოველთვის ვიცით, რა უნდათ ჩვენს კლიენტებს“, განმარტავს დეფორტუნა. „თუმცა, ჩვენ როგორც დეველოპერები კურსის მკვეთრად შეცვლასაც უნდა ვუფრთხილდეთ. ცხადია, ზოგიერთი ტენდენცია გარდაუვალია, და ეს არა მხოლოდ კორონავირუსის გამო. შენობებში მეტი ტექნოლოგიების დანრეგვისა და დისტანციური ცხოვრების ოპტიმიზაციის კვალობაზე ჩვენ მომავალში ვიხილავთ სახლის ოფისების რაოდენობის ზრდას. ჩვენ ასევე ვიხილავთ მეტ უკონტაქტო ინტერფეისს, რის შედეგადაც მაცხოვრებელს აღარასდროს დაჭირდება კარის სახელურზე ხელის მოკიდება ან ლიფტში ღილაკის დაჭერა. დიზაინის კუთხით მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პროექტებში ხშირად ვიხილავთ საცხოვრებელი ოთახის სტილის ტერასებსა და კერძო ლიფტებს. საერთო სივრცეები შემცირდება და მაცხოვრებლები მეტ წვდომას მოითხოვენ სუფთა ჰაერზე. პოსტპანდემიურ პერიოდში ვერაფერს გამოვრიცხავთ“.

propertygeorgia.ge

ის, რაც ამჟამად უძრავი ქონების სფეროში ხდება, საოცრად დარვინული ხასიათისაა და დიდი რეცესიის დროსაც კი არ გვინახავს. კრიზისი გვიხმობს ადაპტაციისკენ. ბიზნესების ნაწილი მას ეხმაურება, ნაწილი კი არა. ის დეველოპერები, რომლებიც სწრაფად ახდენენ რეაგირებას, პოსტკორონულ პერიოდში განსაზღვრავენ ჩვენს ახალ გარემოს.

„უძრავი ქონების დეველოპმენტი არის ევოლუციური ბიზნესი“, ამბობს ნიუ იორკული Continuum Company-ის დამფუძნებელი ბრუს აიხნერი. „უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სამყაროში ძირითადად ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებიც რეპლიკაციით აკეთებენ ფულს. ისინი ხედავენ, დღეს რა არის მომგებიანი, შემდეგ კი იღებენ და იმეორებენ მას. მე ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის ეს სამყარო და სად არის აქ ჩემი ადგილი. ასე ვგეგმავ ჩემს სამომავლო ნაბიჯებს ამ სფეროში“.

აიხნერთან საუბრისას მომენტალურად ხვდები, რომ მას არ ახასიათებს სამხრეთ ფლორიდული ყოყოჩობა და ფულით ტრაბახი. მისივე თქმით ის „აღარ არის იმ ასაკში“. აიხნერის დეველოპერული კარიერა 1980-იან და 90-იან წლებში აშენდა, როდესაც მან ბრუკლინსა და ლონგ აილენდში არაერთი ამბიციური პროექტი განახორციელა. შესაბამისად, ის პოლიტიკასა და შრომის ბაზარს ბევრად უკეთესად მართავს, ვიდრე „ფერარის“.

არაერთი სიახლის შემოღებაში აიხნერის დამსახურება საერთოდ არ არის აღიარებული. მისი თქმით, დამსახურების აღიარება ადამიანს სამიზნედ ხდის, რასაც ის მაქსიმალურად ერიდება. თუმცა, დეველოპერთა ექსკლუზიურ წრეებში აიხნერს ჩინებული რეპუტაცია გააჩნია იმ სიახლეებისთვის, რომლებიც მან უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში დანერგა და რომლებიც დღეს უკვე ინდუსტრიის სტანდარტს წარმოადგენენ.

propertygeorgia.ge

1980-იან და 90-იან წლებში აიხნერი ერთ-ერთი პირველი დეველოპერი იყო, რომელიც თავის შენობებში მცირე ერთეულებს ქვედა სართულებზე ათავსებდა, ხოლო უფრო მსხვილ ერთეულებს (მაგ. სამსართულიან პენტჰაუსებს) ზედა სართულებზე. თავისი კონტრაქტორებისგან ის პირველ რიგში ლობის მოწყობას ითხოვდა, სანამ შენობის თავზე ჯერ კიდევ ფოლადის ჩარჩო მოჩანდა: ამგვარად მას უკვე ადრეულ სტადიაზე შეეძლო პოტენციურ კლიენტებზე დადებითი პირველი შთაბეჭდილების დატოვება და მათი გადაბირება. ნიუ იორკში ის სანიმუშო აპარტამენტებს ბოლო სართულებზე აშენებდა, რათა საუკეთესო პანორამული ხედების მარკეტინგული უპირატესობებით მაქსიმალურად ესარგებლა.

ნიუ იორკის შემდეგ აიხნერმა თავისი ყურადღება ლას ვეგასზე გადაიტანა. აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ დესტინაციას ძალზედ ესაჭიროებოდა თავისი პირველი ოთხვარსკვლავიანი მრავალსართულიანი სასტუმრო, რომელიც არ წარმოადგენდა თემატურ, ჰორიზონტალურ სიმახინჯეს. ასე შეიქმნა „კოსმოპოლიტანი“ - ლას ვეგასში მინასა და ფოლადში შეფუთული პირველი შენობა, სადაც ყველა ნომერს საკუთარი აივანი გააჩნდა. სტივენ ვინსა და კაზინოების სხვა დეველოპერებს მიაჩნდათ, რომ აიხნერი გაგიჟდა.

„ლას ვეგასში ყველა მეუბნებოდა, რომ იქ არ შეიძლებოდა აივნების მოწყობა. ხალხი აივნებიდან გადმოხტებოდა“, იხსენებს აიხნერი. „მე კი უკან არ დავიხიე. მე ნიუ იორკელი ვარ. ჩვენ გვიყვარს აივნები. ცხრა თვეში ჩვენ 1700 ერთეული გავყიდეთ“.

აიხნერი გრძნობს, რომ პანდემიის შემდეგ უძრავი ქონების დეველოპმენტის სფეროში კვლავ გამოჩნდება დიდი შესაძლებლობები. თუმცა, ის ამჟამად თავის გეგმებს არ ამხელს.

„მე ყოველ 5-7 წელიწადში ერთხელ თავში მომდის არასტანდარტული იდეა, რომელიც შემდეგ კონკრეტულ პროექტში გადაიზრდება. ამ 5-7 წლის მანძილზე მე ვეცნობი უძრავი ქონების ბაზარს, რათა ვიცოდე როგორ უნდა მოვერგო მას. ამ ვირუსმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი ცხოვრების წესის ყველა ასპექტი. ჩვენ მხოლოდ ჯერ არ ვიცით, თუ რა სახეს მიიღებს ეს ყველაფერი. პანდემიის ერთ-ერთი გარდაუვალი შედეგი ის იქნება, რომ უძრავი ქონება შეიცვლება. მე ჯერ არ ვიცი როგორ, თუმცა გამაჩნია ჩემი აზრები“.

propertygeorgia.ge

ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც ყველა დეველოპერი თანხმდება, არის სამშენებლო მასალების გადახედვა - როგორც სანიტარული კუთხით, ისე მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით. აშშ-ში სამშენებლო მასალების 30% ამჟამად ჩინეთიდან შემოდის.

„ფოროვანი და რთულად გასაწმენდი მასალების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება“, ამბობს Paramount Miami-ის შემქმნელი დანიელ კოდსი. „ზოგიერთი მასალა, რომელიც 5 წლის წინ ჯერ კიდევ მოდაში იყო, ახლა გათვალისწინებულიც კი არ იქნება ჩვენს პროექტებში. ჩვენს მთავარ პრიორიტეტს ახლა სანიტარული და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს, სადაც ადამიანები კომფორტულად იგრძნობენ თავს, ხოლო ჩვენი მომსახურების პერსონალი იოლად შეძლებს დასუფთავების სამუშაოების ჩატარებას. ფუფუნება უნდა ჩაჯდეს ახალ ნორმალობაში, ხოლო ჩვენ როგორც დეველოპერები ვალდებული ვართ გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ეს ახალი ნორმალობა. სამომავლოდ ჩვენ ასევე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ისეთ მასალებზე, რომლებიც აშშ-ში არ მზადდება“.

propertygeorgia.ge

უძრავი ქონების განვითარების ახალი პარადიგმის ჩამოყალიბებას კიდევ საკმაო ხანი დაჭირდება. ბაზრებზე დღესაც გაურკვეველი მდგომარეობაა და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს კორონავირუსთან ბრძოლა. ქვეყნის ბევრ რეგიონში უძრავი ქონება და მშნენებლობა „მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის“ კატეგორიად მიიჩნევა და მთლიანად შეჩერებულია. თუმცა, ახალი ნორმალობის რეალობა უკვე თითქმის ცხადია.

„მეგობრები და მეზობლები ყოველთვის შეიკრიბებიან ერთად. ხალხს სურს ერთმანეთთან კონტაქტი, და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს შენობებში ეს სულისკვეთება არასდროს დაიკარგება. ეს არის ჩვენი ობიექტების არსი“, ამბობს დანიელ კოდსი. „თუმცა, უახლოეს მომავალში ამ ურთიერთობების ფორმა შეიძლება შეიცვალოს. ხელების სადეზინფექციო საშუალება ყველა საჯარო სივრცეში ნორმად იქცევა. ობიექტებში აუცილებელი იქნება დასაჯდომ ადგილებს შორის მანძილის გაზრდა და ზოგადად ბუნებრივი ფიზიკური დისტანცირების ხელშეწყობა. ზოგიერთი ღონისძიება (მაგ. კულინარიისა და იოგის გაკვეთილები) შესაძლებელია უფრო ვირტუალური გახდეს. პანდემია დააჩქარებს ზოგიერთ მიმდინარე ტენდენციას. რაც მთავარია, ყველა ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება. ვირუსი ყველაფერს შეცვლის“.

წყარო: www.forbes.com

ავტორი: Peter Lane Taylor

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: