„ამბასადორ აილენდ ბათუმს” Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების მიმართულებით, წლის საუკეთესო პროექტის ჯილდო გადაეცა. ნომინაცია უძრავი ქონების იმ დეველოპერებს გამოარჩევს, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის ინფრასტრუქტურულ ზრდასა და ინოვაციურ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს.
გამარჯვების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალზე, პროექტის დაგეგმილ განვითარებაზე ისაუბრა „ამბასადორ აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძულის 26 ჰა მიწა უკვე შესულია ექსპლუატაციაში და სულ მალე ამ ტერიტორიაზე ორი ულტრათანამედროვე შენობისა და უპრეცედენტო მასშტაბის მქონე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
„მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ჩვენი გუნდის წევრები ვხედავთ საქართველოს განსხვავებულ რუკას, უსაზღვრო შესაძლებლობებსა და პირდაპირი მნიშვნელობით გაფართოებულ საზღვრებს” - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
Welcome to Georgia-მ წელს საიუბილეო, მე-10 დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. დაჯილდოება ტურიზმის ინდუსტრიის 30-ზე მეტ კატეგორიას აერთიანებდა, მათ შორის იყო უძრავი ქონების ის თვალსაჩინო პროექტები, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სექტორში ხორციელდება და ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ.